აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, რუსეთი „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის უკრაინაში ომისთვის. უილიამ ბერნსი ღიად ემუქრება რუსეთის ეკონომიკასა და რუსეთის მოსახლეობას გრძელვადიანი ზიანის მიყენებით. რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში თავისი სახმელეთო ჯარების 80% ჩართო, თუმცა მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მიზნები დამარცხებულია.
თავის მხრივ, ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ომი კრიტიკულ ფაზაში გადადის და შესაბამისად, ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, თუ რამდენად ექნება რუსეთს შესაძლებლობა, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას დაემუქროს. იენს სტოლტენბერგმა პირველად და საჯაროდ მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერის გაზრდისა და საკუთარი მარაგების კიდევ უფრო კარგად შესწავლისკენ, რათა გააგრძელონ უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას ახლა სჭირდება.
„უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ელექტროენერგიის გათიშვა, შეფერხებები და სამოქალაქო არეულობის საშიშროება. ჩვენ ნამდვილად ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროში და ფუნტებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინაში ომი სავარაუდოდ გარკვეული, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ბლინკენის თქმით, ისინი ხედავენ, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევაში უკრაინას რეალური, აშკარა პროგრესი აქვს, მაგრამ არ სურს წინასწარ განსაჯოს რამდენად შორს წავა კონტრშეტევა.
„საწყისი ნიშნები დადებითია. უკრაინაში ბევრმა რუსმა სამხედრომ არ იცის, რატომ არის იქ. ზოგიერთმა არც კი იცოდა სად აგზავნიდნენ. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ მათი მორალური მდგომარეობა დაბალია და როცა არ იცი, რისთვის იბრძვი, ეს არის რაღაც, რაც არ არის მედგარი. უკრაინელები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან. რუსეთის მოქალაქეები საბოლოოდ დაინახავენ იმ დანაკარგს, რაც ომს მათთვის მოაქვს. რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ კარგავენ ისინი ამდენ სიცოცხლეს და რატომ ცდილობენ დაიპყრონ სხვა ქვეყანა, რომელიც მათი არ არის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლო პოტენციალი უკვე გაათანაბრეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს, კონტრშეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ, თუმცა დაიწყო კრიტიკული ეტაპი, რაც ადასტურებს, რომ ომი მალე არ დასრულდება.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ცივი ომის ფაზა დასრულებულია, ახლა უკვე ნატო-ამერიკასა და დასავლეთს შორის, ასევე დასავალეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ტაქტიკური ჰიბრიდული ომი.
„ეს არის ახალი ჰიბრიდული ომი და ღმერთმა არ ქნას ჰიბრიდული ომი გადაიქცეს კონვენციურ ომში, რომელიც იქნება მესამე მსოფილო ომის დაწყების ტოლფასი. შეიძლება ითქვას, რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია, ოღოდ ჰიბრიდული ომის სახით. ანუ, ამერიკელები არიან მხარე და ბუნებრივია, ისინი აფასებენ ვითარებას როგორც ამ ომის მონაწილე და ავტორები.
უკრაინაში ამერიკელები ებრძვიან რუსეთს და ეს უკვე ფაქტია. მათ მიაწოდეს უკრაინელებს შემტევი ტიპის ყველა ტიპაჟები. უკრაინაში ომობენ ამერიკელი მოხალისეები, ამერიკელი ოფიცრები ახორციელებენ საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვას, ფაქტია, რომ ასეთი მაღალი დონის ოპერაციაში, რომელიც ჩატარდა ხერსონსა და ხარკოვში, არა მგონია მხოლოდ უკრაინელი სამხედროები იყვნენ ჩართულები. პლუს, რაც ყველაზე მთავარია, ამერიკა პირდაპირ ეხმარება უკრაინას სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით. ანუ, ამერიკა არის მხარე და ამაზე უნდა შევთანხმდეთ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი კომპონენტია ფსიქოლოგიური ომი, რომლიც მიმართულია მოწინააღმდეგის სრული დეგრადაციისაკენ.
