მას შემდეგ, რაც პუტინმა მეტად უცნაური განცხადება გააკეთა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციით რუსეთს არაფერი დაუკარგავს, გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ამზადებს პუტინი საკუთარ მოსახლეობას დამარცხებისთვის?!
ცხადია, რუსი ლიდერებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანური მსხვერპლის გაღება, თუკი საქმე ეხება დიდ მიზანს, ანუ ე.წ რუსული მიწების შემოკრებას, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსებს უკრაინაში შეჭრით არაფერი დაუკარგავთ, იმ რუსი ჯარისკაცების შეურაცხყოფაა, რომლებიც უკრაინის სასაკლაოს შეეწირნენ.
„დარწმუნებული ვარ, არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება“, - მიიჩნევს პუტინი.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინი მუშაობს გამარჯვებისთვის, თუმცა რა მიაჩნია მას გამარჯვებად და რა წაგებად, ეს ცალკე თემაა.
„მე ვთვლი, როდესაც მართლმადიდებლურ ქვეყნებს ერთმანეთს ახოცინებენ, ეს იქნება უკრაინა, რუსეთი, თუ საქართველო, ეს უკვე ტრაგედიაა. ამაზე გლობალურად რომ იფიქროს პუტინმაც და უკრაინაც, უკეთესი იქნება. უნდა დაფიქრდნენ, ვიღაც სხვა ხომ არ პროვოცირებს ამ ყველაფერს, რომ მართლმადიდებლების რიცხვი რაც შეიძლება შემცირდეს, ჯერ საერთოდ, მოსახლეობის რიცხვი შემცირდეს დედამიწაზე და, მით უმეტეს, მართლმადიდებლების. ამაზე უნდა დაფიქრდეს მთლიანად მართლმადიდებლური სამყარო. ამის ანალიზი უნდა ხდებოდეს მართლმადიდებლურ ქვეყნებში, რაღაც ხომ არ მუშაობს ისეთი ჩვენს ზურგსუკან, რომელიც უზრუნველყოფს, რაც შეიძლება ნაკლები მართლმადიდებელი დარჩეს დედამიწაზე და მარტივად მოსარევები გახდნენ მართლმადიდებლები. დავაკვირდეთ, ვის შორისაა ომები, ვინ ხოცავს ერთმანეთს?“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე, რომლის აზრითაც, ამის გააზრება რომ არ ხდება პუტინის მხრიდან, სწორედ ამის გამო ზოგიერთებს ეჭვი უჩნდებათ, ხომ არ არის პუტინი ამერიკის აგენტი?
ამდენად, ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უნდა დაფიქრდეს არა მარტო პუტინი, არამედ უკრაინაში ჯანსაღი მორწმუნე ძალა. ამ შემთხვევაში, ნანა კაკაბაძე ზელენსკის არ გულისხმობს, რომელიც, მისი თქმით, მართლმადიდებელი არ არის. ნანა კაკაბაძის აზრით, უნდა გავერთიანდეთ მორწმუნე მართლმადიდებლები, დავუკავშირდეთ ერთმანეთს და ვიფიქროთ, როგორ გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ჩვენი მართლმადიდებლობა.
მისივე განმარტებით, ზოგადად, შეტევა მართლმადიდებლობაზე ლიბერალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო მკაფიო გახდა. ეს ლიბერალები ოპოზიციაში რომ იყვნენ, მაშინაც ებრძოდნენ ეკლესიას და შემდეგ მთელი თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ფაქტობრივად, ომი ჰქონდათ გამოცხადებული საპატრიარქოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. ის, რა კამპანიებიცაა აგორებული პატრიარქის და საპატრიარქოს წინააღმდეგ, ამ ხალხის მოწყობილია.
„ეს მოხდა ჩვენი ქვეყნის შიგნით, ხოლო ჩვენი ქვეყნის გარეთ, ის, რაც სერბეთს და კოსოვოს დამართეს, ესეც ნათელი პოლიტიკაა, რასაც ებრძვიან ეს ძალები. საინტერესოა, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, ეს არის დაპირისპირება ნატოსთან, თუ მართლმადიდებლობასთან?!“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინი ჩეკისტია, ეს კი ნიშნავს, რომ პუტინი სულ სხვა ჩამოსხმის, სხვა ფორმაციის ადამიანია, მისი სისხლი სხვანაირია, კგბ-ს აზროვნება განსხვავებულია. ამდენად, პუტინი ცოცხალი თავით არ მოეშვება უკრაინას.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ამერიკამ და ევროპამ ყურადღება გადაიტანეს საკუთარი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სოციალურ ხარჯებზე, პუტინი მხოლოდ ორ ქალაქზე ზრუნავდა - მოსკოვსა და პეტერბურგზე, თავდაცვის მინისტრ შოიგუს სამშობლოში გაზიც არ იყო შეყვანილი და უნიტაზი არ იციან, რა არის, ჩეჩმა აქვთ ეზოში. ამ დროს პუტინი ზრუნავდა შეიარაღებაზე. ეს მოძველებული ჭურვები პუტინს არ ადარდებს, რომელიც მიზანში ვერ ხვდება, პუტინი ხარკოვში ურტყამს, ხარკოვის ერთ ქუჩაზე თუ ვერ დაანგრევს სახლს, მეორე ქუჩაზე ხომ დაანგრევს?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, რუსებს ასეთი გამოთქმაც აქვთ, „ფასი ჩვენთვის არაფერია“, ასე რომ, პუტინი ნებისმიერ ფასს გადაიხდის. სულ რაღაც 7-8%-ია მოსკოვიდან და პეტერბურგიდან გაწვეულ წვევამდელთა რიცხვი, უკრაინაში ძირითადად იბრძვიან ჩრდილოეთ კავკასიიდან, დაღესტნიდან, რადგან ახალგაზრდებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ - დაღესტანში ახალგაზრდა კაცი ან მოჭიდავე უნდა გამოვიდეს, ან ჯარში გაიკეთოს კარიერა.