აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის კონგრესისგან 11,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნას აპირებს. გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნა ასევე მოიცავს 2 მილიარდ დოლარს, რომელიც აშშ-ს ენერგომომარაგების საკითხის მოგვარებას მოხმარდება, რომელზეც გავლენა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ იქონია. დიდი ალბათობით, კონგრესი მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ამერიკა ხდება კონფლიქტის მონაწილე მხარე, ეს კი მთლიანად შეცვლის არსებულ სურათს.
ჯო ბაიდენის ინიციატივის საპასუხოდ კრემლმა პოზიცია შეიცავლა. რუსეთი გამოდის ინიციატივით, შედგეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. კერძოდ, კრემლის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, გამართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის წამოყენებული პირობები უცვლელია და დარწმუნებულია, რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება.
რუსეთის სურვილის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ აპირებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ომის დასრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა მომგებიანი არ არის როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის. მისი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი დროებითი ზავი ნიშნავს რუსეთის აგრესიის მომავალში გაგრძელებას.
„მოლაპარაკების პროცესში დააფიქსირებენ დროებით ზავს ომში, რომელიც არ დასრულდება. შესაბამისად, რუსეთი ამას გამარჯვებად ჩათვლის და გააგრძელებს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინ წაწევას. ზავი ახლა მხოლოდ ომის შემდეგ ეტაპს ნიშნავს. აგრესორთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც კრემლის უკანასკნელი იმედი -გაიმარჯვოს უკრაინაში კრახს განიცდის“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ იმდენი შეიარაღება და არც ცოცხალი ძალა ჰყავთ, რომ მასშტაბური და სწრაფი კონტრშეტევა განავითარონ. ამიტომ, არმიის სარდლობა ცდილობს, რუსეთის არმიის მოწინავე ნაწილები დაასუსტოს და, იმავდროულად, შორსმსროლელი არტილერია და რაკეტები გამოიყენოს მტრის ზურგში სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ სამხედრო დახმარებას, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან და აშშ-ისგან ღებულობს, ცხადია, ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს.
პოლიტოლოგი, კონფლიქტების მკვლევარი დავით ემუხვარი ამბობს, რომ ომი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიდის. გარდა სამხედრო მოქმედებისა, ომი გრძელდება როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ფრონტზე. მისი თქმით, რუსეთმა სერგეი ლავროვისა და მისი დელეგაციის გაერო-ში ვიზიტის უზრუნველსაყოფად აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ პოლიტიკურად ავიწროებენ რუსეთს, რომ ვერ შეძლოს ვერც ერთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
„რაც შეეხება ეკონიმიკურ ფრონტზე არსებულ ვითარებას. „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუჩერა. რუსეთი ამბობს, რომ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები გაგრძელდება მანამ, ვიდრე სანქციები არ მოიხსნება, მაგრამ გერმანიის პრემიერმა ღიად თქვა, რომ დეკემბრიდან რუსულ გაზს არ შევისყიდითო. ასევე, შვიდეულმა მიიღო გაწყვეტილება, რომ რუსეთის ენერგორესურსებს დაუწესა მინიმალური ფასი. ანუ, გაიმეორა რეიგანის ადმინისტრაციის მაგალითი, როდესაც საბაჭოთა კავშირის ფასი ნავთობზე დაეცა 100$-ის ფარგლებში და მაშინ საბჭოთა კავშირი იძულებული იყო განეხორციელებინა წამგებიანი ეკონომიკური პოლიტიკა. დაახლოებით იგივე გადაწყვეტილება მიიღო დიდმა შვიდეულმა, ოღონდ ამ შემთხვევაში დაფიქსირებულია, რომ ჭერი იქნება 40$ ერთი ბარელის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, რუსეთი ეკონომიკურ ომს აგებს, დარჩა საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ რასაც ვაკვირდებით, საბრძოლო მოქმედებები რუსეთის სასარგებლოდ არ მიდის. გამოსავალი არ აქვს, ამიტომ დაიწყო შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით, თუმცა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და ადგილზე გაერკვნენ რა ხდება. აქაც წააგო რუსეთმა“, - აცხადებს დავით ემუხვარი.
მისი თქმით, რუსეთი, რომელიც ყველა ფრონტზე აგებს, ცდილობს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს უკრაინის პრეზიდენტთან და როგორმე მიაღწიოს მოლაპარაკებას უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ დროებით შეაჩეროს სამხედრო დაპირისპირება, რათა შემოიკრიბოს ძალა და ახალი ძალით გადავიდეს შეტევაზე.
