„ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები არიან აღიარებული აგენტურა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მტრობენ ამ ქვეყანას“

„ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები არიან აღიარებული აგენტურა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მტრობენ ამ ქვეყანას“

ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას და სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში. რა თქმა უნდა, არასამთავრობოები კანონის შესრულებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სამართლებრივ დოკუმენტაციას გაუგზავნიან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ არ „ეკუთვნით“ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება.

რაჟდენ კუპრაშვილის უწყება „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ისფედი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრისგან“ ითხოვს დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში. მოთხოვნის მიუხედავად, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდებიან, აგრძელებენ მუშაობას და არ დატოვებენ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე.

„კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ, ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი, ქართული, არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა.

ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.

პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დააანონსეს. მათივე განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას.

„ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების“ კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული. ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ, გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას. მმართველი გუნდის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს“, - აცხადებენ „ლელოს“ წევრები.

მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ვიცით, რამდენი შავი ფული ტრიალებდა ე.წ. მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რომ რამენაირად ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. რაც შეეხება ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, რა თქმა უნდა, ესეც წითელი ხაზია, ვინაიდან ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, რადგან სერიოზული საფრთხეებია ძალიან განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, მთავარია, რომ ის მუშაობდეს კანონის ფარგლებში და არ იყოს სუბიექტური. რაც შეეხება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტოლოგის განცხადებით, ესენი არიან აღიარებული აგენტურა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მტრობენ ამ ქვეყანას.

„შეგახსენებთ, ეკა გიგაური არის სწორედ ის ადამიანი, რომლის ორგანიზაციის ძალისხმევით, ჩვენ შეგვექმნა უდიდესი პრობლემა სასაოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ვინაიდან, მისი ორგანიზაციიდან იყო მათიას უტერი, რომელმაც 2011 წელს, საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ ნორმის ამოღების შესახებ, რომელიც კრძალავდა უცხოელებზე ქართული მიწების გასხვისებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა და დაიწყო უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უკონტროლო შესყიდვა.

შემდეგ, იმავე რეციდივისტი ქალბატონის ორგანიზაციით, უკვე ჰაიდე ჰორკვისტმა შეიტანა და მოროტორიუმი, რომელიც ჩვენი და ჩვენი თანამებრძოლების ძალისხმევით დაედო უცხოელებზე ქართული მიწების გაყვიდვას, გააუქმებინა.

მაშინ ნაცი პაპუაშვილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მერე დაიწყო ქართული მიწების უკონტროლო შესყიდვა, მორატორიუმი მეორედ ვერ შემოიღეს და ბოლოს უკვე კონსტიტუციით აიკრძალა. აი, ამისთვის იბრძოდნენ ხმალამოღებული ეს არასამთვროები და პარტიები. გვახსოვს ამ პარტიის წევრების განცხადება - „მერე რა მოხდა, მიწებს ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო. უცხოელებზე უნდა გაიყიდოს ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიო“. სხვადასხვა მექანიზმებით ახლაც ცდილობენ. ეს არის მთავარი საკითხი იმიტომ, რომ მიწა არის მთავარი“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, დღეს, ეს აგენტები იბრძვიან ლგბტ დღის წესრიგის დასამკვიდრებლად. იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის უცხოეთის საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანოებზე გადასაცემად.

„რაც შეეხება თამარ კინწურაშვილს, ის არის Facebook-ის მთავარი ცენზორი, სერგი კაპანაძესთან ერთად და უკვე ანეგდოტურად გადაიქცა ქალბატონ კინწურაშვილის და „ფაქტჩეკერების“ მოღვაწეობა. ცენზორად გადაექცნენ მთელ ქართველ ხალხს ყველაზე გავრცელებულ ქსელში მაშინ, როდესაც Facebook-ის ცენტრალურ ოფისში მსგავი რამ არ ხდება.

თვითონ აშშ-ში ეს პრაქტიკა აიკრძალა და ჩვენთან, აქ, შერჩათ. ამდენი ხანია, კვლავ ახდენს საღად მოაზროვნე ადამიანების დისკრიმინაციას ქალბატონი კინწურაშვილი და მისი რაზმი. ამიტომ, ძალიან კარგი, თუ კანონს მიეცა მათი დასჯის საშუალება - ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც ჩამოვთვალე, საკმარისი არ არის, რომ ესენი საერთოდ ხმას ვეღარ იღებდნენ?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სოსო მანჯავიძე.