პოლიტოლოგი, კონფლიქტების მკვლევარი დავით ემუხვარი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, აცხადებს, რომ სამწუხაროდ, დაუსრულებელი პოლიტიკური კინკლაობა ყოველდღიურად გვაშორებს აფხაზეთს. მისი თქმით, აუცილებელია გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ამბიციები და ერთად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდღენისთვის, რასაც მოჰყვება დევნილთა ღირსეული დაბრუნება. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, აუცილებელია შეიქმნას ერთგვარი მოედანი, სადაც ქართველი ექსპერტები იმსჯელებენ ამ თემებზე ისე, რომ ამ მსჯელობაში ჩართონ აფხაზური მხარეც.
for.ge დავით ემუხვარს ესაუბრა.
ძალიან მალე სოხუმის დაცემიდან 30 წელი სრულდება, საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია, არა მარტო აფხაზეთიდან დევნილებისთვის და თავად აფხაზებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. როგორ ხედავთ, სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელიც გახდება ძლიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების წინაპირობა?
დავით ემუხვარი: პირველ რიგში, მინდა მადლობა გითხრათ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხებით დაინტერესებისათვის, როგორიც არის აფხაზეთი და აფხაზი ერი. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ და ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ადამიანები და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა 1992-93 წლის სამხედრო დაპირისპირებამ.
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ძმათა მკვლელი ომი დაიწყო. სამწუხაროდ, ვატყობ, რომ პოლიტიკურ დონეზე აფხაზეთის საკითხი არის გაჩერებული. მაგრამ რაც მთავარია, ხალთა შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა, დღემდე გრძელდება ერთმანეთთან მიმოსვლა.
მე, პირადად ხშირად მიწევს აფხაზეთში ჩასვლა, მაქვს აფხაზებთან ურთიერთობა და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მიუხედავად ძმათამკვლელი ომისა, რომელიც 1992-93 წლებში თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და მისი მძიმე შედეგებისა, აფხაზეთში მცხოვრები უფროსი თაობის უმეტესობა დადებითად არის განწყობილი ქართველების მიმართ და რაც მთავარია, ქართველებს მოიხსენიებენ როგორც ძმებს, ხოლო ქართველეთან თანაცხოვრებას ყოველთვის იხსენებენ დიდი პატივისცემით და სითბოთი, ისე, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს.
მშვიდობიანი დიალოგის პარალელურად რამდენად მნიშვნელოვანია და ამავე დროს აუცილებელიც, რომ ქართულ თემად ვაქციოთ ის თემები, რაც აწუხებთ აფხაზებს და ჩავდოთ ჩვენი ინტერესები? ანუ, ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მათ პრობლემებზე მიდის მსჯელობა...
- მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გავყოთ ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა ხმამაღლა და გასაგებად უნდა ილაპარაკონ იმის შესახებ, რომ აფხაზი ერი - ეს არის ჩვენი მოძმე ერი, საუკუნეებია ერთმანეთთან გვაკავშირებს ძმობა და თანადგომა, რომ მათი პრობლემა, ჩვენი პრობლემაც არის. მეორე ნაწილი ეს არის სახალხო დიპლომატია და ის ჰუმანიტარული საკითხები, რაზედაც დგას ზოგადად პოლიტიკა. ჩვენ, როგორც რიცხობრივად დიდმა ერმა, უნდა დავიწყოთ დიალოგი და გავაგებინოთ აფხაზებს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
თქვენ როგორც აღნიშნეთ, დღემდე კონტაქტი გაქვთ აფხაზებთან და ერთმანეთს უზიარებთ ქართულ-აფხაზურ პრობლემებს. ბატონო დავით, დღეს აფხაზებს თუ აინტერესებთ ქართულ საზოგადოებაში განიხილება თუ არა აფხაზური საკითხები და საინტერესოა რა კუთხით?
- რა თქმა უნდა, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ ნაწილშიც საკმაოდ კარგადაც ერკვევიან რომელი პოლიტიკური პარტია მუშაობს აფხაზეთის და კერძოდ, კონფლიქტის დარეგულირების ნაწილში. მე დღემდე არ შემიწყვეტია ურთიერთობა აფხაზებთან. მეტსაც გეტყვით, როდესაც სუფრასთან ვსხდებით, ვერ ვასხვავებ ქართველს და აფხაზს ერთმანეთისგან, იმდენად ერთნაირად ვაზროვნებთ. დამიჯერეთ, რომ არა აფხაზური აქცენტი, ვერაფრით ვერ განასხვევებთ მათ დანარჩენი ქართველებისგან. ჩვენი კულტურა ჩადებულია აფხაზურ გენში.
სამწუხაროდ, დაუსრულებელი პოლიტიკური კინკლაობა ყოველდღიურად გვაშორებს აფხაზეთს. აუცილებელია გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ამბიცები და ერთად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდღენისთვის, რასაც მოჰყვება დევნილთა ღირსეული დაბრუნება. კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, მნიშვნელოვანია ხალხთა შორის ურთიერთობა და ამავე დროს აუცილებელია, რომ თქვენ, ქართველმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა ისაუბროთ ერთმანეთთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, როგორია მოსახლეობის განწყობა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი კუთხითაც.
