„თუკი უკრაინელებმა შეტევა ხერსონისკენ წარმართეს, ეს ომის ბედზე დიდ გავლენას მოახდენს და დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის და დონბასის ტერიტორიების დაბრუნება დადგება“

„თუკი უკრაინელებმა შეტევა ხერსონისკენ წარმართეს, ეს ომის ბედზე დიდ გავლენას მოახდენს და დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის და დონბასის ტერიტორიების დაბრუნება დადგება“

სამხრეთ ფრონტის მიმართულებით უკრაინელებს გარკვეული წინსვლა აქვთ და ისინი ცდილობენ ხერსონის და ხარკოვის მიმართულებით აქტიური შეტევითი ოპერაციები განახორციელონ. ბოლო 10 დღის განმავლობაში უკრაინელების შეტევა ორი მიმართულებიდან ხდება, ეს არის ხარკოვის ოლქი და ხერსონი. უკრაინელებს განსაკუთრებული წარმატება ხარკოვის რეგიონში აქვთ. მათ დაახლოებით 50 კმ-ით წაიწიეს აღმოსავლეთის ფრონტზე და მიადგნენ საკვანძო ქ. კუპიანსკს. უკრაინულ კონტროლს დაუბრუნდა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის სოფელი ვერბოვკა, ვოლოხივ იარი, ბაირაკი და ქალაქი ბალაკლეია.

რა განაპირობებს უკრაინელების ამ წარმატებას და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ამ შეტევების შედეგად ფრონტის ხაზზე სერიოზული გარდატეხა მოხდეს? აქვს თუ არა რუსეთს ახლა იმის რესურსი, რომ უკრაინელების უწყვეტ კონტრშეტევებს გაუძლოს? ამ და სხვა თემებზე for.ge-სთან სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს.

რა ხდება ახლა სამხრეთის ფრონტზე, როგორია სურათი ფრონტის სხვა მიმართულებებზე და ელით თუ არა რომ უკრაინელების კონტრშეტევები ომის მიმდინარეობას შეცვლის?

- უკრაინელბმა ხარკოვის ფრონტზე საკმაოდ წამატებული შეტევა განახორციელეს და ქალაქ ბალაკლეაში უკვე დროშაც აღმართეს. ახლა იზუმზე დაიწყეს შეტევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარკოვის დებლოკირებას მოახდენენ. ეს კი ფაქტობრივად სტალინგრადის ბრძოლის ტოლფასი შესაძლოა გახდეს.

ხარკოვს დღეს, ზუსტად ასეთი დანიშნულება აქვს, როგორც მეორე მსოლფიო ომის დროს სტალინგრადი იყო. თუ უკრაინელები ამ რეგიონის სრულ დეოკუპაციას შეძლებენ, ეს საკმაოდ სერიოზული წარმატება იქნება. ხოლო თუკი სამხრეთის მიმართულებით უკრაინელებმა შეტევა ხერსონისკენ წარმართეს, ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ომის ბედზე დიდ გავლენას მოახდენს. მაშინ უკრაინის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის და დონბასის ტერიტორიების დაბრუნება დადგება. ისე გამოდის, რომ უკრაინელები შეძლებენ სეპარატისტული ტერიტორიების გარდა, 2014 წლის სტატუს-კვო აღიდგინონ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უკრაინელებმა ამ ომში ოპერატიული ინიციატივის ხელში აღება შეძლეს.

ტაქტიკური ინიციატივა გარკვეულწილად ჰქონდათ, მაგრამ ახლა მათ უკვე ოპერატიული ინიციატივის ხელში აღება და შიდა ტერიტორიების დეოკუპაცია შეუძლიათ. ხერსონის, ზაპროჟიეს, ნიკოლაევის რაიონების გათავისუფლება და დეოკუპაცია რეალური ხდება. პირველი კამპანიის შედეგი იყო, რომ რუსების ხელში იყო მთელი ომის სტრატეგიული ინიციატივა და დონბასის გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს და, გარკვეულწილად, უკრაინის მიმართულებით ტერორის განხორციელება შეძლეს, თუმცა უკრაინელებმა კიევის, ხარკოვის შენარჩუნება მაინც შეძლეს.  ამის მიუხედავად, უკრაინამ ჩრდილოეთის ფრონტზე სტატუს-კვოს აღდგენა მოახერხა და ახლა ცდილობს, პირველი ფაზის დროს არსებული სტატუს-კვო დაიბრუნოს, ეს კი ძალიან დიდი წარმატება იქნება.

