რუსული გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ტრამპი-პუტინის მოლაპარაკების წინ

რუსული გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ტრამპი-პუტინის მოლაპარაკების წინ

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, კერძოდ, პოკროვსკი-კონსტანტინოვკის მონაკვეთზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფრონტის ხაზი გაარღვიეს და უკრაინის თავდაცვის ხაზებში, ორი ცალკეული სოლის სახით, 15 კილომეტრის სიღრმეზე შევიდნენ. ეს არის ყველაზე მასშტაბური წინსვლა, რაც რუსულ არმიას უკრაინაში შეჭრის პირველი კვირების შემდეგ ჰქონია, როდესაც ისინი სწრაფად იპყრობდნენ ტერიტორიებს. მას შემდეგ, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული ძალები დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით იწევდნენ წინ, უზარმაზარი მსხვერპლის ფასად.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა საბოლოოდ აღიარა ეს გარღვევა. ფრონტის ხაზის სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ამ სექტორში სასწრაფოდ გადაისროლეს ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსის „აზოვის“ დანაყოფები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან შენაერთად ითვლება. „აზოვის“ ჩართვამ, გარკვეულწილად, სიტუაცია დაასტაბილურა, თუმცა საბოლოო სურათი კვლავ გაურკვეველია. გაუძლებენ თუ არა უკრაინელები ზეწოლას და შეძლებენ თუ არა ამ „რქებად“ წოდებული გარღვევების ლიკვიდაციას, თუ რუსული ძალები გაზრდიან წნეხს და გააფართოებენ თავიანთ წინსვლას?

ეს გარღვევა პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის ნახევრად ალყებს შორის მდებარეობს, რაც რუს გენერლებს მრავალ ვარიანტს სთავაზობს შეტევის განსავითარებლად. მათ შეუძლიათ შეტევის მიმართულება შეცვალონ სამხრეთ-დასავლეთით, რათა სრულად ალყაში მოაქციონ პოკროვსკი, ან განაგრძონ წინსვლა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩასოვიართან გასასვლელად და კონსტანტინოვკის „ტომარაში“ მოსაქცევად.

თუმცა, არსებობს უფრო მასშტაბური საფრთხეც. თუ რუსი ოკუპანტები მთელ ძალებს მიმართავენ ამ ორი „რქიდან“ მკაცრად ჩრდილოეთისკენ, ლიმანის მიმართულებით, ალყაში ერთდროულად შეიძლება აღმოჩნდეს კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ეს კი პუტინის სამწლიან ოცნებას, ანუ უკრაინის დონბასის, დონეცკის ოლქის სრულ ოკუპაციას რეალობად აქცევს. ეს წინსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის პოტენციურად მნიშვნელოვან „კოზირად“ იქცევა მოლაპარაკებების მაგიდასთან, განსაკუთრებით კი ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გენერალური შტაბი ოფიციალურად არ აკონკრეტებს ამ გარღვევის დეტალებს, სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოები და ანალიტიკური ცენტრები აქტიურად აშუქებენ ვითარებას.

The New York Times-ი იუწყება, რომ რუსული ძალების წინსვლა აღმოსავლეთ ფრონტზე, უკრაინისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ხაზს უსვამს დასავლეთის სამხედრო დახმარების კრიტიკულ საჭიროებას. მათი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთი ცდილობს ისარგებლოს უკრაინის რესურსების შეზღუდულობით და ახალი ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებით, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები ნებისმიერი სამომავლო მოლაპარაკებებისთვის.

BBC News-ი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლები უმძიმესია უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული. ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინული ძალები თავგანწირვით იცავენ პოზიციებს, თუმცა რუსეთის რიცხობრივი უპირატესობა და საბრძოლო მასალის მარაგების გაზრდა მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

Reuters-ი ყურადღებას ამახვილებს რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, რომელიც ამ წარმატებას მნიშვნელოვან გამარჯვებად წარმოაჩენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას ოპერაციული წინსვლისა და უკრაინული ძალებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ, რაც მიზნად ისახავს შიდა აუდიტორიის მობილიზაციას და საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის გაზრდას.

