დიდი გარდატეხვა ფრონტის ხაზზე - უკრაინის ომიდან 200 დღის შემდეგ, როგორც ცნობილი ხდება, ფაქტობრივად, ხარკოვის ოლქი უკრაინელების ხელშია. ასევე რუსები ხერსონიდანაც უკან იხევენ. პატარა ოპერატიული შეტევების შედეგად, უკრაინელებმა სამ დღეში დაიკავეს ის ტერიტორია, რის დასაკავებლადაც რუსებმა თვენახევარი იწვალეს. რას მისცემს ეს წარმატება უკრაინელებს, მოახერხებს თუ არა დაკავებული ტერიტორიების დაცვას და რა გავლენას მოახდენს უკრაინელების წარმატება ფრონტის ხაზზე? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საუბრობს.
ხერსონიდან და ხარკოვის ოლქიდან ოკუპანტები გარბიან, ის რაც ახლა ფრონტის ხაზზე ხდება, ნიშნავს თუ არა, რომ ომში გარდატეხას უნდა ველოდოთ?
- ის, რაც ახლა ფრონტის ხაზზე ხდება, ამას სამხედრო ენაზე ფრონტის ხაზის კასკადური ჩამოშლა ჰქვია. ფრთხილად ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ ეს ომის გარდატეხის წინაპირობაა. თუმცა მნიშვნელოვანი გარდატეხის ნიშნები შეინიშნება. როგორც ყველა ხედავს, გარკვეული ცვლილებები არის. ინიციატივა უკრაინის მხარეს გადადის, რაც ფრონტის ხაზზე ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასწრებს მოწინააღმდეგეს კონცენტრაციას, დარტყმას და თან აიძულებს, რომ წარუმატებლობა განიცადოს.
1 ოქტომბრიდან ლენდ-ლიზის კანონი ამოქმედდება, იარაღის მიწოდებას და სხვა დახმარებას ამერიკის მხრიდან უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ დეკემბრის თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, როგორც ხარკოვის, ასევე ხერსონის ტერიტორიების გათავისუფლება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- ძალიან რთულია კონკრეტულ ვადებზე ვისაუბროთ და ასევე ამაზე ვიყოთ დამოკიდებული. როდესაც საუბარი ფრონტის ხაზის კასკადურ ჩამოშლაზეა, ასეთ შემთხვევაში ჯარის ჩამოშლას უფრო თანმიმდევრულად დავინახავთ. რუსების დამარცხებების დაგროვება, შემდეგ ეფექტს გამოიღებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე უკრაინა ახლა ამერიკისგან რა მასშტაბის იარაღს მიიღებს, რა რაოდენობის ხალხის მობილიზებას შეძლებს. ახალი დანაყოფებია საჭირო, რომელიც ამ ოპერატიულ დარტყმებს განახორციელებს.
ჯერჯერობით, ჩვენ ვსაუბრობთ ოპერატიულ ეპიზოდებზე. თუმცა ძალიან წარმატებულ ოპერაციაზე, სადაც ხარკოვის მთლიანი ოლქი ფაქტობრივად გათავისუფლებულია. ამის გარდა შეტევები ლიმანის მიმართულებით მიდის. არის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეტევები უკრაინის მხრიდან მიმდინარეობს. ეს მიმართულებებია სლავიანსკი-კრამატოვსკის თავადცვითი რაიონი, რომელიც რუსებს ფაქტობრივად ალყაში ჰყავდათ მოქცეული, მაგრამ მისი გაფართოვება უკრაინელების მხრიდან ხდება. ლისიჩანსკსაც კი მიუახლოვდნენ, რომელიც რუსებისთვის მთელი ეპოპეა იყო. მათ ამ ქალაქის ასაღებად თვენახევარი დასჭირდათ, უკრაინელებმა კი სამ დღეში დაიკავეს.
არის თუ არა უკრაინის შეიარაღებული ჯარი დიდი შეტევისთვის მზად? უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მათი მიზანია რუსეთის საზღვართან გასვლა. რა შესაძლებლობები აქვს ახლა უკრაინას?
