გახარია-ხაზარაძის  დაპირისპირება გრძელდება - ჩიხში შესული მოლაპარაკებები თბილისის მერობის კანდიდატზე

გახარია-ხაზარაძის  დაპირისპირება გრძელდება - ჩიხში შესული მოლაპარაკებები თბილისის მერობის კანდიდატზე

ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაძაბულობა იზრდება. ოპოზიციურ ფლანგზე, განსაკუთრებით, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას გუნდს შორის, მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო სიებზე შეთანხმება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. ამ ფონზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპონენტების ქაოსს „დესტაბილიზაციის მცდელობად“ აფასებს.

თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატად ალეკო ელისაშვილი დასახელდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მას „კონკურენტი არ ჰყავს“ და „პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია“. თუმცა, მის გარდა, მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კანდიდატურას გიორგი გახარია ბლოკავს, რის გამოც „ლელოს“ საარჩევნო პარტნიორებმა ბერლინშიც კი გამართეს შეხვედრა. ექსპრემიერის გუნდი არ გამორიცხავს გიორგი შარაშიძის კანდიდატურასაც.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. ელისაშვილი აცხადებს, რომ „ბრძოლას აპირებს“ და უარყოფს რაიმე სახის დაპირისპირებას მემორანდუმის ხელმომწერ პარტიებს შორის:

„მე კონკურენტი არ მყავს, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად, არავის არ მივიჩნევ კონკურენტად... ძალიან კარგი კაცია მერაბ სეფაშვილი. თქვენ რატომ გეტყვით, რაზე არის თანახმა გახარია და რაზე არა? რატომ გგონიათ, რომ თქვენ ჩაგაბარებთ ანგარიშებს? არანაირი დაპირისპირება არ არის, ძალიან მტკიცე და ძალიან გუნდური კოალიციაა, არაფერი არ ჩამოიშლება. მე არ მახსენდება, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე, ორი ერთმანეთის კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფი ასე სინქრონში მუშაობდეს“, - ამბობს ელისაშვილი.

„ლელოს“ შიგნითაც სერიოზული უთანხმოებებია. პარტიამ ვერ შეძლო შეთანხმება გახარიას გუნდთან და არც პარტიის შიგნითაა სიმშვიდე. გავრცელებული ცნობით, კიდევ ერთი დაპირისპირება პროპორციულ სიებს ეხება. კერძოდ, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი - ლანა გალდავა თუ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი. ორივეს აქვს ამბიცია, თუმცა პოლიტსაბჭომ არჩევანი ვატო სურგულაძეზე გააკეთა, რომელიც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. სურგულაძე ადასტურებს ამ ინფორმაციას, თუმცა, „ლელოს“ სხვა წევრების მსგავსად, უარყოფს პარტიაში სიებზე არსებულ დაპირისპირებას.

მმართველი პარტია ოპოზიციის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე კანდიდატებს შორის შეჯიბრება „საუკეთესო დესტაბილიზატორის“ გამოვლენას ისახავს მიზნად. მათი თქმით, ხაზარაძე-გახარიას პარტიები, რომლებიც მემორანდუმის ძალით „დამეგობრდნენ“, რეალურად არა საერთო კანდიდატს, არამედ საერთო გეგმის უკეთ შემსრულებელს ეძებენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია „ელექტორატის ნებას ვერ ასრულებს“ და „მითითებებს ქვეყნის გარედან იღებს“. მისი თქმით, არჩევნებამდე თვენახევრით ადრე საარჩევნო კამპანიის არდაწყება და კანდიდატებზე შეუთანხმებლობა მიუთითებს იმაზე, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი „ფასადურია“:

„ორი სუბიექტია, ორი ფილიალია „ნაცმოძრაობის“ და აქვთ ერთმანეთში ჩხუბი, ვინ სად, რომელ კანდიდატურას დააყენებს. ეს არის რეალური მოცემულობა და ეს ხალხი გვესაუბრება ჩვენ ღირებულებებზე, ევროპულ ღირებულებებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ მართოს სახელმწიფო? თავიანთი ამომრჩევლებიც კი უყურებენ ამას და, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებთ, როდესაც მათი რჩეული პარტიის ლიდერები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან თვენახევრით ადრე არჩევნებამდე, ვინ იქნება ან მერობის კანდიდატი, ან კანდიდატები საკრებულოში. ეს არის მოცემულობა. შანსებზე აქ ლაპარაკი ზედმეტია“, - ამბობს მაჭარაშვილი.

წინასაარჩევნო დრამას რადიკალურად განსხვავებულად აღიქვამს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და „გირჩი“, რომელიც ამჟამად საკუთარი კანდიდატების შერჩევის პროცესშია.

როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნებამდე დარჩენილ დროში, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ოპოზიციური პარტიების შიგნით არსებული დაპირისპირებები და მმართველი გუნდის კრიტიკა კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ ვითარებას, რაც ამომრჩევლის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. 

ანალიტიკოსი, პეტრე მამრაძე ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს მკაცრად აფასებს და მათ „კიდევ ერთ წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს, რომელიც საზოგადოების თვალში ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მამრაძის განცხადებით, მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო სიებზე შეუთანხმებლობა ნათლად აჩვენებს ოპოზიციის „შიდა ქაოსს და იმართება გარედან მიღებული მითითებებით“.

„რასაც დღეს ოპოზიციაში ვხედავთ, ეს არ არის ბრძოლა ხალხის ნებისთვის, ან ქვეყნის წინსვლისთვის. ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო დრამა, რომელიც ერთი მიზნით არის დადგმული - როგორმე შექმნან დესტაბილიზაციის ილუზია“, - განაცხადა მამრაძემ.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, ისევე, როგორც „ლელოსა“ და გახარიას გუნდს შორის გაუგებრობები, უბრალოდ, თვალის ახვევაა.

„ესენი ხომ ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა, „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები, რომელთაც ერთმანეთში გაუგებრობა მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ იაქტიურონ და საინფორმაციო სივრცე შეავსონ. რეალურად, მათ არავითარი საერთო დღის წესრიგი, გარდა ხელისუფლების დისკრედიტაციისა, არ აქვთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მამრაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ოპოზიციას საარჩევნო კამპანია არ დაუწყია.

„ეს ხომ ნათელი დასტურია იმისა, რომ მათთვის ამომრჩევლის ნება და რეალური ბრძოლა არაფერს ნიშნავს. ისინი საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებენ და მათი მთავარი ამოცანა ისევ და ისევ ქვეყნის შიგნით დაძაბულობის შექმნაა. მემორანდუმები, გაერთიანებები, ყველაფერი ფასადურია. ეს არის თვითლიკვიდაციის პროცესი, რომელიც საბოლოოდ, ოპოზიციას ისედაც მცირე ელექტორატის ნდობასაც დააკარგინებს“, - ამბობს პეტრე მამრაძე.  

 

 

 

 

 

 

 

მარბიელი ერთი რამ ვერ გავიგე:თუ ასე წყალწაღებულები არიან გახარია და ლელო, თუ 64-ვე მუნიციპალიტეტში უპრობლემოდ იგებთ არჩევნებს, რატომ აგზავნით ჟურნალისტებს ბერლინში მათ სათვალთვალოდ, რატომ ხარჯავთ ამდენ დროს პრემიერიდან დაწყებული ყველანი მათ ლანძღვაში? რატომ არ ლაპარაკობთ მახარაძესა და ანტინფოზე, პ/ალიანსზე ან სხვებზე?
36 წუთის უკან