რთულია ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება როგორ წარიმართება ბრძოლა ხერსონის და ხარკოვის მიმრთულებით. უკრაინელებმა ხერსონის მიმართულებით რუსების თავდაცვითი პირველი ზღუდე გაარღვიეს და ხარკოვის მიმართულებით უკვე კარგი წარმატება აქვთ. ამიტომ ახლა ყველაფერი უკრაინელების ბრძოლის და გამძლეობის უნარზე იქნება დამოკიდებული.

რა განაპირობებს უკრაინელების წარმატებას ახლა და ჩანს თუ არა აქ ლენდ-ლიზის ეფექტი, რომლის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევაზე გადასვლა შეუძლია?

- ლენდ-ლიზმა უკრაინელებს შედეგი უკვე მისცა, შეიარაღებაში არსებული მათი სიცარიელე შევასო. უკრაინელებმა საკმაოდ კარგი თავდაცვითი მართვის შედეგად შეძლეს მობილიზაციის გამოყენება. მათ ფაქტობრივად მიაღწიეს რუს ოკუპანტებზე სამმაგ უპირატესობას, რაც სერიოზული მონაცემებია.

ხოლო ლენდ-ლიზმა მისცა უპირატესობა, რომ ის ჩავარდნები, რაც დამრტყმელ შეიარაღებაში ჰქონდათ - საბრძოლო ტანკები, ზალპური სარაკეტო სისტემები, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები - ნორვეგიული „ნაჰამსების“ მიღებით გამოესწორებინათ. უკრაინელებმა შეძლეს ცოცხალი ძალის სახით აღედგინათ ის დანაკარგი, რაც მარიუპოლის და ლუგანსკის ბრძოლების დროს დაკარგეს. დასავლეთში 10 000-მდე სამხედრო გაგზავნეს და გადაამზადეს. ეს არის ის ბირთვი, რომელიც საბრძოლო ბირთვს წარმოადგენს. სწორედ ამ დანაყოფებმა შეძლეს ხარკოვის და ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევების განხორციელება. ასევე, მათ ძალთა ბალანსი აღადგინეს, ომის ფსიქოლოგიური წნეხი გადალახეს და აქეთ აწარმოეს ფსიქოლოგიური, საინფორმაცია ომი. ეს არის ის ფაქტორები, რომლითაც უკრაინა ახლა უპიტარეს მდგომარეობაშია.

დარჩა თუ არა ახლა რუსეთს ბრძოლისუნარიანი დანაყოფები, რომლებმაც შესაძლოა ამ ფრონტზე მათ კონტრშეტევებს წინააღმდეგობა გაუწიონ? როგორც ცნობილი ხდება რუსები „მესამე საარმიო“ კორპუსის ჩამოყალიბებას ახდენენ, რომელიც საკმაოდ ძლიერი გამწევი ძალა იქნება. რა შეგვიძლია ახლა მათ პოტენციალზე ვთქვათ?