- რუსეთის საზღვართან, ხარკოვთან, ფაქტობრივად გავიდნენ, თუმცა მცირე მასშტაბით. უკრაინა ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის მზად არ არის. მას დიდი მომზადება სჭირდება და ძალიან სწორად აკეთებენ, როცა არ ჩქარობენ. თუკი ეს მოხდება, მაშინ წარმატებული უნდა იყოს. წარუმატებლობის შემთხვევაში ეს კატასტროფა იქნება. ამიტომ ჯერჯერობით გარემოს მთავარი კონტრშეტევისთვის ამზადებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 10 ბრიგადამდე მომზადებულია საზღვარგარეთ. ისინი ახალი იარაღის გამოყენებას სწავლობენ. რაც გარეთ ინფორმაცია ჟონავს, საკმაოდ იმედის მომცემია. ისეთ იარაღებზე და შეიარაღებაზეა საუბარი, რომელიც უკრაინას ნამდვილად სჭირდება და მას მიაწვდიან. ის რაც დღეს უკრაინამ შეძლო, ამაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია დასავლეთის მხრიდან მიწოდებულმა იარაღმა. რა თქმა უნდა, ამ ხალხის გმირობა, თავდადება და გამძლეობა წარმოუდგენელია, მაგრამ აქ დიდი წვლილი დახამრებასაც მიუძღვის. უკრაინამ ამით შეძლო არა რაოდენობირივი, არამედ ხარისხობრივი უპირატესობა.
შეგვიძლია ძალთა თანფარდობაზე ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ახლა უპირატესობა ამ მხრივ ვის მხარეს არის? ვნახეთ ხარკოვის ბევრი ოლქიდან რუსები როგორ გარბიან, ტოვებენ ტექნიკას.
- პირადი შემადგენლობით უკრაინელები და რუსები თითქმის ტოლად არიან. ჯავშანტექნიკას რაც შეეხება, ეს ძალიან სერიოზულ სიღრმეში ჩაგვიყვანს, ამიტომ ახლა იმაზე ვისაუბრებ, ამ ომში უპირატესობა რას ენიჭება. აქ მთავარი ხარისხს აქვს და არა რაოდენობას - როგორ არის ჯარი მომზადებული, მოტივირებული, არის თუ არა ბრძოლისუნარიანი. როგორც ვხედავთ, ეს ყველაფერი უკრაინის მხარეს არის. ამიტომ ხარიხსობრივი უპირატესობა უკრაინას აქვს, რაოდენობრივი ჯერჯერობით რუსეთს, თუმცა ეს მათ არ შველით. ოპერატიულ დონეზე არ არის აუცილებელი უკრაინელები რუსებს რაოდენობრივად უთანაბრდებოდნენ ან აღემატებოდნენ. აქ აუცილებელი ისაა, რომ ტაქტიკურად, მოწინააღმდეგეს კონკრეტულ ობიექტებზე კონცენტრაცია დაასწრო და უპირატესობა იქ შექმნა. უკრაინელები ფრონტის ხაზზე ბრძოლას კრეატიულად და ინიციატიურად უდგებიან. ისინი არსებულ სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებენ.
აქვს თუ არა ახლა რუსეთს თავდაცვითი რესურსის შესაძლებლობა, გაუძლოს უკრაინელების ფართომასშტაბიან შეტევას? აქვს თუ არა რუსეთს ახალი ძალის მოკრების საშუალება?
- თავდაცვაში ყოფნა შეტევისგან რადიკალურად განსხვავდება. აქ სრულიად სხვა რესურსებია საჭირო. ამ ბოლო მოვლენამდე მეგონა, რომ რუსეთი დაკავებული ტერიტორიების გამაგრებას და დაცვას შეძლებდა. მე ვთვლი, რომ რუსების ყველაზე სუსტი თავდაცვა მაინც ზაპაროჟიეა, აზოვის ზღვის მიმართულება. სამხედრო ოპერატიული თვალსაზრისით, სანამ ხერსონი უკრაინელების მიერ არ იქნება აღებული, აზოვის ზღვაზე გარღვევა გამართლებული არ იქნება. ხერსონში უკრაინელებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს. ხერსონის გარშემო გადასასვლელები განადგურებულია. რუსების არმიის შეიარაღება ჭირს. ჯერჯერობით ხერსონში თავადცვითი სიღრმე დიდია, რაც რუსებს ჯერჯერობით გაძლებას უადვილებთ. ვნახოთ, უახლოეს მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება.