„ყველა დოკუმენტი საქართველოს საწინააღმდეგოდ არის შედგენილი“

„ყველა დოკუმენტი საქართველოს საწინააღმდეგოდ არის შედგენილი“

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი განახლდა. ბრალდებული მელაშვილი ამბობს, რომ მისთვის საერთოდ ბრალიც არ უნდა წაეყენებინათ, რადგან „ნორმალურად, მაგიდასთან შეიძლებოდა ეს საკითხი განეხილათ“. ახლა კი ამბობს, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, ისევე როგორც დარწმუნებულია კომისიის მუშაობაში, რომ ყველაფერი ნამდვილად მართლზომიერად იყო გაკეთებული.

სასამართლოს ჩვენება მისცა დავიგარეჯას წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ, რომელიც 2004 წლიდან დავითგარეჯას მონასტერში მოღვაწეობს და ლავრის წინამძღვარია. მამა ილარიონმა დეტალურად გაიხსენა 2004 წლიდან დღემდე დავითგარეჯას ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად 2005 წელს გამოჩნდნენ. როგორც მამა ილარიონმა აღნიშნა, თავდაპირველად მათ დაიკავეს ჩიჩხიტურის კოშკი, შემდეგ კი უდაბნოს მონასტერი.

როგორც არქიმანდიტრი აცხადებს, იყო მცირე ინციდენტი და ამის შემდეგ ქართველი მესაზღვრეები განლაგდნენ დავითგარეჯას ქედზე. მან ასევე ისაუბრა 2007 წელს ივერი მელაშვილთან შეხვედრაზე. არქიმანდიტრის განმარტებით, ამ წლების განმავლობაში ის მელაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და მან უთხრა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი ნაწილი ეკუთვნოდა აზერბაიჯანს.

გიორგი მანჯგალაძე მაშინ კომისიის თავმჯდომარე იყო, ჩემი ინიციატივა იყო შეხვედრა, თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო, მე დავუკავშირდი და ერთად დავათვალიერეთ. ჩემი მიზანი იყო მისთვის უდაბნოს მონასტერი მეჩვენებინა, დანარჩენი ჩემი სფერო არ იყო. ივერი მელაშვილი ამ საკითხზე მუშაობდა და შევხვედრივარ, კარგი შეხვედრა იყო, თუ არ ვცდები, 2-3-ჯერ შევხვდი, ერთხელ თბილისშიც. რაც მახსოვს, ბატონი ივერი გვეუბნებოდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი არის აზერბაიჯანის მხარეს, ასე ფიქსირდება რუკაზეო. უდაბნოს მონასტერზე არ გვისაუბრია, არ მინდა ტყუილი ვთქვა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

მან ასევე იმჟამინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან დავითგარეჯასთან დაკავშირებით შეფასებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ და ამ ნაწილში მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2007 წელს გაკეთებული საჯარო განცხადება გაიხსენა.

„ყველას შეუძლია ეს მოისმინოს, საჯაროა. მან თქვა, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანს დარჩეს და მონასტერი ჩვენო. ალბათ, არ იცოდა ამ კონკრეტული ადგილის გეოგრაფია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.

როგორც ცნობილია, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯასთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ამის მიუხედავად ბრალდებულები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმის, არიქიმანდრიტ ილარიონის განმარტებით, როცა მას შეხება ჰქონდა ბრალდებულ ივერი მელაშვილთან, მელაშვილმა განაცხადა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთ-ერთი კუთხე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბრალდებულების მიერ ყველა დოკუმენტი საქართველოს საწინააღმდეგოდ არის შედგენილი.

„საზოგადოებამ იცის და ნანახი აქვს ბრალდებულის საჯარო პოზიცია დავითგარეჯასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გააკეთა და ამბობდა, რომ ეს არ იყო ჩვენი და თუ ვინმე, მათ შორის, სასულიერო ან სამოქალაქო პირი მოახდენდა პოზირებას, სურათების გადაღებას, ეს რამე მტკიცებულება არ იყო. ასევე, მოწმემ განაცხადა, რომ მასთან უშუალო საუბრისას ივერი მელაშვილმა უთხრა, რომ ჩიჩხიტურის კოშკიდან ერთ-ერთი კუთხე არ მდებარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ეს ყველაფერი იცოდა მოწმემ, პირმა, რომელიც იქ ცხოვრობდა და ასეთი ფორმით ჰქონდა ბრალდებულთან შეხვედრა. მთავარია დოკუმენტები - ეს განცხადებები, რაც საჯაროდაც აქვს გაკეთებული ბრალდებულს, ყველაფერი გადათარგმნილია დოკუმენტებში და ყველა დოკუმენტი ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდაა შედგენილი. როცა ბრალდებული აცხადებდა, რომ ეს ტერიტორია ჩვენი არ არისო, ის სწორედ ისეთ რუკებს იყენებდა, რაც არასწორია და 1938 წლის შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საზღვარი თითქოს გადიოდა თხემზე და თხემს ქვემოთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ გასაჯაროებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, სადაც ბრალდებული აცხადებს, თუ რა გარემოებებში ხდებოდა ამ საკითხების შეთანხმება. გარდა ამისა, მოწმის განმარტებით, როცა მას შეხება და ურთიერთობა ჰქონდა ადგილზე ბრალდებულ ივერი მელაშვილთან, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთ-ერთი კუთხე მდებარეობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. როცა ჩემ მიერ კითხვა დაისვა, არსებობდა თუ არა რამე დასაბუთება ბრალდებულის მხრიდან, მოწმემ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილმა რუკები მოიშველია“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მანანა აღიპიშვილმა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა როგორ გაქრა რუკები, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დაკარგული დოკუმენტების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა და რომელი ტერიტორიის გასხვისება შესთავაზა ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვამ.

