2008 წლის კონფლიქტის დროს რუსული ტანკები შემოიჭრნენ საქართველოში და დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს საქართველოს ამბიციას - აღედგინა კონტროლი სეპარატისტულ ტერიტორიებზე.
რუსეთან ომში დამარცხებიდან ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს სურს კრემლთან დამეგობრება, მაგრამ ამავდროულად საქართველოს სურს სრული ინტეგრირება დასავლეთთან. შესაძლებელია თუ არა ორივე მათგანის ერთად გაკეთება - ამ შეკითხვას BBC-ის კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი სვამს.
როცა რუსული ძალები ქართულ სოფელ ერგნეთში შევიდნენ, 74 წლის ივანე დვალიშვილის სახლი დაწვეს, მისი საქონელი მოიპარეს და საირიგაციო სისტემა დაანგრიეს. ხუთიოდე წლის შემდეგ, მისი სახლი და ცხოვრება კვლავ ნანგრევებშია, რაც საქართველო-რუსეთს შორის ომის შედეგად დატოვებულ კვალს წარმოადგენს.
„აქ ატმები და ხილი მოგვყავდა“ ,- ამბობს იგი, „მაგრამ ომის შემდეგ ვერაფრის მოყვანას ვახერხებთ“.
8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან 5 წელი შესრულდება. ომი მხოლოდ ხუთი დღე გაგრძელდა, მაგრამ ის საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ომი დაიწყო საქართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციით, რომელიც იმედოვნებდა იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებზეც კონტროლი საქართველომ 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, რუსულ არმიას არ გაუჭირდა ტერიტორიების ხელახლა დაკავება და საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეღწევა, რომელიც დედაქალაქთან ახლოს შეჩერდა.
დაახლოებით 1000 ადამიანი დაიღუპა, ათი ათასობით ქართველს, რომელიც სადაო ტერიტორიაზე ცხოვრობდა, თავიანთი სახლების დატოვება აიძულეს.
რუსულ ჯარებს ამჟამად დაკავებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%.
მოსკოვმა და თბილისმა დაუყოვნებლივ შეწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, ხოლო რუსი და ქართველი ლიდერები კი არადიპლომატიური შეურაცხყოფების მორევში გადაეშვნენ.
ვლადიმერ პუტინმა ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ სურდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასქესო ორგანოებით ჩამოკიდება.
ტანმაღალი მიხეილ სააკაშვილი კი ხუმრობს ბატონი პუტინის სიდაბლის გამო და მას „ლილი-პუტინს“ ეძახის.
ჩვეულებრივი ქართველების პრობლემები კი კვლავ არსებობს. რუსეთში გამგზავრება, ნათესავებთან სტუმრობის თუ მუშაობის მიზნით, ძალიან გართულდა. ხოლო ქართული კომპანიები კი თავიანთი ძირითადი ბაზრიდან მოწყვეტილები დარჩნენ.
მაგრამ საქართველოს ახალ მთავრობას, რომელმაც ოქტომბერში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია ძალაუფლებას ჩამოაშორა, სურს სავაჭრო და ბიზნეს კავშირების აღდგენა მოსკოვთან.
პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა თბილისის მხრიდან უკვე დაარწმუნა რუსეთი გაეუქმებინა აკრძალვა ღვინის და მინერალური წყლების გაყიდვაზე.
აგრეთვე შეინიშნება ქართველებისთვის რუსეთში გასამგზავრებელ ვიზებზე არსებული შეზღუდვების გამარტივების ნიშნები. ხოლო 11 ივნისს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ურთიერთობების სრულმასშტაბიან აღდგენას.
მიუხედავად ომის მიერ დატოვებული კვალისა, ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც დიდი მხარდაჭრა აქვს ქართველი ამომრჩევლების მხრიდან.
„ჩვენ გვიყვარს რუსეთი“ ერთელ მითხრა ჩემმა ქართველმა მეგობარმა მაკამ. როცა მე ვკითხე გააჩნდა თუ არა მძიმე შეგრძნებები ომთან დაკავშირებით, მან მიპასუხა „ჩვენ უბრალოდ ძალიან არ მოგვწონს პუტინი“.
საქართველოს რუსეთთან ახლო კავშირები გააჩნდა საუკუნეების განმავლობაში.
ქართველებს უყვართ რუსული ლიტერატურა და კულტურა. ტრადიციულად ისინი ქრისტიანულ რუსეთს აღიქვამდნენ როგორც გზას ევროპისკენ და საქართველოს დამცველად დაპყრობის მსურველი მუსლიმანური იმპერიებისგან, კერძოდ ამჟამინდელი ირანისა და თურქეთისგან.
სამოცდაათი წლის განმავლობაში, როცა ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მზიან საქართველოს ისეთივე რეპუტაცია ქონდა, როგორიც ჩრდილოეთ ევროპაში აქვს იტალიას: მომაჯადოებლად ქაოტური, საუკეთესო კერძებით, ღვინოთი და ამინდით.
ასე რომ, ურთიერთობების გაფუჭება ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან მტკივნეული იყო, საქართველოსთვის მაინც.
ჰკითხეთ ნებისმიერ ქართველს თუ სად იყო ის იმ დღეს, როცა მათი პატარა ქვეყანა უცაბედად აღმოჩდა მძლიერ მეზობელთან ომში ჩართული და ისინი შეძლებენ, რომ გიპასუხონ.
ეს იყო უსაშინლესი მომენტი გაღარიბებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომლის მოსახლეობა 5 მილიონიც კი არ არის.
და ანალოგიურად შემაშინებელი პერსპექტივა იყო დასავლეთისთისაც.
