„ბორელის განცახდება არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთი ასე ფიქრობს, ჩვენ ვნახეთ აქ ჩამოსული ჯგუფიც, რომელიც ასევე დასავლეთია და ენმ-ს მხარდაჭერას ღიად უცხადებს“

„ბორელის განცახდება არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთი ასე ფიქრობს, ჩვენ ვნახეთ აქ ჩამოსული ჯგუფიც, რომელიც ასევე დასავლეთია და ენმ-ს მხარდაჭერას ღიად უცხადებს“

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საკმაოდ მწვავე გზავნილები მიიღო. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციამ ​ ზღვარს არ უნდა მიაღწიოს. ბორელი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ისტორიული მომენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას. ამიტომაც მას მიაჩნია, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება ვერ იქნება და ამაში ჩართული ოპოზიციაც უნდა იყოს.

იგივეს ფიქრობს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეისი. მისი თქმით, წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი და ამაში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გზავნილი ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, რომ ჩაერთონ პროცესში. ერთობლივი პრესკონფერენცია ჟოზეფ ბორელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართეს. ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს ევროკავშირის წევრობას ეროვნული კონსენსუსის და ერთიანობის ფონზე უწინასწარმეტყველებენ და პოლიტიკურ ძალებს ამ მიზნის გარშემო გაერთიანებას ურჩევენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველ პარტიას აქვს სრული მზაობა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლოს:

„მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ბრძანა, არა მარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიის ნაწილმა კი ეს გზავნილი მტკივნეულად აღიქვა. თამარ ჩერგოლეიშვილი ჟოზეფ ბორელის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება: „ქართველებმა თუ თავს არ ვუშველეთ და ამ ფუყე, არაფრისმთქმელ და უშინაარსო მოწოდებებს აქ რეალობის სწორი აღქმა არ დავახვედრეთ - ეს მოწოდებები ზუსტად ისე დასრულდება, როგორც რუსეთთან დალაგების მოწოდებები დასრულდა. ევროპა და ამერიკა იტყვის, რომ შეეშალა (როგორც ახლა ამბობს რუსეთზე), უბრალოდ, ეს ჩვენ არაფერში აღარ დაგვეხმარება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

პოზიციას არ ცვლიან ენმ-ში და ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.

„არ არსებობს იმაზე დემოკრატიული მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ოპოზიციურმა რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, ან ოპოზიციამ წამოაყენოს, ვიდრე არის ეს ახალი არჩევნები, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას. რაც შეეხება პოლარიზაციას, კი პოლარიზაცია არის და იქნება. პოლარიზაცია რომ არ იყოს, უფრო გასაკვირი იქნებოდა. მესმის ბატონი ბორელის და ყველა საერთაშორისო პარტნიორის, რომელიც საუბრობს პოლარიზაციაზე, თუმცა მათაც ესმით რა არის პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზი და ეს არის არათავსებადი ინტერესები ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის“, - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩში“ ამბობენ, რომ მათი კოლეგები ცალკე თამაშით პროცესს აზიანებენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბრისულეში გაკეთებული განცხადებები ნამდვილად საგულისხმო და ყურადსაღებია. მისი აზრით, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, აზრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით გაყოფილია. სწორედ ამას ამტკიცებს ბორელის და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან ოპოზიციისთვის დაქნეული თითი და გაფრთხილება, რომ ამ დესტრუქციას ისინი მხარს არ დაუჭერენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აანონსებს. თუმცა საყვარელიძე მიიჩნეევს, რომ დასავლეთი ერთიანი არ არის და იქაც არის დაპირისპირებული ჯგუფები და საქართველოსთან მიმართებაში პოზიცია გაყოფილია.

„ბორელის განცახდება არ ნიშნავს იმას, რომ მთელი დასავლეთი ასე ფიქრობს. ჩვენ ვნახეთ აქ ჩამოსული ჯგუფიც, რომელიც ასევე დასავლეთია და ენმ-ს მხარდაჭერას ღიად უცხადებს. ამ ჯგუფის გემოვნებაში სწორედ რომ დაპირისპირება და დესტრუქციული პროცესები ჯდება. რაც შეეხება ბორელის და ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოზიციას, იქ აშკარად იმის სურვილი იკითხება, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე მუშაობა შეძლონ. მეჩვენება, რომ მარტო მოწოდება საკმარისი არ არის. მიშელის დოკუმენტის შემთხვევაც გვახსოვს, სადაც ოპოზიციამ ხელის მოწერა იქაც დააგვიანა.

სავარაუდოა, რომ თანამშრომლობაზე უარს აქაც ამბობს. ოპოზიცია ახლა საკუთარ თავზე ფიქრობს და ნახა, რომ ევროპის მხარდამჭერების რიცხვი ქვეყნის შიგნით დიდია და დროა ამ მხარდაჭერის გამოყენებით ხელისუფლებაში დაბრუნდეს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ოპოზიციის დამარხვის და განადგურების საბოლოო ფინალი იქნება. ყველა სტატისტიკური მონაცემებით მათი მგდომარეობა ძალიან ცუდად არის. თუმცა იციან, რომ სხვა გამოსავალიც არა აქვთ. თუკი ხელისუფლება ევროკავშირის მიერ მოწოდებულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს და ეს „ოცნების“ ხელისუფლების მმართველების დროს მოხდა, მათი პოლიტიკური რეიტინგი კიდევ უფრო ნულს ქვემოთ ჩამოვა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დასავლეთში მყოფი ჯგუფი, რომელიც საქართველოში რევოლუციისკენ იხედება, ენმ-ს ემხრობა და აქვთ გარკვეული სცენარები, რომლითაც „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება უნდათ. ხოლო არსებობს მეორე ჯგუფი, რომელიც ამაზე არ ფიქრობს და არ ეთანხმება საქართველოში დესტაბილიზაციას, ეს ის ჯგუფია, რომელსაც რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა არ სურს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის რეიტინგი სულ უფრო კლებულობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ნაკლებ ადამიანს მიაჩნია, მათი ხელისუფლებაში მოსვლით რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება. ოპოზიციას ხალხში ნდობა აქვს დაკარგული. შესაძლოა არც ხელისუფლებას ედობიან და გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ოპოზიცია უმძიმეს მგდომარეობაში იმყოფება. რაც უფრო მეტს გაუაზრებელს იტყვიან, რეიტინგი მით უფრო უვარდებათ. ოპოზიციას აქვს კი იმის უნარი, რომ ხელისუფლება აიძულოს რიგგარეშე არჩევნები დაანიშნინოს? ხოლო თუ დაანიშნინებს, აქვს კი იმის რესურსი რომ „ოცნება“ დაამარცხოს? ახლა დასავლეთის თვალში ხელისუფლება ასე ჩანს, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმის შესრუელბას ცდილობს და ამაში ჩართული ოპოზიციის ნაწილიც არის. თუკი ენმ-მა მაინც გადაწყვიტა და ქუჩაში ხალხი გამოიყვანა, მას ელექტორალურად ამის რესურსი აქვს, თუმცა ამას დიდი ხანი ვერ შეძლებს. ეს კი ხელისუფლებას დასავლეთში იმის თქმის საფუძველს მისცემს, რომ დეპოლარიზაციის პროცესს ოპოზიცია აფერხებს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავაც მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე არ იმყოფება. კვესელავა for.ge-სთან ამბობს, რომ ჟოზებ ბორელი არ  არის იმ დონის და გავლენის პოლიტიკოსი, რომელსაც ან ოპოზიცია და ან ხელისუფლება მოუსმენს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოში ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს და მას მიჰყვება, ხოლო ამაში მხარდაჭერა ამერიკისგან და მისი ელჩის კელი დეგნანისგან აქვს. ამიტომაც ბორელმა და სხვა ევროპელმა ჩინოსნებმა რაც არ უნდა თქვან, ეს ოპოზიციის გეგმებს არ შეცვლის.

„რა თქმა უნდა, არსებობენ დასავლეთში გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ოპოზიციას ახალისებენ და მხარდაჭერას უცხადებენ. თუმცა არსებობს ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს რევოლუციური სცენარით და ის დემოკრატიულად არის არჩეული. ამ ჯგუფს, რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში დესტაბილიზაცია არ აწყობს. ვფიქრობ, ბორელი ერთ-ერთი მათგანია. თუმცა მისი განცხადება ასეც წავიკითხე და გავიგე, რომ მოდი, ჯერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ხელისუფლებასთან ერთად იმუშავეთ და თუ მან ეს არ შეასრულა დანარჩენზე მერე ილაპარაკეთო.

ამ მხრივ ბორელის პოზიციაც სწორია, რადგან თუ ოპოზიცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, ხელისუფლებას სათქმელი უფრო მეტი ექნება. მას ისრების გადატანა და ბრალდებები ოპოზიციაზე მერე უფრო გაუადვილდება. არ მესმის ოპოზიციის ტაქტიკის, ამას რატომ აკეთებენ, რადგან ახლა საზოგადოებაში ქუჩის პროტესტის მზაობა არ არის. ამას თავისი შიდა და გარე გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. უკრაინის ომი და ქვეყანაში მშვიდობის საფრთხე ჩვენს მოქალაქეებში მკვეთრად არის გამჯდარი. ამიტომ გაუგონარია მელიას განცახდება აქციებზე და რიგგარეშე არჩევნებზე. ამერიკას საქართველოზე ხელი აქვს დადებული, ბევრი აქვს დახარჯული, ამიტომაც შიდა პოლიტიკაც იქნება ისე, როგორც ისინი მოინდომებენ და ბორელის თუ სხვა ევროპელი ლიდერების ნათქვამი დიდად ვერაფერს შეცვლის“,-ამბობს კვესელავა.