უკრაინის გენერალური შტაბი, თავის ყოველდღიურ ანგარიშებში, ხშირად აღნიშნავს რუსული შეტევების მოგერიებას და მტრისთვის მიყენებულ ზარალს, თუმცა კონკრეტული ტერიტორიული დათმობების შესახებ ინფორმაცია ხშირად გვიანდება, ან საერთოდ არ ვრცელდება საჯაროდ. ეს, სავარაუდოდ, საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნებისა და მოსახლეობაში პანიკის თავიდან აცილების მიზნით ხდება. რუსული მედია, თავის მხრივ, ამ წარმატებას პუტინის პოლიტიკის სისწორის დასტურად იყენებს და საუბრობს „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ პროცესის ეფექტიან განვითარებაზე.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსული არმიის ამგვარი წინსვლა არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, არამედ მიზნად ისახავს პუტინის პოზიციების გაძლიერებას მომავალი მოლაპარაკებებისთვის. კაპანაძე for.ge-თან ამბობს, რომ ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის წინ, 15-კილომეტრიანი წინსვლა ნამდვილად წარმოადგენს მნიშვნელოვან „კოზირს“ პუტინის ხელში.

„ეს საშუალებას აძლევს მას წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ძლიერი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სამხედრო მიზნების მიღწევა, რითაც ზეწოლას მოახდენს დასავლეთზე უკრაინისთვის დახმარების შემცირების, ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. უკრაინის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ფრონტზე, პოკროვსკის მიმართულებით, ვითარება მძიმდება. უკრაინული ძალები მეორე ოპერატიულ ეშელონს ამაგრებენ - ეს არის ორგანიზებული ფორტიფიკაცია იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია იძულებით უკანდახევას მოითხოვს.

ფრონტის ამ მონაკვეთში რუსული დანაყოფები სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ცდილობენ, ალყაში მოაქციონ პოკროვსკი - დასახლებული პუნქტი, სადაც უკვე დიდი ხანია ბრძოლა მიმდინარეობს. თუ ალყის რგოლები ერთმანეთს 10 კილომეტრით ან ნაკლებით მიუახლოვდება, რუსებს ექნებათ შესაძლებლობა, ორივე მხრიდან ცეცხლით დაფარონ ღრიჭო. ასეთ შემთხვევაში, უკრაინელებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - დატოვონ პოზიციები, რათა არ აღმოჩნდნენ ალყაში. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მათ უკვე ჰქონდეთ გამზადებული შემდეგი თავდაცვითი ხაზები“, - განმარტავს კაპანაძე.

მისივე თქმით, ფრონტის საერთო სიგრძე 1500 კილომეტრია და სხვადასხვა მონაკვეთზე ვითარება განსხვავებულია. მაგალითად, სუმის მიმართულებით, უკრაინელებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება და ბრძოლების სტაბილურ ფაზაში გადაყვანა. ხოლო ლიმანის მიმართულებაზე გენერალი ამბობს, რომ რუსებმა აგვისტოს დასაწყისიდან მცირე წინსვლა განახორციელეს, თუმცა ის ძალიან ნელია და მცირე მანძილზე.

„ლიმანიდან შესაძლებელია სლავიანსკისა და კრამატორსკის აგლომერაციაზე გასვლა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მაგრამ ამისთვის რუსებს ჯერ ორი მდინარის ფორსირება მოუწევთ. აქედან პირველი - ჩორნი ჟერებეცი - დიდი მდინარე არ არის, მაგრამ ამ ომის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი მდინარე რუსებისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე განმარტებით, ლიმანის აღების შემდეგ, რუსებს წინ დახვდებათ მასიური ტყის ზოლი, რომელიც შეტევის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს.

„ტყიდან თუ გავიდნენ, მათ წინ „სევერნი დონეცი“ დახვდებათ - ეს უკვე სერიოზული მდინარეა, რომლის მეორე ნაპირზე, უკრაინელებს აქვთ გამაგრებული სლავიანსკი. დღევანდელი რუსული შესაძლებლობებით, მისი აღება წარმოუდგენელია. წლის ბოლომდე ლიმანის დაკავებას არ ველი“, - ამბობს გენერალი. 

გენერალ-მაიორის ინფორმაციით, რუსულ წყაროებში გაჟონა ცნობამ, რომ ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში დარჩენილი ტერიტორიის დაუყოვნებლივ დაკავებაზე. „პუტინისთვის მნიშვნელოვანი მიზანია, წლის ბოლომდე შეასრულოს საჯარო დაპირება და სრულად დაიკავოს ოთხი რეგიონი - ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. ბოლო ორ შემთხვევაში, მას ამჟამად მხოლოდ ნახევარი აქვს კონტროლზე“, - განმარტავს კაპანაძე.