„თუ არასამთვრობოებს აქვთ ომბუდსმენის კანდიდატის დასახელების პრეროგატივა, უნდა განისაზღვროს არეალი -  რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი“

„თუ არასამთვრობოებს აქვთ ომბუდსმენის კანდიდატის დასახელების პრეროგატივა, უნდა განისაზღვროს არეალი -  რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი“

საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხის გადაჭრა მოუწევთ - როგორ შეარჩიონ სახალხო დამცველის კანდიდატი. ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ინტერვიუში ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბრობს.

მმართველი  გუნდი სახალხო დამცველის კანდიდატს არ წარადგენს, რამდენად სწორია ხელისუფლების ეს ნაბიჯი?

- მმართველი გუნდი კანდიდატს რომ არ წარადგენს, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მთლიანად პროცედურა არის განსახილველი. სამწუხაროდ, ვერ ვნახე ცვლილებები, რომელიც წარდგენის პროცესში შეიტანეს. ამ შემთხვევაში საინტერო მომენტი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შვიდ კანდიდატს წარადგენენ, შემდეგ რაღაც კოლეგია განსაზღვრავს არასამთვრობოებიდან წარდგენილ კანდიდატებიდან პარლამენტს ვის წარადგენენ. კოლეგია როგორ იღებს გადაწყვეტილებას ეს არის მთელი პროცედურა.

სწორედ ამ პროცედურებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, შეძლებენ შეთანხმების მიღწევას?

- მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები რომ მიმდინარეობს, კარგია, მაგრამ შეთანხმებამდე რამდენად მივლენ, ეს არის საკითხავი. ამის გარდა კითხვები მაქვს, რომელ კანდიდატს რომელი არასამთავრობოები წარადგენენ. თუ  პროცედურული თემები ოპოზიციისთვის მისაღები იქნება, პრობლემა არ წარმოიქმნება, მაგრამ მეეჭვება ხელისუფლებამ უკან დაიხიოს.  

თქვენთვის, როგორც ანალიტიკოსისთვის, რამდენად მისაღებია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატს არასამთვრობო ორგანიზაციები წარადგენენ?

- ნორმალურია, მე უფრო შორსაც წავიდოდი, მაგრამ ეს არის ის თემა, რომლის გამოც კონსკულტაციები არ უნდა გაიმართოს. უბრალოდ, უნდა განისაზღვროს არეალი - თუ არასამთვრობოებს აქვთ პრეროგატივა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომაც კონსულტაციები საჭიროა. საერთოდ, ყველა ხელისუფალი სახალხო დამცველით უკმაყოფილოა, ამიტომ ამ პოსტს ხელისუფლებები იოლად არ თმობენ. გულწრფელად რომ გითხრათ, კანდიდატი ხლისუფლებას უნდა დაესახელებინა, ოღონდ მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან.

თქვენ ამბობთ, რომ მთავარია პროცედურები. უნდა მოხდეს თუ არა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცედურის განხილვა საჯაროდ?

- ძალიან სპეციფიკური თემაა. აუცილებლად მედია უნდა იყოს ჩართული და ყველა კანდიდატის განვლილი ცხოვრება უნდა გამოაქვეყნოს. ამ მხრივ უნდა იყოს საზოგადოება ჩართული.

სახლახო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთ მაგიდასთან ვიხილეთ. ეს შეიძლება იყოს პრეცედენტი და სხვა საკითხებზეც შეთანხმდნენ და დეპოლარიზაცია მოხდეს?

- დეპოლარიზაციის პროცესს ასე მარტივად არ ვუყურებ. საკმაოდ რთული პროცესია. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები ერთად თანამშრომლობაა. მთავარია თანამშრომლობა რეალური იყოს და მაგიდასთან პოლარიზაცია არ შეიქმნას. შეიძლება ერთ მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ არანაირი კონსესუსის ძებნა არ მოხდეს, არამედ საკუთარი ინიციატივის გადაქაჩვა დაიწყოს. დეპოლარიზაცია ნიშნავს კონსესუსამდე მისვლას, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავ. თუ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის საკითხზე შეთანხმდებიან, ეს კი ნამდვილად პირველი ნაბიჯი იქნება.

ამის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და აქციებს აანონსებს. ელოდებით ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ორი წელია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, მაგრამ დღემდე ამას ვერ მიაღწია. ვერ ვხედავ ვერანაირ ფაქტორებს, ამ შემოდგომაზე ისეთი პროცესები განვითარდეს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს და არც ოპოზიციას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ ცხელი პოლიტიკური შემოდგომა მმართველ გუნდს მოუწყოს.