„სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ არსებობას ვეღარ შეძლებს, ამიტომაც, ჯაფარიძე ყველას ასწრებს და ამ პარტიის რადიკალური ნაწილის ყურადღების მიპყრობას ცდილობს“

„სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ არსებობას ვეღარ შეძლებს, ამიტომაც, ჯაფარიძე ყველას ასწრებს და ამ პარტიის რადიკალური ნაწილის ყურადღების მიპყრობას ცდილობს“

პოპულიზმი, რადიკალურ ჯგუფებზე მუშაობა თუ ახალი პოლიტიკური ნიშის დაკავების მცდელობა? - რატომ ალაპარაკდა ბოლო დროს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაზე? ემზადება თუ არა ოპოზიციის ნაწილი სექტემბრისთვის პროცესების ქუჩაში გადატანისთვის და აჰყვებიან თუ არა მათ ოპოზიციის სხვა წვერებიც?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლის მოლოდინის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ამ პარტიის რადიკალური ამომრჩევლის გადაბირებისთვის გააქტიურდა. მათ მიაჩნიათ, რომ ჯაფარიძე და ხოშტარია ამ ელექტორატზე ნადირობას იწყებენ და მათი რადიკალური განცხადებებიც ამ მიზანს ემსახურება. სხვაგვარად, გამორიცხულია ამ მხარდაჭერის მქონე ლიდერებმა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე სახის გავლენა მოახდინონ. ნახევარმილიონიანი მხარდაჭერის მქონე სააკაშვილმა ციხეში ჩაჯდომის მიუხედავად, მხარდაჭერების ქუჩაში გამოყვანა ვერ შეძლო, ამიტომ ამ ლიდერების მუქარა საზოგადოებაში ღიმილის მომგვრელია.

„თუ დაპირისპირების გზა მათ შორის გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ?!“, - იმუქრება ზურაბ ჯაფარიძე ტვ „ფორმულას“ ეთერიდან.

მისი თქმით, საომარი არის ქუჩაში და ბევრ ადამიანს ქუჩაში შეუძლია ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ხელისუფლების მხარდამჭერებისთვისაც.

„შეგიძლია მოახდინო ქალაქის პარალიზება, ისე რომ ცხოვრება გახდეს აუტანელი. საომარი არის ქუჩაში, რა ფორმებს მოვიფიქრებთ, ეგ ცალკე საკითხია და მაგაშიც უამრავი ადამიანი მყავს ჩართული, უამრავი ადამიანი მწერს რაღაც იდეებს და ბევრი იდეები გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ახლა მოსაპოვებელი, დასაბრუნებელი გვაქვს არჩევანის უფლება, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ჩვენ გააზრებული გვაქვს და გვჯერა, რომ თავზე გვაზიან ვიღაც ნაბიჭვარი უზურპატორები, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება, რომ ჩვენ გვმართონ, დაგვბეგრონ, წაიღონ ჩვენი ფული, მერე ეს ფული ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ და ისევ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ეს ჩვენთვის წარმოუდგენლად მიუღებელი რაღაცაა. ჩვენთვის ეს ბრძოლა აქედან მომდინარეობს და არა იქიდან, რომ რაღაც გაწერილი გეგმა გვაქვს რამდენიმეთვიანი და ზუსტად ვიცი, რომ ფინალში გავალ. ასეთი გეგმა არ გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია, ვთვლით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და მორალური ქცევა ნებისმიერი სინდისის მქონე მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში. აქედან ამოვდივართ და გზაში ვნახავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ შეიძლება გამოგვივიდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პარტნიორებს, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არიან პოლიტიკური ძალები, მაგალითად ელენე ხოშტარია, რომელმა საჯაროდაც ისაუბრა, ისედაც ჰქონდათ კომუნიკაცია და უთხრა, რომ სიტუაციას ისიც ზუსტად ასე უყურებს.

„ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ არ ვიცი რას იზამენ, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც პარტიების ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პარტიის მხარდამჭერია, რომელიც ასე აფასებს სიტუაციას. თუ თვლი, რომ თავზე გაზიან ვიღაცეები, რომლებიც იქ არიან არალეგიტიმურად, არავის აურჩევია, არც უმრავლესობის მხარდაჭერა აქვთ, მათ შენთვის წართმეული ფულით და შენი შვილების გადასახდელი ვალით იყიდეს ხმები, დააშინეს და დააშანტაჟეს ხალხი, რაც დაამტკიცა იგივე გოგაშვილმა, თუ ამ ყველაფერს იაზრებ, რა მნიშვნელობა აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერი იყავი, ან ხარ“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პროტესტის ფორმებს, ჯაფარიძის თქმით, ფორმები შეიძლება იყოს ბევრნაირი, მათ შორის სუს-ის შენობის ორივე მხრიდან ჩაკეტვა.

კითხვაზე - თქვენ რაზე ხართ წამსვლელი? ჯაფარიძე პასუხობს: „ბევრ რამეზე, მათ შორის შენობების აღებაზეც. ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია, რა ფორმაშიც ახლაა, 2024-შე ვერაფერს ვერ ცდის“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძე ამ რადიკალური განცხადებებით, ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული ნიშის დაკავებას ცდილობს. ანჯაფრიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მას სხვა დროსაც აქვს გაკეთებული, თუმცა რით დასრულდა მისი ეს აქტიურობა უკვე ვნახეთ - მხოლოდ რაღაცა ცალკეული გამოხტომებით, რომელსაც მასშტაბური სახე არ ჰქონია და არც პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე სახის ზეგავლენა არ მოუხდენია.

