ქართულ პოლიტიკას უცნაურობები არ აკლია, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა კობახიძე-კრამონის ეპისტოლარულმა ურთიერთობებმა. 5 სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზედაც ოფიციალური უარი მიიღო. იუსტიციის სამინისტროს უარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იმით ახსნა, რომ ვიოლა ფონ კრამონი არსად შესაშვები არ არის, არათუ ნიკა გვარამიასთან ან სხვასთან.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მყოფი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ აქვს მმართველ გუნდს მისდამი ასეთი დამოკიდებულება.
„მან ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღაცას რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ოპერატიულად გამოეხამურა ევროპარლამენტარი.
„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარის ლექსიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით: „უცნაური ამბავია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ, ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა. არაერთხელ გვისაუბრია, რომ დაკავებული არიან აქტიური ლობისტური საქმიანობით, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, რაც ძალიან ცუდი ამბავია. როგორც ჩანს, ამ სივრცეში ხელმოცარულობა განაპირობებს ასეთ გაუგონარ რამეს“.
ტრადიციულად, ორიგინალურია დავით უსუფაშვილი, რომელის თქმით, არ უსურვებს კობახიძეს თავად დაუდგეს საკითხი სადმე შესვლა-გამოსვლის.
„აქვს ქვეყანას უფლება, ვიღაცა შეუშვას, ან არ შეუშვას. ზოგადად, ევროპარლამენტარები ხშირად შედიოდნენ ყველა დროს საპატიმრო დაწესებულებებში, თუ რაიმე ძალიან კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, არ მგონია ეს სწორი იყოს, რადგან ეს საერთაშორისო გაზიარებული პრაქტიკაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის გამართლებას არ აპირებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც თვლის, რომ ნამდვილად დაუშვებელი უხეშობაა კობახიძის მხრიდან ასეთი კომენტარი, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია მიზეზი - რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. პოლიტოლოგის განცხადებით, ბოლო ხანებში, რაც დასავლეთიდან, მათ შორის აშშ-დან გვესმის, მიუთითებს იმაზე, რომ დაპირისპირებამ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის მსოფლიო მასშტაბის სახე მიიღო.
„როგორი სიხისტეც ჩანს „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ პოლიტიკურ ბრძოლაში, ამ სიხისტის მაგალითები დასავლეთში უფრო ჭარბადაა. ეს სიხისტე ახლა ჩვენთან ურთიერთობაშიც გადმოვიდა და მიიღო ეს მასშტაბი, რადგან ეს ადამიანები და მათ შორის კრამონი, არანაირ შენიშვნას არ აკეთებდნენ სააკაშვილთან მიმართებაში და არც დღეს არ აქვთ შენიშვნა იმ პერიოდთან დაკავშირებით.
„ოცნების“ მიმართ ამედენი შენიშვნის ფონზე, აბსოლუტურად უღრუბლო და მხარდამჭერი დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალების“ და იმ ძირითადი ფიგურების მიმართ, რომლებიც „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირებაში წამყვან როლს თამაშობდნენ და ასეთი ფიგურაა გვარამია. ასე რომ, დასავლეთის რაღაც ჯგუფები ჩაერთვნენ ამ დაპირისპირებაში და პრაქტიკულად, მათ მიმართ და მათ შორის აშშ-ის ელჩის მიმართ, იგივე სტილისტიკა იგრძნობა, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ შიდა ქართულ პოლიტიკურ ორთაბრძოლებში“, -აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, ორივე შემთხვევაში დაპირისპირება მიმდინარეობს „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, მაგრამ როცა საქართველოში ქართული ძალებით ხდება ეს შეტევა, ხოლო უცხოეთში ლობისტების მხრიდან, არ არის გამორიცხული, რომ ეს გათვლილი სცენარი იყოს.
„ამ შემთხვევაში კობახიძე ანკესზე წამოგებულ ფიგურად შეიძლება შევაფასოთ. შესაძლოა, ნაციონალების მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორებმა შეუწყვეს ხელი დაპირისპირების გაზრდას არა მარტო ქართულ პოლიტიკურ ძალებთან, არამედ დასავლეთის პოლიტიკურ ძალებთანაც, რომ ზოგიერთებმა, იგივე დასავლეთში, ჩათვალონ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და არ სრულდება 12-პუნქტიანი შეთანხმება. ასეთი სცენარი შესაძლებელია არსებობდეს.
თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მოსალოდენელია, თუ მეტი არა, დაახლოებით იმდენივე ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, რამდენიც იყო „შინ ევროპისკენ“ აქციაზე და მოხდება ხელახალი მობილიზაცია საიმისოდ, რომ დღის წესრიგში დადგეს ხელისუფლების ძალისმიერი, ანუ რევოლუციური გზით შეცვლის საკითხი. ამ სცენარს რაღაცა ლოგიკა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ჩვენს პოლიტიკოსებს რომ ხანდახან ემოციები გადასძლევთ და აკეთებენ განცხადებებს, რომელიც მერე კონტრეაქციას იწვევს, ამის შესახებ საუბრობს საუბრობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის შეფასებით, კობახიძეს შეეძლო კრამონი გაეკრიტიკებინა, მაგრამ არა ასეთი ფორმით.
„ყველას აქვს პოლიტიკური კომუნიკაციის საკუთარი სტილი, ენა. ასე რომ, იმის განსაზღვრა, რა ჯობია და რა არა, ეს უნდა განისაზღვროს შედეგებით. გასაგებია, რომ ოპოზიცია აუცილებლად ისარგებლებდა ამ შემთხვევით და მყისიერად მოახსენებდა ქალბატონ ვიოლას, რომ აი, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ რა თქვაო. დარწმუნებული ვარ, თავად არც დაინტერესდებოდა იმით ვინ, რა განაცხადა თბილისში. ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარი ინტერპრეტაციით და ისიც ადამიანია - ტვიტერზე ერთი-ორი სტრიქონი დაწერა.
მე ამას არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა მმართველი პარტიის თავჯდომარე ხარ, შენს განცხადებას მეტი წონა და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რიგითი პოლიტიკოსისას. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასა“ და ამ კოლექტიურ დასავლეთს შორის სერიოზულად გაირბინა შავმა კატამ.
ეს განცხადებები, რომელიც კეთდება და ეს რიტორიკა, რომელიც არის გამოყენებული, ვფიქრობ, აქვს მიზეზები. უბრალოდ, მმართველი პარტია ამაზე ასე საჯაროდ ვერ საუბრობს, მაგრამ საუბრობს ის ოთხეული. არ მგონია, რომ ამას რაიმე სერიოზული გაგრძლება ჰქონდეს, უბრალოდ, ეს დარჩება საქართველო-ევროკავშირის არც თუ ისე სასიამოვნო ლაქად და გასაგებია, რომ ვიოლა ფონ კრამონის სახით ხელისუფლებამ სერიოზული მოწინააღმდეგე შეიძინა ევროპარლამენტში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, დღე-ღამეში ორჯერ, გაჩერებული საათიც სწორ დროს აჩვენებს. ამიტომ ეთანხმებმა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შარშან ვიოლა ფონ კრამონს და იან კელის „ამორალური იდიოტები“ უწოდა.
„მე შემრცხვებოდა ქალბატონი ვიოლას ადგილზე, თუმცა მას სირცხვილი არ გააჩნია. არ გააჩნია თუნდაც იმიტომ, რომ თვით მიხეილ სააკაშვილმა მას თავის დროზე ამორალური იდიოტი უწოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ძნელია ჩემთვის სააკაშვილის სიტყვებს დავეყრდნო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი ქალბატონ ვიოლას იცნობს მოხარშულს, ეტყობა, იცოდა რასაც ამბობდა.
ძალიან საინტერესოა დეტალები ამ ისტორიაში, როდესაც ოპონენტთან არგუმენტები არ გაგაჩნია, როდესაც იბნევი გამანადგურებელი ფაქტობრივი ლოგიკის წინაშე, გადადიხარ ოპონენტის პიროვნულ ველზე და ცდილობ მას პიროვნულად შეეხო, ანუ გააკეთო ის, რაც შენ გაგიკეთა სააკაშვილმა, აქ დავინახე სისუსტე, სისუსტე გამოწვეული იმით, რომ მარცხდება ეს ფრთა - ეს იდიოლოგიური მანქანა, ეს საერთაშორისო პროექტი. ამიტომ უკანასკნელ ილეთებს მიმართავენ - ოპონენტის პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.