ფაქტია, რომ დღეს, ქართულ მედიაში შუქდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უარყოფითუ მხარე, არ ეთმობა დრო დადებით მხარეს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ნდობის აღდგენისთვის არის მნიშვნელოვანი...
- რა თქმა უნდა. აფხაზეთში არის ისეთი ტელევიზიები, სადაც მსჯელობენ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე, შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე. საჭიროა მათი პროექცირება, რომ ჩვენც განვიხილოთ რა ტენდენციებია, რა მიმართულებებია აფხაზურ საზოგადოებაში. დღეს, აფხაზი მოსახლეობა ხმამაღლა საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ და, პირველ რიგში, ეს არის რუსიფიკაციის პრობლემა, რასაც საფრთხედ მიიჩნევენ. აუცილებელია ამ საკითხებზე მსჯელობა ქართულ საზოგადოებაში, რათა პროგრესულად მოაზროვნე აფხაზებმა იგრძნონ, რომ საქართველოს სახით მათ ჰყავთ მხარდამჭერები. თუ აქიდან დავიწყებთ მსჯელობას, მათ შორის ამ საკითხების მედიით გაშუქებას, აფხაზები დაინახავენ, რომ ქართველებისთვის მნიშვნელოვანია რა ხდება აფხაზეთში და შესაბამისად, უფრო მეტი თემები წამოვა.
ბიჭვინთაში საკმაოდ დიდი ტერიტორია გასხვისდა რუსეთის მოქალაქეებზე, რასაც აფხაზეთში მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა, მაგრამ ქართული მხარისთვის ეს თემა არ აღმოჩნდა საინტერესო. უნდა ვაჩვენოთ აფხაზებს, რომ საქართველოში მათ პრობლემებზე მიდის მსჯელობა. აუცილებელია შეიქმნას ერთგვარი მოედანი, სადაც ქართველი ექსპერტები იმსჯელებენ ამ თემებზე ისე, რომ ამ მსჯელობაში ჩართონ აფხაზური მხარეც. აუცილებელია ჩვენება, რომ საქართველო საუბრობს აფხაზეთის საკითხზე.
ყურადღება მინდა გავამახვილო ერთი მტკივენულ საკითხზე, ქართულ არხებზე გვესმის ერთი და იგივე, დაუსრულებელი კინკლაობა პოლიტიკოსებსა და პარტიებს შორის. ომის შემდეგ გავიდა 30 წელი, კითხვა მაქვს ქართველ პოლიტიკოსებთან - რა გააკეთდა 30 წლის განმავლობაში და რას აპირებენ? რა ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს გასაერთიანებლად? რატომ ამ საკითხზე არ საუბრობენ ტელევიზიით ხმამაღლა?
რატომ არ ეთმობა დრო აფხაზეთს და აფხაზებს? ისინი ჩვენი ხალხი არ არიან? ყველას უნდა აფხაზი ხალხის შემორიგება, მაგრამ რა კეთდება ამისთვის? თუ, თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზეთი და აფხაზები თვითონ დაბრუნდებიან... დამიჯერეთ, დრო ჩვენზე არ მუშაობს. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ. აფხაზეთში იზრდება ახალი თაობა, მათ არ იციან და არ ახსოვთ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება და ძმობა. ამიტომ მოვეგოთ გონს - სანამ უფროსი თაობა ცოცხალია და აქვთ გავლენა დავიწყოთ დიალოგი.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველების ცხედრების გადმოსვენების პროცესი თითქმის დასრულებულია. ეს პროცესი მტკივენულია თავად აფხაზებისთვისაც. ვიცით შემთხვევა, როდესაც თავად აფხაზებმა დაიწყეს ქართველების სასაფლაოების მოვლა-პატორონობა და for.ge-მ არაერთი სტატია მიუძღვნა იმ უნიკალურ მოვლენას, როდესაც აფხაზი კაცი, ისევ აფხაზის მიერ მოკლული ქართველი მეომრის სასაფლაოს ასუფთავებს და ეს ადამიანი დე-ფაქტო ხელისუფლების გავლენიანი პირია. როგორც ვიცი, თქვენ უკვე ესაუბრეთ ისტორიის ორივე მხარეს, როგორია დღეს ქართველი და აფხაზი მეომრის პოზიცია, თუ მიდის დიალოგი ნდობის აღდგენის კუთხით და როგორ წარმოუდგენიათ?
- მე, უკვე გითხარით, რომ ურთიერთობა არ შემიწყვეტია აფხაზებთან. ვცდილობ ყოველ წელს ჩავიდე აფხაზეთში და დრო დავუთმო ჩვენს ურთიერთობას, შემორიგებას. რაც შეეხება ამ ისტორიას, მომეცა საშუალება მას გავცნობოდი და გავსაუბრებოდი. ამ ქართველმა, რომელმაც საგმირო საქმე დაწყო, მომიყვა თავისი ისტორიის საკამოდ ტრაგიკული ნაწილი, ასევე აფხაზ ძმებთან ერთად გატარებული ცხოვების მონაკვეთი. იცით, ამაყი გავხდი, რომ მეც ქართველი ვარ. დამიჯერეთ, მარტო ქართველი მოიქცეოდა ასე. მინდა გითხრათ, რომ ხალხი მუშაობს. დაინტერესებული არიან, რომ დიალოგი დაამყარონ აფხაზ ძმებთან.
