გენერალურმა პროკურატურამ უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმეზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ბრალი წარუდგინა.
მერაბიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), რაც გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში. კერძოდ, გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით.
გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის.
გამოძიების მტკიცებით, ზემოაღნიშნული ქმედებები მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით. საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. საქმეზე გრძლედება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. შარდენის სუფრიდან შსს-ს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღეს კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა.
საქმის პროკურორის ირაკლი ტყეშელაშვილის განცხადებით, 2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით დადგენილია, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, დათა ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
„ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ყველა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან, თუმცა, გაცნობებთ ერთ უპრეცედენტო ფაქტს - შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მსჯავრდებულები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ - შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს“, - აცხადებს ირაკლი ტყეშელაშვილი.
თბილისის მთავარი პროკურორის მაია მწარიაშვილის დადგენილების მიხედვით, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების არგათქმის სანაცვლოდ 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ფინანსური საზღაურის გადახდა შესთავაზეს.
„ვანო მერაბიშვილი ბრალდებულებს შეხვდა და შეჰპირდა, რომ მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ. რაც მან განახორციელა კიდეც. გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს - ალანიას, ბიბილურიძეს, ღაჭავას და აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და კერძოდ, ახალაიას ორგანიზატორობის არგათქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე, მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.
გამოძიების საწყის ეტაპზევე, მერაბიშვილმა „მოდულის“ შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას დაპირებული თანხის ნაწილი „საჩუქრის“ სახით „შეფისაგან“, (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს. დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში (N7 და N10 დაწესებულება),“ - ნათქვამია მერაბიშვილის ბრალდების დადგენილებაში.
პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მათ ჩვენებებსა და ვერსიებზე თავად იზრუნებდნენ გამოძიების მწარმოებელი პირები, რომ გამომძიებლები თავად კარნახობდნენ ჩვენებებს ბრალდებულებს, ან მიჰქონდათ მათთან წინასწარ დაწერილი ჩვენებების ტექსტები, რომელთა ფორმალურ გადაწერასაც ბრალდებულები ახდენდნენ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ის, რომ ბურჯანაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ბრალდების ფორმულირებიდან ამოიკითხა.
„ნინო ბურჯანაძე, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილმა მასთან საუბარში რამდენჯერმე განაცხადა იმის შესახებ, რომ გირგვლიანის მკვლელის ვინაობა მისთვის ცნობილი იყო. ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძე მის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანია და მის მიერ მიცემული ჩვენება სანდო და სარწმუნო ვერ იქნება,“ - ამბობს ადვოკატი და აქვე განმარტავს, რომ მერაბიშვილის აზრით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი ბრალი უკანონო და უსაფუძვლოა. ამასთან, ჩივიაშვილის ინფორმაციით, პროკურატურის გადასაწყვეტია მოითხოვს თუ არა მერაბიშვილისთვის ახალ ბრალზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას.
როგორც ცნობილია, მერაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 28 თებერვალს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული საჯარო გამოსვლისას განაცხადა - „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს ხანებში ეს საქმე გაიხსნება და მთელი საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი ამ საზარელი მკვლელობის შემსრულებლები“.
2006 წლის 6 მარტს, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა კვლავ საჯაროდ განაცადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნა პირადად მისი და სამინისტროს პრესტიჟის საქმე იყო, და სწორედ ამიტომ, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქმის გამოძიებას, დანაშაულის გახსნამდე, აწარმოებდა მისდამი დაქვემდებარებული უწყება.
სინამდვილეში, გამოძიების მტკიცებით მერაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, კუდ-ის ყოფილ უფროსთან, დავით ახალაიასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, პირადი მოტივით დაგეგმა და განახორციელა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა.
მერაბიშვილისა და სხვა თანამდებობის პირთა შეთანხმებული ქმედებებით განხორციელდა გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, დაეფარათ დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები, დათა ახალიასა და მათთან შემხებლობაში მყოფი, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი შესაძლო მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო მეორე მხრივ, მოეხერხებინათ ალანიას, აფციაურის, ღაჭავას და ბიბილურიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მსჯავრდება ჩადენილზე უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის, მოსალოდნელი სასჯელის ვადისა და პირობების წინასწარ შეპირებული გარანტიებით.
სანდო გირგვლიანის ბიძა, გიორგი ენუქiძე ხელისუფებას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის, რაც შეუძლებელი იყო ამდენი წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა ახლა.
„მე მადლობელი ვარ მათი თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯების. რომ არა ისინი, ალბათ, ძველი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერასოდროს მივაღწევდით სამართლის აღდგენას,“ - აცხადებს გიორგი ენუქიძე.