„ზამთარმა ორჯერ მოაგებინა რუსებს დიდი ომი - ნაპოლეონის დროს და მეორე მსოფლიო ომის დროს, პუტინიც ახლა ზამთარს ელოდება“

„ზამთარმა ორჯერ მოაგებინა რუსებს დიდი ომი - ნაპოლეონის დროს და მეორე მსოფლიო ომის დროს, პუტინიც ახლა ზამთარს ელოდება“

„ზოგიერთებს იმედი მიეცათ, რუსი დეპუტატები თურმე პუტინის გადადგომას მოითხოვენო. სინამდვილეში, პუტინის გადადგომას ითხოვენ იმიტომ, რომ ახალმა მთავრობამ რუსეთში გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია და მთლიანად გაანადგუროს უკრაინა, დაბომბოს კიევი, ბანკოვაია ულიცა, სადაც არის უკრაინის პრეზიდენტის სასახლე და სამთავრობო სექტორი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

საქართველოს მიმართ რისკი მატულობს, რადგან ჩვენი ოთხი უშუალო მეზობლიდან სამი მეზობელი (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. უკრაინაში რუსულ ინტერესებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამ წაახალისა ალიევი, რომ ასე დაჟინებით ცდილობს, პირდაპირი სახმელეთო ხაზით თურქეთს დაუკავშირდეს?

- საქართველოსთვის გაზრდილ გამოწვევას რაც შეეხება, ყველაფერი დამოკიდებულია დიპლომატიაზე, ქართული დიპლომატიის ელასტიურობასა და ინტელექტზე. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეს საომარი დაპირისპირება სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ აზერბაიჯანს სურს თურქეთისკენ სახმელეთო გასვლა მოახერხოს. აზერბაიჯანს დიდი ხანია, გეგმად აქვს ზანგეზურის დერეფნის გაჭრა და პირდაპირ თურქეთის საზღვართან გასვლა. ეს არის აზერბაიჯანის ბროლის ოცნება. ამაზე თითქოს რაღაც შეთანხმება მოხდა, შემდეგ სომხეთი წინააღმდეგი იყო, მერე რაღაც კომპრომისი მოიძებნა, მაგრამ გაჭიანურდა ეს პროცესი და ახლა აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ძალის დემონსტრირება მოახდინოს. შეტევითი ბრძოლები არ არის, არამედ მხოლოდ საარტილერიო დუელია. ამ დღეებში ტაშკენტში შეხვედრა შედგება და, ალბათ, რაღაც კომპრომისს მიაღწევენ. ასეთი გამოწვევების დროს საქართველოს მხრიდან კარგ დიპლომატიას შეუძლია დივიდენდები მიიღოს, სუსტ დიპლომატიას კი შეუძლია გამოწვევები აქციოს რისკებად.

აზერბაიჯანს დიდი ზურგი აქვს თურქეთის სახით, რაც სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით ერდოღანის პანთურქული ინტერესით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგა ხანია, რუსეთს სომხეთისთვის არ სცალია.

- ოდკბ (კოლექტიური უსაფრთხოების ქვეყნები-რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი და სხვა) აჩვენებს თავის უძლურებას. აზერბაიჯანი არ არის ოდკბ-ს წევრი, სომხეთი კი არის. გამორიცხულია, ერევანში ასეთი „ინტრიგანული“ აზრი არ გაჩნდეს, რა ჯანდაბად გვინდა ოდკბ, თუ არ დაგვიცვა?! რად გვინდა კატა, თუ თაგვი არ დაიჭირა? ამ დროს რუსეთი მიჩვეულია იმას, რომ ყოველთვის, როცა მის გარეუბანში, მის ინტერესთა სფეროში რაღაც კონფლიქტია, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა იმ ტერიტორიაზე. რუსეთს არ შეუძლია დანგრეული სომხეთი ფინანსურად ააყვავოს, რომ იქ რუსეთზე ლოცულობდნენ, რუსეთს შეუძლია იქ ე.წ. სამშვიდობოები ჩააყენოს, მაგრამ რუს სამშვიდობოებსაც ვადა გასდით. ალიევი გაცილებით უფრო ჭკვიანი და მოხერხებული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება 15-20 წლის წინ, როდესაც უვადოდ ჩააყენა სამაჩაბლოში, ცხინვალის რეგიონში რუსი „მშვიდობისმყოფელები“. რუს სამშვიდობოებს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტურ რეგიონში ვადა აქვთ, თუ არ ვცდები, ოთხი წელი. გავა თუ არა ეს პერიოდი, რუსებმა უნდა აიკრიფონ გუდანაბადი და წავიდნენ. ასეთ შემთხვევაში, ალიევს ხელ-ფეხი გაეხსნება. აზერბაიჯანის მთავარი მიზანია ზანგეზურის ე.წ. დერეფანი, რომ პირდაპირ გავიდეს ნახჭევანში და ნახჭევანიდან უკვე თურქეთში. მოგეხსენებათ, ნახჭევანი ანკლავია, ამ დერეფნის გაჭრა სურს ალიევს. სომხეთს ეს პრინციპულად არ აწყობს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს.

