ალასკა - ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით, მიეკუთვნება აშშ-ის ალასკის შტატს. ნახევარკუნძულს გარს აკრავს წყნარი ოკეანე, ბრისტოლის ყურე და ბერინგის ზღვა. აქ არის ამერიკის სამხედრო ბაზა, აერთიანებს საჰაერო ძალების ელმენდორფის ბაზას და აშშ-ის არმიის ფორტ რიჩარდსონს. ეს ალასკის უდიდესი სამხედრო ბაზაა, სადაც 32 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ალასკაზე, სადაც ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება, დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
პუტინის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოდან“ ადგილობრივი დროით 07:50 საათზე აფრინდა და ანკორიჯში, 18:00 საათზე დაეშვა. უკვე არსებული პროტოკოლის გათვალისწინებით, თავდაპირველად, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
რუსული მხარის დელეგაციის შემადგენლობაში არიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
ისტორიულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, CNN-ი, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაზე, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკება მის საქმეს არ წარმოადგენს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, მაშინ ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტი Fox Radio-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი მიზანი, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, სამმხრივი შეხვედრის მიღწევაა და ამისთვის სამი სხვადასხვა ლოკაცია განიხილება, მათ შორის, ალასკაში დარჩენის ვარიანტიც.
„მჯერა,პუტინი ახლა დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიღწევას, შეთანხმებას აპირებს. მგონია, რომ აპირებს და ამას ვნახავთ - ძალიან მალე მეცოდინება ეს.ცუდი შეხვედრა თუ იქნება, არავის დავურეკავ, სახლში წავალ. კარგი შეხვედრა თუ იქნება, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ. ეს შეხვედრა მეორე შეხვედრას აორგანიზებს, მაგრამ არის 25%-იანი შანსი, რომ შეხვედრა წარმატებული არ იქნება. პუტინთან შეხვედრა თუ უარყოფითი იქნება, პრესკონფერენციაზე გამოვაცხადებ, რომ ომი გაგრძელდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-თან კონტაქტების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყოს.
„როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის დასასრულებლად და შეთანხმებების მისაღწევად, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესებში შედის. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ენერგიულ ძალისხმევას იჩენს იმისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობის პირობები შეიქმნას, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში, თუ მომდევნო ეტაპზე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის სფეროში შეთანხმებებს მივაღწევთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
„ტელეგრაფი“, წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში ომის შეჩერების სანაცვლოდ, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა, ვლადიმერ პუტინს ალასკისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების იშვიათ წიაღისეულზე წვდომა შესთავაზოს. მედიის ცნობით, ასევე განიხილება, რუსული საავიაციო მრეწველობისთვის გარკვეული ამერიკული სანქციების მოხსნა. თუმცა, რა მოხდება და როგორ დასრულდება შეხვედრა, ამ ეტაპზე, რთულია პროგნოზირება.
პოლიტიკის დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრეზიდენტების შეხვედრა ამერიკის სამხედრო ბაზაზე იმართება. მისი თქმით, ესეც სიმბოლურად არის შერჩეული.
„ალასკა ისეთი ადგილია, სადაც რუსეთ-ამერიკის საქმიანი თანამშრომლობა შედგა და პლუს, საზღვარია. ამ ეტაპზე, ერთი რამ ჩანს - პრეზიდენტ ზელენსკის ტრამპი ვერ აკონტროლებს. რა თქმა უნდა, გავლენა აქვს, როგორც ამერიკის პირველ პირს, მაგრამ ტრამპი ვერ აკონტროლებს. ზელენსკიზე უფრო მეტი გავლენა არის ლონდონიდან. შესაბამისად, თუ ტრამპსა და პუტინს რამეზე შეთანხმება უნდათ, პირველ რიგში, ეს არის ზელენსკის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. ამაზე შეიძლება შეთანხმდნენ. იმიტომ, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, ომის დაპაუზებაც კი ვერ მოხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ირაკლი გოგავა.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ალასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრა დაანონსდა, რუსეთის შეტევის ტემპი უკრაინის ფრონტზე ერთი-ორჯერ გაიზარდა. პაკროვსკი სრულად, კრამატორსკი - ოპერატიულ ალყაშია, ხოლო კონსტანტინოვკა - სანახევროდ ალყაში. უკრაინის არმია დონბასში, ფაქტობრივად, გარბის. რუსები დღეში 10-15 კმ-ს გადიან, რაც, მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ომის დაწყებისას მათ ტემპს, აქამდე არ გვინახავს.
„ეს უკვე ერთობ სერიოზული შედეგია, რაც ტრამპის ნებსითი თუ უნებლიე დახმარებით მიიღო რუსეთმა. უკრაინამ დაინახა და ამას სამხედროებიც ხედავენ, რომ წინააღმდეგობა ამაოა. ჯერ შეხვედრა არ გამართულა, მაგრამ ფრონტზე ამ შეხვედრის დაანონსებამაც კი უკვე არსებითი გავლენა მოახდინა. როცა შეხვედრა გაიმართება, მერე რას უნდა ელოდოს უკრაინა?! ეს არც ისე ძნელი მისახვედრი უნდა იყოს. ცხადია, ტრამპი და პუტინი კონკრეტულზე როც ვეერ შეთანხმდნენ, თავისთავად, ეს შეხვედრა მძლავრი სიმბოლო იქნება. სულ ცოტა, იმას მაინც მოიტანს, რომ მკაფიო გახდება - აშშ და რუსეთი უკრაინის საკითხის გამო, ომს აღარ აპირებენ.
ესკალაცია შეჩერდება. ეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კრახი და ევროპის გეოპოლიტიკური მარცხია. მოსალოდნელი კი არა, არამედ უკვე მომხდარი კრახი და მარცხი. შეუძლიათ თუ არა ევროპასა და უკრაინას ვითარების როგორმე შემობრუნება? ალბათ არა, თუკი ალასკაში პირდაპირ შეხვედრის მსვლელობისას, იქ მეტეორი არ ჩამოვარდა, ანდა ტერაქტი არ მოხდა ორი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ისე, თეორიულად, არაფერია გამორიცხული“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.