რას ნიშნავს ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია და გამოიწვევს თუ არა ეს ქვეყნის შიგნით უკმაყოფილებას? ამის პარალელურად პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღით ემუქრება და ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდება, მას გამოიყენებს.
ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება „ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის დასაცავად“ მიიღო. მობილიზაციის შესახებ განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
მისი განმარტებით, ომში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან და აქვთ სამხედროში მსახურების გამოცდილება. ომში გაიწვევენ 65 წლამდე მამაკაცებს, რომელთაც ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ. მობილიზაციისთვის საჭირო ღონისძიებები უკვე დაიწყება. ჯამში 300 000-მდე ადამაინის მობილიზება უნდა მოხდეს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით ანტირუსული და აგრესიული პოლიტიკით დასავლეთმა ყველა საზღვარი გადაკვეთა და ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი უნდა გაანადგურონ.
პუტინი დასავლეთს ემუქრება და ამბობს, რომ ვინც ბირთვული იარაღით რუსეთს ემუქრება, მათ შეახსენებს, რომ ისინიც ფლობენ განადგურების იარაღს, ნატოს ქვეყნებზე თანამედროვესაც კი.
„თავისი ანტირუსული, აგრესიული პოლიტიკით დასავლეთმა ყველა საზღვარი გადაკვეთა. დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი უნდა გაანადგურონ. ჩართეს ბირთვული შანტაჟიც, ზოგიერთი მაღალჩინოსანი საუბრობს ბირთვული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობასა თუ დაშვებაზე. ვინც საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ასევე ფლობს განადგურების იარაღს, რიგ შემთხვევაში ნატოს ქვეყნებზე თანამედროვესაც კი. ჩვენ უდავოდ გამოვიყენებთ ყველა არსებულ რესურსს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ეს არაა ბლეფი“, - თქვა პუტინმა.
მას შემდეგ, რაც პუტინის სატელევიზიო მიმართვა დაანონსდა, რუსები „გუგლში“ ეძებდნენ ქვეყნის დატოვების გზებს. გარკვეულწილად რუსეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციებიც კი დაანონსეს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ პუტინს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და უკრაინის მხრიდან დაწყებული კონტრშეტევების ფონზე ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემები აქვს. მას ახლა ორი არჩევანი აქვს, ან მოლაპარაკების გზით ომი დაასრულოს და თავი დამარცხებულად გამოაცხადოს, ან კიდევ ომი გააგრძელოს და კიდევ უფრო შორს შეტოპოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ქვეყანაში საპროტესტო ტალღას გამოიწვევს და ყველაზე მძიმე პროცესები ქვეყნის შიგნით განვითარდება.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რამ მიიყვანა პუტინი ამ გადაწყვეტილებამდე. ზაქრეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინი ახლა ფაქტობრივად პანიკაში იმყოფება, ის არ მოელოდა, რომ უკრაინა სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ასე წარმატებულად შეუტევდა. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, რომ უკრაინის არმიასთან მარცხდება და სასწრაფოდ მაშველი რგოლი სჭირდება.
„აშკარად ჩანს, რომ რუსები და თავად პუტინი სერიოზულ პანიკაში იმყოფება. პუტინი უზბეკეთში იყო და შეხვედრაზე ჩინეთისგან და ინდოეთისგან აშკარა ცივი დამოკიდებულება იგრძნო. ეს არ არის სახუმარო სახელმწიფოები, მითუ მეტეს როცა მთელი დასავლეთი შენს წინააღმდეეგ არის ამხედრებული. პუტინს პირდაპირ მიანიშნეს, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. ამიტომ პუტინს ახლა სურს ამ ომს ახალი სუნთქვა შთაბეროს, ეს ყველაფერი გადაფაროს და მობილიზაცია გამოაცხადოს. მას ამ ნაბიჯზე წასვლა არაფრით უნდოდა, მაგრამ რეალურად სხვა გზაც არა აქვს - თუ ომის დასრულება არ უნდა, მაშინ ჯარი უნდა შეავსოს. ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა პუტინი, რომ ამ მობილიზაციას გამოაცხადებდა. თავის მოქალაქეებშიც უკვე აღიარა რომ ეს არის წარუმატებელი ე.წ. სპეცოპერაცია და ტყუილი აღმოჩნდა ის პროპაგანდა, რითაც კრემლი საკუთარ მოქალაქეებს ატყუებდა. აქამდე რუსები ტახტის პატრიოტები იყვნენ, წამოწოლილები უჭერდნენ ომს მხარს. ახლა კი მათ ომში წასვლა და საზარბაზნე ხორცად გამოყენება მოუწევთ, დაიხოცონ არაფრის გამო - არანაირი იდეის გამო და სამშობლოს დაცვის მოტივით. იმის მაგივრად, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, ცდილობს ომში არარსებული რესურსი ჩართოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მსოფლიო პაუტინს, ჯერ ერთი, ამის გაკეთების საშუალებას არ მისცემს და თუ მაინც ჩაიდინა, თვითმკვლელობის მსგავსი საქციელი იქნება, მაშინ ის და თავად რუსეთიც ყველაზე მკაცრად იქნებიან დასჯილები.