„რუსეთის მიზანია დრო თავის სასრგებლოდ შემოატრიალოს, რომ დროში მოიგოს, მოახდინოს მობილიზაცია. ვთქვათ სიმართლე - 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის 60% განადგურებულია. წარმოიდგინეთ რა დონეზე წავიდა რუსეთი, რომ საპატიმრო დაწესებულებებებიდან გამოჰყავთ პატიმრები და საბრძოლველად მიჰყავთ. პატიმრების ხარჯზე ცდილობს გაზარდოს სამხედრო კონტიგენტი, მაგრამ ეს არ შველის რუსეთს, რომელსაც საბრძოლო რესურსი ეწურება, სანქციების ფონზე ვერ აწარმოებს შეიარაღებას. ასე რომ, რუსეთის სამხედრო პოტენციალი ყოველდღიურად იკლებს და ამიტომ იძულებელია წავიდეს მოლაპარაკებაზე. 5 აგვისტოს შედგა ერდოღანი-პუტინის შეხვედრა, სადაც სთხოვა, რომ ერდოღანს უზრუნველყო ზელენსკის მოლაპარაკებაზე გამოყვანა. ამის საფასური რუსეთმა უკვე გადაიხადა - სირიაში, ლიბიაში, ყარაბახში და თქვენ წარმოიდგინეთ სომხეთშიც დათმო თავისი ინტერესები. ერდოღანი ჩავიდა უკრაინაში, შეხვდა ზელენსკის, რომელიც არ დათანხმდა პუტინთან შეხვედრას. რუსეთმა სტრატეგიულად წააგო.
დღეს, კრემლის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდეთ და ვილაპარაკოთო, ამას არ ლაპაკობდა 2-3 თვის წინ. რუსეთი უკვე აცნობიერებს თავის მძიმე მდგომარეობას. უკრაინაზეა დამოკიდებული დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ როდესაც უპირატესობა უკრაინის მხარეს არის, დიდი ალბათობით, ზელენსკი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ზელენსკი ამბობს, რომ სანამ უკანასკნელი რუსი სამხედრო არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას - ყირიმს, დონეცკს და ლუგანსკს, მანამდე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ემუხვარმა.
გენერალ-მაიორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთის მიზანია დროის გაწელვა, რომ როგორმე მივიდეს ზამთრამდე. ზამთარი ახლოვდება და რუსეთში თვლიან, რომ გაუჭირდება როგორც ევროპას, ასევე უკრაინას და ასეთ შემთხვევაში ზელენსკი უფრო დამყოლი იქნება მოლაპარაკებებისთვის.
„რა თქმა უნდა, რუსები მშვენივრად ხვდებიან, რომ თანხები, რომელიც მიემართება უკრაინის შეიარაღებული ძალებისკენ თავისთავად მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანას შეიარაღებულ დაპირისპირებაში უკრაინის სასარგებლოდ. რუსეთს უკვე უჭირს უკრაინასთან დაპირისპირება. უჭირს რესურსების გამონახვა შეტევის გაგრძელებისთვის, ტემპი დააგდო, წარმატებებს ვეღარ აღწევს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით შეჩერებულია და მიმდინარეობს ლოკალური დაპირისპირება“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.
თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით არ შეიძლება რუსეთის ძალიან დიდი რესურსის გაუთვალისწინებლობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას უჭირს თანამედროვე ტექნოლოგიების იარაღის წარმოება და რაოდენობაში იმდენი აღარ აქვს, რაც ომის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი რაოდენობით საბჭოთა წარმოების იარაღი, რომელიც საკმაოდ მომაკვდნებელია და ეფექტიანია.
„ასე რომ, მას შეუძლია გამოიყენოს ეს იარაღი, მით უმეტეს თავდაცვაში გადავა და შეეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, რაც ამ ეტაპზე მისი ერთ-ერთი ამოცანაა. იმის თქმა, რომ ახლა ხერსონს ავიღებთ და ხვალ დონეცკს, ასე არაა. უკრაინა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი ომისთვის, ისევე როგორც ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ეს ომი არ იქნება ხანმოკლე.
დღეს რუსეთს არ აქვს შეტევის წარმოების პოტენციალი, მაგრამ უკარაინასაც არ აქვს ის პოტენციალი, რომ მან შეძლოს შეტევის განხორციელება, მას აქვს მსხვილმასშტაბიანი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ის დახმარება, რომელსაც ის იღებს მსოფლიოდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო ფარული მობილიზაცია და არა მარტო პატიმრების, არამედ უკვე ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან დაიწყო პაციენტების რეკრუტირება. მისი თქმით, პუტინმა გამოსცა სპეციალური ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა 137 ათასი ადამიანით.
