„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მართალია, ყოფილი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, მაგრამ საქართველოს საგარეო კურსის შესახებ კითხვები, შეიძლება ითქვას, დასავლეთს მოსვენებას უკარგავდა. შეიცვალა თუ არა დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ და გაგვიწევენ თუ არა დახმარებას ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ბოლომდე მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველო ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს, მანამდე კი სიტუაციის დათბობა აშკარად შეინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტი საკმაოდ იმედისმომცემია.
„დიახ, საქართველო ახლა უკვე ახლოსაა ნატო-სთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“, - რასმუსენის განმარტებით, საქართველომ რეფორმების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა პროცესის გაგრძელება ჯერ კიდევ აუცილებელია.
„გულწრფელად მოგახსენებთ, როცა ვუყურებ საქართველოში მიმდინარე განვითარებას იმასთან შედარებით, ვიდრე მაშინ იყო, როცა აქ დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიყავი, პროგრესი აშკარად სახეზეა – საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და მართლაც უფრო მეტად მიუახლოვდა ნატოს. მან განახორციელა კონკრეტული რეფორმები და აუცილებელი რეფორმების გატარებას ისევ აგრძელებს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად და გავატარებთ აუცილებელ რეფორმებს“, - განაცხადა რასმუსენმა.
როგორც რასმუსენი აცხადებს, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ის აჩვენებს თავისი ვალდებულებების განხორციელებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, თქვენი მთავრობა აჩვენებს თავისი ვალდებულების განხორციელებას და ადასტურებს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენ ვალდებულებას - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში თუ თქვენ დააკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა და ჯერ კიდევ ძალაშია. ჩვენ თქვენთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალების რეფორმირება მოხდეს, რომ ისინი გახდნენ ანგარიშვალდებული, ყველა საფრთხეს, რომელიც თქვენი ქვეყნის წინაშე დგას, წინ აღუდგნენ“, - აღნიშნა რასმუსენმა.
ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტის პარალელურად ნატო-ს „ფეისბუქის“ ოფიციალური ვებგვერდი ავღანეთში მებრძოლი ქართველი სამხედროების შესახებ სპეციალურ სიუჟეტს ავრცელებს, სადაც ხაზგასმულია, როგორ ეხმარებიან ქართველი სამხედროები ავღანეთის სამხრეთით ყველაზე საშიშ რეგიონში მცხოვრებლებს.
სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველმა სამხედროებმა ჰელმანდის ამ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში ადგილობრივებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.
„თუმცა, ქართველებმაც და მათმა ავღანელმა პარტნიორებმაც, რომელთაც არაერთი მსხვერპლი გაიღეს, იციან, რომ წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია“, - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი, რუთ ოუენი.
საქართველოში კი ნატოს გენერალური მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე ავღანეთში საქართველოს მისიაზე ასევე ხაზგასმით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავღანეთის ჯარები უკვე საკუთარ თავზე იღებენ უსაფრთხოებაზე ზრუნვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრები გამოხატავენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართ. საქართველო ასევე ერთგულია ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებისა და უფრო მეტი ჯარები და შეიარაღებული ძალები ჰყავს, ვიდრე სხვა პარტნიორებს. თქვენ ასევე უკვე შეგაქვთ წვლილი ავღანეთის შეიარაღებული ძალების კონსულტაციებისა და ტრენინგის პროგრამაში, რაც ძალიან სერიოზული წვლილია ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ.
ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ საქართველოს წვლილს და იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ გაიღო. ყველა მოკავშირის სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, ვისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ და დაიჭრნენ ავღანეთში. მე ბოლო კვირას დავესწარი ცერემონიას, როდესაც გადავეცით პასუხისმგებლობა უსაფრთხოების თემაზე ავღანელებს და ეს სერიოზული წარმატებაა და საქართვლომ ამაში თავისი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმ კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრა, რასაც დასავლეთი ელოდება საქართველოსგან.
მისივე განმარტებით, დღეს და ხვალ საბჭოს ექნება საშუალება შეაფასოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
„მივიღებთ ისეთ კითხვებზე პასუხს, ანალიზს, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა.
ბატონო პრემიერო, იმედი მაქვს თქვენ უზრუნველყოფთ კოაბიტაციის პროცესს, ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, კანონის უზენაესობას და ყველაფერი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ჩატარებული და ჩვენ საქართველოს დავეხმარებით რეფორმების განხორციელებაში.
ჩვენ ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამ წელს და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს სრული ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახლავთ ჩვენი ერთობლივი მიზანი. გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იყო 2008 წელს ბუქარესტში, ისეთივე მყარია, როგორც მანამდე. თუ საქართველო დააკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, იგი გახდება ნატოს ოჯახის წევრი“, - განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დღეს დაიწყო. დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. საბჭოს პირველი ვიზიტი 2008 წლის 15-16 სექტემბერს შედგა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად.
ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნათლად უნდა იყოს გამოხატული კანონის უზენაესობის ერთგულება იმისათვის, რომ საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.
„ეს გახლავთ სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს დემოკრატიისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს იმიჯისთვის, ნატო გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას აღნიშნულ გზაზე“, – განაცხადა რასმუსენმა.
რასმუსენს საქართველოსთან დაკავშირებით შენიშვნებიც აქვს, მისივე თქმით, საქართველომ ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები და აუცილებელია რეფორმების გაგრძელება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები, პრიორიტეტი გახლავთ რეფორმების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში ფესვგადგმულია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების პატივისცემას, უმცირესობების უფლებების პატივისცემას და ის ძალადობა, რომელიც ჩვენ თბილისის ქუჩებში 17 მაისს ვიხილეთ, მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავისუფალი გამოხატვის უფლება ფუნდამენტალური დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. მინდა თქვენი წვლილი მოვიხსენიო, თქვენი მიმართვის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობის დღეს, სადაც კიდევ ერთხელ გააჟღერეთ ზემოთ აღნიშნული დებულება. იმისთვის, რომ მოვახდინოთ დემონსტრირება, რომ საქართველოში დემოკრატიას ფესვები აქვს გადგმული, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა კოაბიტაციამ უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა რასმუსენმა.
კომისიის ერთობლივ სხდომაზე საუბარი რუსეთსაც შეეხო, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ ნატოსკენ სწრაფვა ხელს არ შეუშლის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.
ივანიშვილის შეფასებით, ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, არც ერთ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს. პრემიერის განცხადებით, ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.
„რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს საქართველოს ნატო-ში შესვლა არ სიამოვნებს და არ ესიამოვნება ხვალაც, ეს ყველამ კარგად იცის. მთავარია, რომ ეს სიამოვნებს ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ძირითადად ანგარიშს. ეს არ არის ჩემი ან წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ჩვენი სტრატეგია - ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სწრაფვას. ეს არის ჩვენი ხალხის და ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი. გასაგებია, რომ ზოგიერთ მეზობელს, მათ რიცხვში - რუსეთს შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არც ისე შორეული პერსპექტივაა და Map-ის მინიჭების გარეშეც არის შესაძლებელი.
„რაც შეეხება Map-ს, ჩვენ ასე პრინციპულად არ ვაყენებთ საკითხებს. ჩვენ დაველოდებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციას - ალიანისი განიხილავს რა რეალური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას საქართველოსთან მიმართებაში, რა იქნება რეალისტური და ამაზე გავაკეთებთ აქცენტებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.