„პუტინის მიზანია ახლა მსოფლიო დააშანტაჟოს. ის ცდილობს ევროპული ქვეყნის მთავრობები აიძულოს, რომ უკრაინაზე ზეწოლა მიიტანონ და რუსეთთან მოლაპარაკებებს დათანხმდნენ. ეს გათვლა აქვს პუტინს და ზამთარში ამისთვის კიდევ უფრო გააქტიურდება. ევროპელები ძალიან პრინციპულად მიჰყვებიან თავის პოზიციას, განსაკუთრებით ამერიკა. ვინაიდან მუქარა მაინც ევროპისკენ არის მიმართული, ის ელის, რომ ამ ქვეყნების ლიდერებსა თუ მოსახლეობაში დაღლა დაიწყება და შიში გაჩნდება. თუმცა ყველას კარგად ესმის, თუ უკრაინა დამარცხდა, შემდეგი ევროპა იქნება, ეს კარგად გააზრებული აქვთ - გაყინვისთვის, სიცივისთვისაც მზად არიან, რადგან იციან, რომ შემდეგი ისინი იქნებიან. ამ ბირთვულ იარაღს გასასროლად მხოლოდ პუტინის ნებართვა არ სჭირდება. ამისთვის მას თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული გენშტაბის ხელმძღვანელის თანხმობა სჭირდება. მაინც მგონია, რომ ამ სიგიჟის უფლებას მას რუსეთში არ მისცემენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტან მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინს უკრაინის არმია ძალიან სერიოზულად უტევს და ვნახეთ ხარკოვის ოლქში სიტუაცია რუსებისთვის როგორ დრამატულად განვითარდა. პუტინს აღარ აქვს იმის რესურსიც კი, რომ დაკავებული ტერიტორიების სრულად გაკონტროლება შეძლოს.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ახლა პუტინმა ჩათრევას ბოლომდე ჩაყოლა ამჯობინა და სავარაუდოდ, მთელი აღმოსავლეთ უკრაინის დასაკავებლად ემზადება. მისი თქმით, პუტინმა საზღვრები უკვე გადაკეტა, რომ ხალხი ქვეყნიდან არ გაიქცეს, მაგრამ ქვეყანაში კორუფციაა და არ არის გამორიცხული, საზღვრებიდან ხალხმა გაპარვა მოახერხოს.
„რა თქმა უნდა, ვცრელდება უკვე ხმები, რომ დახურულ შეხვედრაზე პუტინსა და გენერლებს შორის გარკვეული კამათიც კი მოხდა. „ფე-ეს-ბე“-ც ამის წინააღმდეგი იყო, რადგანაც მთელი ამ ხალხის გაკონტროლება, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ და მობილიზაცია უზრუნველყონ, ამ უწყებას ევალება.
პატრუშევსა და პუტინს შორის გარკვეული კამათიც კი მომხდარა, რომ ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება და არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა. პუტინმა ფაქტობრივად, არა ნაწილობრივი მობილიზაცია, არამედ სრული მობილიზაცია გამოაცხადა.
მანამდე პუტინმა რუსეთის არმია 135 000 კაცამდე გაზარდა. ამაში არ ითვლება ასევე კადიროვის ინიციატივა, სადაც ის ამბობს, რომ 85-მა პოლიტიკურმა რეგიონმა და ოლქმა უნდა გამოყოს 1000 მოხალისე. ფაქტობრივად, გამოდის, რომ პუტინმა 300 000 ადამიანის მერე დამატებით კიდევ ამდენი ადამიანის მობილიზება გამოაცხადა. აქ საუბარი სადღაც ნახევარ მილიონზე მეტზეა. უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 500 000 ადამიანის მობილიზებაა გამოცხადებული“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, ამხელა ძალის მობილიზება საკმაოდ რთულია, ამიტომაც იყო გენერალიტეტში და „ფე-ეს-ბე“-ს ხელმძღვანელობაშიც უკმაყოფილება. როგორც ჩანს, ეს მობილიზაცია დღეს არ დაწყებულა, პუტინი ამისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა.
„რაც შეეხება უკრაინელებს, რა თქმა უნდა, ამხელა ძალის მობილიზება თუ რუსებმა შეძლეს, საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, უკრაინამ საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა და ახლა ტოტალურ მობილიზებას დაიწყებს. შესაძლოა მოხუცების გაწვევაც კი მოუწიოს. თუმცა, ვიცით, რომ დასავლეთში მებრძოლების დიდი რაოდენობა არის გაგზავნილი და ახლა მთავარი ის იქნება, ამ მებრძოლები ბირთვმა უკან დაბრუნება მოასწროს“, - ამბობს მაისაია.
მაისაიაზე ლაპარაკი არ მინდა ადამინი "პროფესორია" და აშშ-ს აგენტი. აქ რაღაა საკითხავი, ყოფნა-არყოფნა?!
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი;
- საქართველოს ჰუმანიტარული-ტექნიკური ინსტიტუტი და
- სახელმწიფო მართვის მოხელეთა ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი.
რატომ ეკითხებით ამ სამხედრო საქმეში აბსოლუტურად უვიცსა და გაუნათლებელს რამეს?
ზაქარეიშვილზე საერთოდ საუბარიც ზედმეტია.
- დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984 წელს
- თბილისის სასულიერო აკადემია 1993 წელს.
რომელია აქედან ან ანალიტიკოსი, ან სამხედრო საქმის მცოდნე?
FOR.GE მოიძიეთ ვინმე, ვისაც ამ საქმეში რამე მოეკითხება და მას შეეკითხეთ.
შემიძლია გიკარნახოთ კიდეც - გურამ ნილოლაიშვილს შეეკითხეთ.
დამიჯერეთ, არ შეცდებით.
ბმული />
ბმული