„ამერიკული მხარის განცხადებები უნდა განვიხილოთ დასავლეთ-რუსეთს შორის ჰიბრიდული ომის სწორედ ფსიქოლოგიური ბრძოლის აუცილებელი კომპონენტის სახით. 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა და მოახდინა ოკუპაცია, მაშინ ამერიკული მხარე იყო უფრო მეტად ნეიტრალური და გარე მოთამაშის მხრიდან აკეთებდა განცხადებას. მაგრამ ახლა უკვე არის ისეთივე მხარე, როგორც უკრაინა. ის, როგორც ძლიერი სახელმწიფო, ჩართულია ჰიბრიდულ ომში, რომელიც რუსეთმა დაიწყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოთა ჩართულობის მასშტაბებით, საომარი მოქმედებები შეიცავს მსოფლიო ომის ნიშნებს, რადგან პირდაპირ და ირიბად ჩართულია ამ პროცესში.
„რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდანაც არ ტარდება სპეცოპერაცია, რადგან მასაც მხარდამჭერი სახელმწიფოები გააჩნია. ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით სახეზეა საომარ კონფლიქტში გარდამავალი ეტაპი და არა დასკვნითი ეტაპი. არსებობს ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც მიანიშნებს რუსეთის ფედერაციის გარკვეულ სტრატეგიაზე დამაზიანებლად იმოქმედოს ევროპის საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით ალბათობის მაღალი ხარისხით განხორციელდება რუსეთის მხრიდან სერიოზული ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული საბოტაჟის მაინსპირირებელი აქციები, რომელმაც შეიძლება გარკვეულწილად შეარყიოს ოპერატიული ვითარება ევროპის სახელმწიფოებში, ევროკავშირში“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, საომარი ქმედებების პარალელურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები, რომლის დროსაც შესაძლებელია, რომ გარკვეული ურთიერთობები და დამოკიდებულებები შეიცვალა.
„თუ, გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპის მოსახლეობა დისკომფორტს მიჩვეული არ არის, ვფიქრობ, რუსეთს ამ კუთხით გარკვეული ბერკეტები აქვს. ჩვენ გარკვეული პარალელი უნდა გავავლოთ, მათ შორის ზოგადად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ერთი კითხვის ნიშანი არის დასასმელი - ევროპასთან მიმართებაში ხომ არ არსებობს საერთო ინტერესები რუსეთსა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან? საბოლოო ჯამში ხომ არ ხდება ის, რომ ევროპა მნიშვნელოვნად უნდა დასუსტდეს და მსოფლიოში დომინანტის როლი გაიმყაროს აშშ-მა, რომლის დადასტურება შეიძლება იყოს ის, რომ ევროპამ გარკვეულწილად დაკარგა თავისი სტატუსი და მყარი ეკონომიკური სტაბილურობა. არ ვიცი რაზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივანი, მაგრამ მე ვსაუბრობ ცოტა უფრო დიდ მასშტაბზე და ცოტა დიდ გათვლებზე, რომელშიც შესაძლებელია აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის ინტერსები დაემთხვეს და სამიზნეს შესაძლოა ევროპა, ხოლო მიზანს მისი დასუსტება წარმოადგენდეს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემოდგომა კარს არის მომდგარი, გარკვეული ტემპერატული სხვაობა ძალიან მალე იქნება იმ ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობა კომფორტს არის მიჩვეული და ნებისმიერი დისკომფორტი შესაძლებელია, რომ გარკვეული მადესტაბილიზებელი ქმედებების საფუძველი გახდეს. შესაძლებელია გარკვეული რყევებიც მოხდეს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ხელისუფლებების ცვლილება, რაც ხშირად სიკეთის მომტანი არ არის და განსაკუთრებით სტაბილური დემოკრატიის მქონე ქვეყნებისათვის“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.