აზერბაიჯანის არტილერიამ სომხეთში რუსულ ფსბ-ს შტაბსაც დაარტყა, ეს შემთხვევითია? თუ ალიევი სამხრეთ კავკასიაში ერდოღანის მიზნებს ახმოვანებს?

- მე მგონი, ეს შემთხვევითი იყო. მართალია, ერდოღანს ამბიციური გეგმები აქვს, მაგრამ ერდოღანი ძალზე ფრთხილად მოქმედებს. შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ამჟამად თურქეთს საქართველოს მიმართ არ აქვს ისეთი აგრესიული გეგმები, უბრალოდ, მას სურს, საქართველო მისთვის იყოს მეგობრული სახელმწიფო. საბოლოო ჯამში, თურქეთისა და რუსეთის შედარებაც არ შეიძლება. სამი საუკუნე გადის და ჩვენ კიდევ ვერაფრით გავთავისუფლდით ერთმორწმუნე სინდრომისგან, რომ რუსეთი თითქოს ერთმორწმუნეა. არადა, უკრაინის ომი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და აღარ უნდა დარჩეს ჩვენთან რუსეთის მოიმედე ადამიანი. პოლიტიკურ ძალებზე არაფერს ვამბობ, მათ შეიძლება თავიანთი ინტერესი ჰქონდეთ. მით უმეტეს, რუსეთს თურმე 400 მილიონ დოლარამდე აქვს დახარჯული თავის სამეზობლოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის. უფრო მეტს მოველოდი სოზარ სუბარისგან, როდესაც თქვა, როცა დიდი და პატარა ქვეყნებია, ბუნებრივია, დიდი ქვეყანა ყოველთვის ცდილობს, თავისი აგენტურული ქსელი ჰქონდეს პატარა ქვეყანაშიო. ამაში სოზარი ამერიკა-საქართველოს გულისხმობდა, მაგრამ ამერიკასთან ორი ოკეანე გვაშორებს, რუსეთი კი სულ რაღაც 20 კილომეტრშია. განა რუსეთს არ ჰყავს აგენტურა საქართველოში?

რაც შეეხება ჩვენს ყველაზე სახიფათო მეზობელს - რუსეთს, მსოფლიოში „მეორე არმია“ უკრაინაში მარცხს განიცდის. დამარცხების ეფექტი რუსულ ჯარში გამოიწვევს დამარცხებების მორიგ კასკადს?

- თუ ვინმეს გაუხარდება უკრაინის გამარჯვება, ალბათ, მე ერთ-ერთი პირველი ვიქნები. კიევში ბევრი მეგობარი მყავს, ბევრიც გარდაიცვალა, მაგრამ მათი შვილები არიან. თვეები მიცხოვრია ლვოვში, ამ ბრწყინვალე ქალაქში, ეს არის ნამდვილი ევროპა, კომუნისტების დროსაც ლვოვი იყო ევროპა, ლვოვში ჩასვლისას ევროპაში ვგრძნობდი თავს, თითქოს იქ სხვა კანონები მოქმედებდა. ამის მიუხედავად, რუსეთის დამარცხება ძალზე ძნელია, მით უმეტეს, მოდის ზამთარი. ზამთარმა ორჯერ რუსებს დიდი ომი მოაგებინა - ნაპოლეონის დროს და მეორე მსოფლიო ომის დროს. ტანკები ვერ დაიქოქა მოსკოვთან ოქტომბერში, ისეთმა ყინვებმა დაარტყა, არასდროს არ ყოფილა მანამდე. საერთოდ, რაღაც უცნაურია, სინოპტიკოსებს ხომ აქვთ არქივები და ყველაზე საშინელი ყინვები იყო რუსეთში ორჯერ-ნაპოლეონის შეჭრისას 1812 წელს და მეორე მსოფლიო ომის დროს. მესამედ განმეორდება ისტორია? უკრაინას დრო აქვს, ზამთრისთვის მოემზადოს. პუტინს ზამთრის იმედი აქვს, რომ ევროპას გაზი, ნავთობი არ ექნება. უკრაინის ელექტროსადგურებს დენს უთიშავს, ზამთარში თუ დენი არ არის, ე.ი. გათბობაც არ არის. გარდა იმისა, რომ სიბნელეში იჯდები, იქნები სიცივეში. სწორედ ამის იმედი აქვს რუსებს. მე კი იმის იმედი მაქვს, უკრაინელები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, მათ ზურგსუკან დგანან ისეთი გიგანტები, როგორიცაა ლონდონი და ვაშინგტონი.

