ერდოღანი ზელენსკის და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს, თუმცა რაზე უნდა ილაპარაკონ მხარეებმა, როცა დათმობას არც ერთი არ აპირებს, უცნობია

ერდოღანი ზელენსკის და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს, თუმცა რაზე უნდა ილაპარაკონ მხარეებმა, როცა დათმობას არც ერთი არ აპირებს, უცნობია

უცხოური მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეიძლება უკრაინის საკითხზე „საგზაო რუკის“ განსასაზღვრად შეხვედრა გამართონ. 

უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ამ შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, მაგრამ ჯერჯერობით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა არ შემდგარა. ანალიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ნაკლებია ალბათობა იმისა, ეს შეხვედრა შედგეს, რადგან ამ ეტაპზე მხარეები მზად არ არიან, რაიმე დათმობაზე წავიდნენ. შესაბამისად, მხარეებს არ სურთ, შეხვედრა უბრალოდ, შეხვედრისთვის შედგეს და მას შედეგი არ ჰქონდეს. 

სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ნაკლებად შესაძლებელს უწოდებს ერდოღანის ამ ინიციატივას. როგორც მაისაიამ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეთა შორის შეხვედრა შედგება, ეს მიიჩნევა რუსეთის პრეზიდენტის უკან დახევად, ხოლო ვლადიმერ პუტინს არ სურს მისი რეიტინგი, რომელიც ომის პირობებში საკმაოდ მაღალია, დაეცეს. 

„ეს ერდოღანის პირადი ინიციატივაა და ერთგვარი გაგრძელება იმ მედიატორული საშუალებისა, რაც მან თავის დროზე განახორციელა, როდესაც ხორბლის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ეს ალბათ, ერდოღანს ერთგვარად მოტივაციას აძლევს, რომ მან სხვა წინადადებები შესთავაზოს და იყოს მედიატორი კონფლიქტის მოგვარებაში. თუმცა, ეჭვი მეპარება ამ ეტაპზე ზელენსკი ერდოღანის ამ წინადადებას დათანხმდეს, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე არ მოხდება რაიმე სერიოზული გარდატეხა საომარი მოქმედებების პირობებში. 

ომის მიმდინარეობის განმავლობაში, დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს პუტინს რუსეთში. შესაბამისად, რთულად მეჩვენება, ის წამოვიდეს მოლაპარაკებაზე. პუტინი ცდილობს ჯერ დონბასი დაიკავოს და ომის მესამე ფაზა დაიწყოს. ჯერჯერობით გააჩნია იმის რესურსი, რომ ზელენსკისთან არ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ პუტინი ზელენსკის დაუჯდება, გამოდის, რომ რუსეთი სისუსტეს გამოიჩენს და თითქოს უკან დახევა დაიწყო, რაც პუტინის ზრახვებში ნამდვილად არ შედის“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან. 

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, ომის მიმდინარეობისას, თურქეთის როლი, როგორც მედიატორის, საკმაოდ აქტიურია, ამიტომ არც იმას გამორიცხავს, ერდოღანის ინიციატივით ეს შეხვედრა შედგეს. თუმცა, მისი შეფასებით, დღეს რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ამ შეხვედრისთვის მზად არ არიან, რადგან არც ერთი მხარე არ აპირებს რაიმე კომპრომისზე წასვლას. 

„თურქეთი ყველაზე აქტიურად თამაშობს მედიატორის როლს უკრაინასა და რუსეთს შორის. ამიტომ, ამ შეხვედრაზე არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხზეც იყოს მსჯელობა. როგორც ჩანს, შეხვედრა შეხვედრისთვის არც ერთ მხარეს არ უნდა, პოზიციები ჯერჯერობით ორივე მხრიდან ხისტია. 

ასეთი შეხვედრები იმ ეტაპზე დგება ხოლმე, როდესაც გამოიკვეთება, რომ რომელიმე მხარე მაინც ხედავს, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც კონტურები ჩანს. ომის მიმდინარეობას არ უჩანს ის, რომ შეიძლება დასასრულისკენ მიდიოდეს და მხარეები მზად არიან რაიმე ტიპის კომპრომისზე. ეჭვი მეპარება, რომ შეხვედრა შედგეს.

არაფერი არის გამორიცხული, მაგრამ არ მგონია, ეს შეხვედრა შედგეს უახლოეს პერიოდში. ეს უფრო მოსალოდნელია შემოდგომისკენ და იმის გათვალისწინებით, რა სიტუაცია იქნება ბრძოლის ველზე“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები პოტოცკის სასახლეში გაიმართა. ორმხრივი შეხვედრისას თურქეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, მათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილეს. 

ერდოღანსა და ზელენსკის შორის ორმხრივ მოლაპარაკებების შემდეგ, სამმხრივი სამიტი გაიმართა, რომელშიც ასევე უკრაინაში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მიიღო მონაწილეობა.