„შემომთავაზა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ ერთ-ერთ მონაკვეთის გასხვისება. შოკირებული ვიყავი. მისთვის არაფერი მითქვამს. ერთადერთი ეს ვუთხარი: „ნატო, ჩათვალე, რომ მე შენი ეს საუბარი არ გამიგია და ძალიან გთხოვ დატოვო ოთახი“. რა თქმა უნდა, გავიდა ჩემი ოთახიდან. აქ ერთ ფაქტს განვმარტავ - ნატალიამ ვერ მოასწრო იმ დასახლებული პუნქტის სახელწოდების თქმა, იმიტომ რომ შევაწყვეტინე საუბარი.

რომ მიმეცა საშუალება და ესაუბრა, რა თქმა უნდა, ამ სახელწოდებასაც გავიგებდი, მაგრამ გეოგრაფიული აღწერილობიდან გამომდინარე, ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს თუშეთში, საქართველოს, დაღესტნისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვართან. ეს ფაქტი აბსოლუტურად არავისთვის მითქვამს, დავბლოკე ჩემი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 20 წელი თაროზე მქონდა დადებული და იყო საარქივო დოკუმენტი, რომელმაც დღის სინათლე იხილა სასამართლოზე“, - ამბობს მანანა აღიპიშვილი.

მიუხედავად უკვე დაკითხული მოწმეებისა, ხმაურიანი სასამართლო ჯერ წინ არის, როდესაც უკვე მოწმის სახით ჩვენებას მამა კირიონ ონიანი მისცემს. სწორედ მამა კირიონია ის, ვინც მისხალ-მისხალ შეკრიბა მტკიცებულება იმისა, როგორც გაასხვისა მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია და რა როლი შეასრულეს ილიჩოვამ და მელაშვილმა.

ერთ-ერთი სკანდალური საქმის განხილვას სასამართლო სავარაუდოდ მალე დაასრულებს და თუკი გავითვალისწინებთ საქმის გარემოებას და მოწმეთა ჩვენებებს, ილიჩოვა და მელაშვილი ისევ იქ დაბრუნდებიან, საიდაც 2021 წლის 28 იანვრამდე იყვნენ. პროკურატურა გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უდანაშაულო მეცნიერები დაიჭირეს.

„ვინ ჩააყენა აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები გარეჯში, მანამდე ხომ თავისუფალი იყო მიმოსვლაც და ასევე სასულიერო პირებსაც არ ექმნებოდათ პრობლემა?! „გარეჯი საქართველოა“ - ეს ლოზუნგი იყო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ჩადენილი ღალატი გარეჯის წინააღმდეგ. ორ წელიწადზე მეტი გავიდა და ვინმე დაელაპარაკა აზერბაიჯანს? - არა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ტრადიცულად, სამშობლოს ღალატში ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობს დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომლის მტკიცებით, დავითგარეჯას თემა იყო მოგონილი არჩევნების წინ.

„ჩვენ ვნახეთ როგორ გაატარეს საპატიმროში მნიშვნელოვანი დრო უდანაშაულო ადამიანებმა და შემდეგ მათი გათავისუფლება მოუწია ხელისუფლებას. ეს არის რუსული პროპაგანდის ხერხებით და რუსეთის დახმარებით, მათ შორის, იმ პირის, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთის შესაბამის სამსახურებთან და დღეს მის სანქცირებასაც ითხოვს უკრაინის ხელისუფლება - ხიდაშელს ვგულისხმობ, შეთითხნილი, ტყუილებზე აგებული საქმე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბრალდებას, რომ დავითგარეჯას თემა საარჩევნოდ იყო გააქტიურებული, არ იზიარებს უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას.

„საარჩევნო თემას თუ დაარქმევ გარეჯის საკითხს, ე.ი. ეს თემა შენ მეორეხარისხოვნად და საპიაროდ მიგაჩნია. ესაა მათი - რადიკალური ოპოზიციის სტილი. როცა ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი და საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას, ეს უკვე ფაქტია. აქ მხოლოდ სავარაუდო დამნაშავეებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, სამართლებრივად როგორ დაკვალიფიცირდება საბოლოდო მათი ქმედება, ეს გამოძიების საქმეა და იმედია დეტალურად მოეფინება ყველაფერს ნათელი. თუ ზოგადად შევხედავთ, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას. ეს დასტურდება ყველა ფაქტით, მაგრამ, სამართლებრივად, ამაზე სასამართლო და გამოძიება იმსჯელებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.