„ეს, ფაქტობრივად არის ფარული მობილიზაცია, დაახლოებით იგივე, რაც თავის დროს გააკეთა საბჭოთა კავშირმა, როდესაც ავღანეთში არსებული ურთულესი გეოსტარტეგიული ვითრების გამო დაიწყო სტუდენტების მობილიზაცია და ამით გაიზარდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რაოდენობა. აქაც იგივე ვითარებაა, უბრალოდ სხვა სტრატეგია აირჩია პუტინმა. რუსეთმა დაიწყო კონტრაქტზე აყვანა, მათ შორის საპყრობილეებიდან და ფსიქიატრიული ცენტრებიდან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო ახალი მიდგომების შემუშავება უკრაინის მიმართულებით.
პირველი ფაზა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რუსეთმა დაასრულა კრახით, რუსეთმა ვერ აიღო დედაქალაქი და ვერ აიღო რამდენიმე უკრაინული ქალაქი. პირიქით, უკრაინელებმა შეძლეს დაებრუნებინათ ჩერნობილი და გასულიყვნენ ჩრდილოეთ რუსეთის და ბელორუსის საზღვრებთან. პროცესები ვითარდება არა კრემლის სასარგებლოდ. ასეთ ფონზე უკრაინა არ წავა მოლაპარაკებაზე და ეს კატეგორიულად თქვა ზელენსკიმ, რომ სანამ არ მოხდება ტერიტორიების და კერძოდ ყირიმის დეოკუპაცია, მანამდე უკრაინა არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავა რუსეთის ფედერაციასთან, ეს უკვე გაცხადებული ფაქტია. სამწუხაროდ, ეს ომი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსეთს მოლაპარაკების პროცესის დაწყება სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ მოიკრიბოს ძალები, რომ მოემზადოს ახალი შეტევისვის. როგორც პოლიტილოგი აცხადებს, რუსეთს, რომ არ უნდა ენდო მოლაპარაკებების პროცესში ეს ილუზია არავის არ აქვს მსოფლიოში. რუსეთი ცნობილია იმით, რომ მის სიტყვას და ხელმოწერილ ქაღალდს ზუსტად იმ ქაღალდის ფასი აქვს, რაზედაც ხელმოწერა აქვს გაკეთებული.
„აშკარაა, რომ რუსეთს უჭირს. ცოცხალი ძალის თავმოყრაც უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ქვეყნაა, შეიარაღებაც ნელ-ნელა უთავდება, გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე შედეგის მოტანის თვალსაზრისით შეიძლებოდა დაეხარჯა. სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით უპრესპექტივო გახდა რუსეთის მოქმედება. ერთადერთი, რაც რუსეთს დარჩა სამხედრო კონცეფციაში და ამ კონკრეტულ კონფლიქტში, ეს არის ნგრევა, ნგრევა და ნგრევა. რაკეტების თითქმის ბრმად გაშვება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდი იყოს როგორც ნგრევა, ასევე მსხვერპლი“, - ამბობს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, პრაქტიკულად იგივე სტრატეგიის განხორციელება სურს, რაც ჰქონდა ჩეჩნეთში და სირიაში, როცა რუსეთი მიდის მეტოქის ფიზიკურ დათგურვნაზე და მერე დაუდაბნოებულ ტერიტორაზე შევიდეს თავისი ჯარით.
„ამ ფონზე, რა თქმა უნდა ცხადი იყო, რომ მას უფრო მეტი დანაკარგი ექნებოდა და ვიცით რა ციფრებზეა საუბარი, გააგრძელებს ამ სვლას, რადგან ჭკუა და პროფესიონალიზი ამ სტრატეგიას არ უნდა. ამიტომ უნდა რუსეთს მოლაპარაკება, რომ ძალა მოიკრიბოს და არა იმიტომ, რომ მას რაღაცა ცვლილებების გეგმა აქვს. რუსეთი კრიტიკურ მდგომარეობაშია. უკრაინის კრიზისიდან მთელი და ჯანსაღი ვერ გამოვა. დიდი ბრძოლა მიდის და ამ დიდ ბრძოლაში დასავლეთის მოსახლეობაც უნდა წამოყვეს უკვე თავიანთ მთავრობებს სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობაზეა დამოკიდებული უკრაინის ეს ბრძოლა შედეგიანი გახდეს როგორც უკრაინისთვის, ასევე დასავლეთისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.