- დიახ, ნამდვილად შეიქმნა და „მესამე საარმიო“ კორპუსს უკვე დასრულებული სახე აქვს. ეს საკამოდ სერიზული ძალაა. ასევე სეპარატისტულ რეგიონებში მათ ცოცხალი ძალის მობილიზება შეუძლიათ. ამის პარარელურად, მათ არმიის 140 000 კაცით შევსება შეძლეს. პუტინმა განკარულება უკვე გასცა და ეს შევსებაც მოხდა. ასევე შეუძლიათ სხვა ქვეყნის მებრძოლების დაქირავება. ამას გააკეთებს აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და სხვა სტრატეგიული მოკავშირეების შეიარაღებული ძალებიდან. ეს კი საკმაოდ სერიოზული ძალები იქნება. არის იმის საშიშროება, რომ ძალთა ბალანსის სათავისოდ გადაწევა მოხდეს. უკრაინელებმა მართალია მოახდინეს ამის მობილიზაცია, მაგრამ ბევრი უკვე რუსების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, რა სახის ძალის მობილიზებას შეძლებენ. ამ მხრივ ჯერ უპირატესობა უკრაინის მხარეს არის.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით პუტინსა და თავდაცვის მინისტრს შოიგუს შორის საკამოდ დაძაბული ურთიერთობაა და პუტინს მისი ჩანაცვლება უკვე გადაწყვეტილი აქვს. არ ჩანან ასევე დორნიკოვი, გერასიმოვი და უცნობია ახლა ამ ომს ძირითადად ვინ ხელმძღვანელობს. რა ხდება პუტინის ირგვლივ და რა სახის დაპირისპირებაზე შეიძლება საუბარი იყოს?

- კი ბატონო, შოიგუს გარშემო ნამდვილად ცუდი სიტუაციაა და პუტინს მისი მოხსნა გადაწყვეტილი აქვს. რაც შეეხება გერასიმოვს, მისი მოხსნა ძალიან რთულია. ერთ-ერთი თათბირის დროს გენერალმა პუტინი ჩაძირული რუსული ხომალდების მიმართულებით გაუშვა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. როგორც ჩანს, სამხედრო გენერალიტეტში პუტინის წინააღმდეგ გარკვეული კლანი იკვრება. ამიტომაც შეიარაღებული ძალების უფროსს, გერასიმოვს პუტინი ასე ადვილად ვერ მოხსნის. ეს იგივე ვარიანტია სტალინს მეორე მსოფლიო ომის დროს მარშალი ჟუკოვი რომ შეეცვალა. გერასიმოვის გავლენა ჯარზე ძალიან დიდია და მისი სამხედრო დოქტრინა ლამის მთელს მსოფლიოს სამხედრო სასწავლებლებში ისწავლება. ამიტომ მასზე ხელის წამოკვრა ასე ადვილი ვერ იქნება. პუტინი ეროვნული არმიის გენერალს ვიქტორ ზოლოტოვს უკვე შეხვდა და ეჭვი გაჩნდა, რომ მას შოიგუს ჩამნაცვლებლად ამზადებს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად რამზან კადიროვი დანიშნოს.

როგორც ჩანს უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან ჯერ დაჯდომას არ აპირებს. სავარაუდოდ, ზელენსკი ზამთარს ელოდება, რადგან რუსეთის არმიას ზამთარში უფრო გაუჭირდება. ე.წ. პარტიზანული ომი, რომელსაც უკრაინა უკვე სხვადასხვა რეგიონებში კარგად იყენებს, ოკუპანტებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ვის აწყობს ახლა მოლაპარაკებები ყველაზე მეტად?

- მოლაპარაკებები, სწორად აღნიშნეთ, უკრაინას არ აწყობს, რადგან ახლა მის ხელში საკმაოდ კარგი უპირატესობა არის და ამის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება. ზელენსკი, სანამ მთელი უკრაინის დეოკუპაცია არ მოხდება, არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა. მეორეც, რუსეთი მოლაპარაკების შემთხვევაში დროს მოიგებს და შესაძლოა შემდეგ შეთანხმება ჩაშალოს. ეს არაერთხელ უქნია, ამიტომაც პუტინს არავინ ენდობა, მით უმეტეს, როცა, როგორც თქვით, ზამთარში უკრაინის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება.

tundac ჰოო... ე.ი. მაისაიამ იცის... გერასიმოვმა თათბირზერა თქვა..
მოკლედ- იცის და თუ გინდა დაეცი.
2 წლის უკან
ჯარჯი მაისაია ფრაგმენტულად უყურებს ვითარებას და დასკვნაც შესაბამისად სუსტი აქვს
2 წლის უკან