სწორედ ამიტომ კეთდება პროგნოზი, რომ რუსეთი ამ ომში მხოლოდ იმიტომ ვერ გაიმარჯვებს, რომ უკრაინა მარტო არაა.

- უამრავი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, მაგრამ ერთ რუსეთს ვერაფერი მოუხერხეს. თეორიულად დავუშვათ, რომ ადამიანს სიცოცხლისუნარიანობისთვის სჭირდება ასი კალორია ყოველდღე და გამოუჩნდა სპონსორი, რომელიც აძლევს 60 კალორიას, ის კაცი მაინც მოკვდება, რადგან 60 კალორია არ ეყოფა. დასავლეთი ეხმარება უკრაინას, მაგრამ ეს დახმარება საკმარისი არაა.

მაგრამ რუსეთის შიგნით რა პროცესებიც მიმდინარეობს, თუნდაც დუგინის აფეთქების მცდელობა...

- გამორიცხულია, არავინ დაიჯეროს. ახლა ზოგიერთებს იმედი მიეცათ, რუსი დეპუტატები თურმე პუტინის გადადგომას მოითხოვენო. არადა, გადადგომას ითხოვენ იმიტომ, რომ ახალმა მთავრობამ გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია და გაანადგუროს უკრაინა. ჩვენში მარტო სათაურებს კითხულობენ და უხარიათ, 18 მუნიციპალიტეტის დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენო, მაგრამ შინაარსი არ წაუკითხავთ, რომ პუტინი რატომ არ აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და მთლიანად რატომ არ ანადგურებს უკრაინას, არ ბომბავს კიევს, სადაც არის უკრაინის პრეზიდენტის სასახლე და სამთავრობო სექტორი, ანუ ბანკოვაია ულიცა. სულ ახლახანს რუსეთში გაიხსნა საშემოდგომო სესია, პირველი გამოვიდა ზიუგანოვი, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ. საუბარია იმაზე, რომ შემოდგომაზე სამწლიანი ბიუჯეტი უნდა შედგეს, რუსეთი სამ-სამ წლიან ბიუჯეტს ადგენს ხოლმე და ზიუგანოვმა მოითხოვა, ორჯერ გაიზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ რუსეთში რამეს გადაწყვეტს, თუკი 140-მილიონიან ქვეყანაში ასი ან ორასი კაცი გამოდის საპროტესტოდ, რომელთაც მერე პუტინი 15-15 წლით უშვებს ციხეში არმიის შეურაცხყოფისთვის.

 

Aburjga Tasmanieli ჯერ ერთი რატომ ორჯერ?!
- შეგახსენებთ, განა მარტო დღეს, გაუმაძღარ მტარვალებით დასახლებულ ევროპას სულ თვალი ეჭირა რუსეთის მიწებზე, ვერც იმას ეგუებოდნენ, რომ რუსეთშმა მართლმადიდებლობა მიღღო და შეისისლხორცა! მრავალჯერ სრულიად უმიზეზოდ აღიძვროდნენ ევროპის კოალიციური ძალები რუსეთის გასანადგურებლად, შეიკრიბებოდნენ და სისხლის მღვრელ თავდასხმებს აწყობდნე, მაგრამ ღვთის მადლით თითქმის ყოველთვის ღვთის რჩეული, მართლმადიდებელი რუსეთი აარცხებდა მტარვალი ევროპელების ურდოებს. ასე მაგალითად,
1237 წლის დეკემბერში პაპმა გრიგოლ IX-მ გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ბალტიის წარმართების წინააღმდეგ, ხოლო 1238 წლის ივნისში დანიის მეფე ვოლდემარ II და ერთიანი მასონური ორდენის ოსტატი ჰერმან ბალკი შეთანხმდნენ ესტონეთის დაყოფაზე და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შვედების და გერმანელების მონაწილეობით. ამ წლებში რუსული მიწები დასუსტდა მონღოლთა შემოსევის შედეგად. ეს იცოდნენ რომის პაპმა და ევროპის მმართველებმა. სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათი აზრით თავდასხმისათვის ხელსაყრელი დრო. რაღა ბევრი გავაგრძელო და წამოვიდა რუსეთზე მტარვალთა ურდო, იმდროინდელი ნატო! ახლა პაპი გამოსწორებულია, მაგრამ ის ჩაანაცვლეს ბაიდენმა, ბორელმა, შოლცმა, ურსულამ, ვიოლამ, რასმ და სხვა ნაბიჭვრებმა და არაქალებმა!!!
2 წლის უკან