აფხაზები ვერ დაიწყებენ დიალოგს, პატარა ერია. დავიწყოთ ჩვენ და ისინი მოდიან ურთიერთობაზე. აფხაზეთში, ან თუნდაც ევროპაში ვხვდებით ერთმანეთს, ისინი საუბრობენ, რომ მზად არიან წამოვიდნენ დიალოგზე, მაგრამ ვერ ხედავენ მცდელობას, თუნდა საქართველოს მთავრობის დონეზე. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ თბილისში მოკალათებულ აფხაზეთის მთავრობას, რომელიც ზედმეტი ტვირთია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენთვის, დევნილებისთვის. ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობს, მაგრამ ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენ მეტი დრო უნდა დავუთმოთ აფხაზეთს. ბოლოს და ბოლოს, ყველა აფხაზს ქართული გვარი აქვს.
თქვენ ახსენეთ, რომ ევროპაში ხვდებით აფხაზებს, რამდენად ხშირად ჩამოდიან და რატომ? ევროპული განათლების მიღებით თუ არიან დაინტერესებულნი?
- რასაკვირველია, აფხაზებისთვის მნიშვნელოვანია განათლების საკითხი. მნიშვნელოვანია დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და შევთავაზოთ შემხვედრი ნაბიჯი მთლიანად აფხაზ აბიტურიენტებს, რომლებსაც უნდათ განათლება საქართველოში მიიღონ და ჩვენ, უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა. რატომაც არა, მიიღონ განთლება საქართველოში, რაც კონფლიქტის დარეგულირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მოგეხსენებათ, რომ მათ აქვთ რუსული პასპორტები, უმეტესობა რუსეთში მიდის განათლების მისაღებად. მაგალითად, მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია სამედიცინო დახმარება რუსეთში მიიღონ, მაგრამ არჩევანს საქართველოზე აკეთებენ, მათ შორის ეკონომიკური, თუ ტურისტული კუთხითაც, რადგან ქართული მენტალობა უფრო ახლოსაა მათთან. ამ მენტალური და იდენტური სიახლოვის გამო, ისინიც არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ აკეთებენ.
ახლა, უკრაინაში მიმდინარე საომარო მოქმედების ფონზე გაუჭირდებათ, მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა შეუმცირა დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განათლების მისაღებად რუსეთში ვერ წავლენ. ვერც ევროპაში ვერ გადიან და კიდევ უფრო გაუჭირდებათ. დადგა დრო, რომ ეს ვითარება გამოვიყენოთ და გვერდში დავუდგეთ იმ აფხაზ ახალგაზრდებს და დავეხმაროთ განათლების მიღებაში, ეს აუცილებელია და ეს არის უმთავრესი საკითხი.
ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, როგორია აფხაზების დამოკიდებულება ჩვენი უწმიდესის მიმართ, რომელიც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია, წლების განმავლობაში მსახურობდა აფხაზეთში და თავისი განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს აფხაზეთთან...
- რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენი უწმინდესი მსოფლიო მასშტაბის პიროვნებაა. აფხაზეთში დიდი რაოდენობით მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს და ისინი დიდი პატივსიცემით მოიხსენიებენ ჩვენს პატრიარქს. სიმართლე გითხართ, აფხაზები ყოველ შეხვედრაზე ხაზგასმით ამბობენ, რომ მხოლოდ საქართველოს პატრიარქის იმედზე არიან, რადგან თვლიან კიდევ ის თუ შეძლებს გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენას. დარწმუნებეული არიან, რომ დადგება ის დრო, როდესაც ჩვენი უწმინდესი ამ ორ ხალხს გააერთიანებს. თამამად შემიძლია გითხართ, რომ აფხაზეთში ელოდებიან ილია მეორეს. კიდევ ერთხელ მინდა გითხართ, რომ ყველაზე დიდი იმედს სწორედ ჩვენს უწმინდესზე ამყარებენ.
ბატონო დავით, გენერალ-მაიორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის აუცილებელია ვისაუბროთ პოზიტივზე და არა იმაზე, რამდენი დაიხოცა, რატომ დაიხოცა, ვინ და რატომ დაიწყო ომი. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?
- თუ გვინდა მშვიდობის დამყარება, ამისთვის არის ერთი გზა - დავივიწყოთ წარსული. მარტო სიყვარულს და მეგობრობას შეუძლია შემოვირიგოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები და ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. მიწა აფხაზების გარეშე რად გვინდა. წარსული უნდა დავივიწყოთ და გავიხედოთ წინ. რასაკვირელია, ტრაგედია, რაც მოხდა, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ამას არ უნდა მივცეთ მუდმივი სახე, დავიწყებას უნდა მივცეთ.