ბ-ნ სააკაშვილის მიერ განხორციელებული 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელსაც მხარს უჭრდა აშშ, საქართველო კორუმპირებული, საბჭოთა სტილის და წარუმატებული სახელმწიფოდან იქცა დემოკრატიულ დასავლურ პროექტად ყოფილი საბჭოთა კავშირის ცენტრის მახლობლად.
ამ პროცესში ქვეყანა იქცა ნატოს მნიშვნელოვან მოკავშირედ, და წარმოიშვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეეძლო ევროპა და ამერიკა რუსეთთან სრულმაშტაბიან ომში ჩაეთრია.
ბრძოლები დაიწყო სამხრეთ ოსეთში - მთებით შემოსაზღვრულ მცირე ტერიტორიაზე, რეგიონში, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და რომელიც გამოეყო საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში.
თბილისი და საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობა მას საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.
ევროკავშირის დამოუკიდებელ ანგარიშში რუსეთი დადანაშაულებულია მოცემულ ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდის განხორციელებაში. მაგრამ ამავდროულად დადანაშაულებულია სააკაშვილის მთავრობაც პირველად ცეცხლის გახსნის გამო.
პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამტკიცებს, რომ საქართველო მოქმედებდა თავდაცვის მიზნით და უთითებს იმაზე, რომ 2008 წლის ზაფხულში აღინიშნა რუსული ჯარების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია საზღვრის მეორე მხარეს.
ახლა, როცა სააკაშვილის პარტია ხელისუფლებაში არ არის, თბილისში მწვავე კამათია ხსენებულ ომთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს გამწვავებულია პოლიტიკური მეტოქეობით.
მაისში, სააკაშვილის მეტოქემ, მილიარდელმა მაგნატმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პრემიერმინისტრია, ომის გამოძიება დაიწყო.
სააკაშვილმა მსგავსი კრიტიკა შეაფასა, როგორც არაპატრიოტული, რომელიც რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ისეთი ბრალდებებია, რომელიც ბ-ნ ივანიშვილს რუსეთის მარიონეტად წარმოაჩენს.
მილიარდელმა მაგნატმა თავისი ქონება 1990-იან წლებში დააგროვა მოსკოვში, რამაც ზოგ-ზოგიერთებში მის მიმართ ეჭვები წარმოშვა. როცა გასულ წელს ის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა და გამოაცხადა მისი განზრახვის შესახებ, რომ სურდა პრემიერმინისტრობა, ბევრი მას ბრალს სდებდა იმაში, რომ მას სურდა საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანა.
აშშ-ში განათლება მიღებული პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ მინისტრი კარგად საუბრობს რუსულად, მაგრამ ცუდად იცის ინგლისური.
ოქტომბრის არჩევნებში მისი ტრიუმფის შემდეგ ძალიან ბევრ საერთაშორისო მიმომხილველს მიაჩნდა, რომ საქართველო გაიმეორებდა უკრაინის ბედს და დაბრუნდებოდა რუსეთის ორბიტაზე. მაგრამ ხელისუფლებაში ბ-ნი ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანად კვლავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება რჩება.
წლების განმავლობაში კრემლთან დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, მისი მშვიდი პრაგმატული და გაწონასწორებული მიდგომა რესეთის მიმართ მეტად პოპულარულია ქართველ ამომრჩევლებს შორის.
მევენახეები მოუთმენლად ელიან უზარმაზარ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, ხოლო ტურისტული სექტორი კი რუსი დამსვენებლების მოზღვავებას მოელის ამ ზაფხულს.
ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქართველების 68% ენდობა საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომას რუსეთთან მიმართებით.
მაგრამ მაინც შეუძლებელია ამ ორ მეზობელ შორის სეპარატისტულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე შეთანხმება. თბილისი ამტკიცებს, რომ რეგიონები ეკუთვნის საქართველოს, ხოლო მოსკოვი კი აცხადებს, რომ მათი დამოუკიდებლობის აღიარება გარდაუვალია.
ამ ეტაპზე ორივე მხარე შეთანხმდა არ დათანხმდნენ ერთმანეთს. სანაცვლოდ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობასა და ბიზნესზე, სადაც შერიგება შესაძლებელია და ორივე მხრისთვის სარგებლის მომტანიანია.
მაგრამ შეუქმნის თუ არა საფრთხეს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას?
პრემიერმინისტრი ივანიშვილი აცხადებს, რომ მას სურს იხილოს ნატოში გაწევრიანებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მომავალ წელს. ნატოში გაწევრიანება აღიქმება, როგორც რუსეთის შემდგომი შემოჭრის თავიდან აცილების გარანტია.
ზოგიერთი დასავლელის თვალში საქართველო წარმოადგენდა პასუხისმგებლობას, სააკაშვილის მმართველობის ქვეშ, რომელიც ძალიან იმპულსური ადამიანია.
ძალიან ბევრი დასავლელი ლიდერისთვის 2008 წლის ომი წარმოადგენდა იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ არაპოგნოზირებადი საქართველოს გაწევრიანება სამხედრო ალიანსში, განსაკუთრებით ნატოში ორმხრივი დაცვის პაქტით, საფრთხის მომტანია.
ასე რომ, თუ ომის ნაცვლად ამ სახელმწიფოებს ექნებათ კარგი ურთიერთობა, მოსკოვმა შეიძლება გაზარდოს საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების შანსები.
რაც შეეხება რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთებას, ეს უკვე არ წარმოადგენს მარტივ შეკითხვას პასუხით ან ერთი ან მეორე - არამედ ორივესთან ურთიერთობის მოხერხებას.