„ვფიქრობ, ჯაფარიძის განცხადება მხოლოდ პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია, რომლითაც ის ოპოზიციურ სპექტრში რაღაცა განსხვავებული ნიშის დამკვიდრებას ცდილობს. საპროტესტო ელექტორატი, რომელიც ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მზად არის ასეთი ტიპის ლიდერებს გაჰყვეს. შესაბამისად, ეს ადამიანიც ამ ჯგუფებზე მუშაობს და ვფიქრობ, მისი ეს რადიკალური განცხადებებიც ამას ემსახურება. არ ველოდები, რომ ქვეყანაში რაღაცა სახიფათო სიტუაცია განვითარდება,

თუმცა რაღაცა წერტილოვანი რყევები იქნება, მაგრამ ზოგად პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. ჯაფარიძე ქართულ პოლიტიკაში ჩამოგდებული მფრინავია. იგივეს ელენე ხოშტარია ცდილობს, რომელიც უფრო სხვა მეთოდებით მოქმედებს. ერთი მხრივ რადიკალურ დღის წესრიგს აანონსებს და მეორე მხრივ ვითომ უკრაინელ ლტოლვილებს და დევნილებს ეხმარება. ცდილობს იმ სკანდალური მხილების შემდეგ, რაც რუსეთიდან მისი ოჯახისთვის თანხების ჩარიცხვას შეეხება, იმიჯი ამით გამოისწოროს. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ამ ლიდერებს რამდენად აყვებიან ამ რადიკალურ ქმედებებში, ძალიან საეჭვოა. არ მგონია, რომ ისინი ჯაფარიძის და ხოშტარიას გეგმების განხორციელებაში თავით გადაეშვან. იციან, რომ ელექტორატის შეკვეთა რადიკალური ქმედებები არ არის, მით უმეტეს ისეთი ლიდერებისგან, რომლებიც საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ჯაფარიძის მხარდამჭერებს ის ახალგაზრდა ჯგუფი წარმოადგენს, რომლებიც მან სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება ხოშტარიას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისი მხარდამჭერებიც რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები არიან, ხოლო საზოგადოების ფართო მხარდაჭერა არა აქვს. ანჯაფარიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ლიდერები ენმ-ის რადიკალურად განწყობილ ამომრჩეველზე ნადირობდნენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, აქტუალობას კარგავს, ეს ბუნებრივია, ენმ-ის ელექტორატზე აისახება და ისინი შესაძლოა ეძებენ რადიკალ ლიდერს, რომლისკენაც გადაიხრებიან. თუმცა ჯაფარიძეს და ხოშტარიას არა აქვთ ის ქარიზმა, რაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. ქართული ცნობიერებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანურ ფაქტორს ენიჭება. თუ ქართველებს პოლიტიკოსის მიმართ სიმპათიები და რწმენა არ გაუჩნდა, ბოლომდე არ ენდო და ლიდერად არ აღიარა, წარმოუდგენლია, რომ მას რადიკალურ აქციებზე გაჰყვეს. ჩემს წარმოდგენაში, არც ჯაფარიძე და არც ხოშტარია ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა კი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჯაფარიძე დაბალი რეიტინგის გამო, ცდილობს საზოგადოებისთვის აქტუალური იყოს, ამიტომაც შიგადაშიგ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს და ცდილობს მოსახლეობას თავი ამ ფორმით შეახსენოს. კვესელავა for.ge-სთან ამბობს, რომ საუბარი გადატრიალებაზე, ხელისუფლების ჩამოგდებაზე და ქუჩაში რევოლუციების მოწყობაზე წარსულს ჩაბარდა. ეს საუბარი ქართველებში სიცილის და ქილიკის გარდა სხვა არაფერს იწვევს, მით უმეტეს ამ დონის ლიდერისგან, რომელიც ხალხის მხრიდან დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. თუმცა ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ჯაფარიძის ჩანაფიქრი ჩაძირვისკენ მიმავალი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის რადიაკლური ფრთის მიმხრობა იყოს.

„ჯაფარიძის განცახდება, საზოგადოებაში არასერიზულად არის აღქმული. ამ კაცს რა მხარდაჭერაც აქვს არჩევნებზე ხომ გამოჩნდა. პარტიის გაყოფის შემდეგ კი საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ პარტიის თავი, გონება და იდეოლოგები ეს კი არა, ის სამი ადამიანი ყოფილა, რომლებიც პოლიტიკურად მასზე ბევრად ადეკვატურები არიან. თუმცა ისმება კითხვა ვისთვის არის ჯაფარიძის ეს რადიკალური განცხადებები გათვლილი?

რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ამომრჩევლის მცირე ჯგუფი, რომელიც მსგავსი ლექსიკის ლიდერის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ამომჩეველს უმიზნებდეს, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკური გაბანკროტების შემდეგ, ახალ რადიკალურ ლიდერს ეძებს. თანაც როცა პოლიტიკოსი ჩაძირული ხარ, სადღაცას რაღაცა განცხადებით ხომ უნდა გამოჩნდე. საზოგადოებას ამით თავს ახსენებს. როგორც ჩანს, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ამიტომ ამ ოპოზიციისგან რაღაცა ახალი განსხვავებული ნიშით ხომ უნად წარსდგეს. ამიტომ ცდილობს, რომ აი, ამ რადიკალურ ჯგუფებზე იმუშაოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი თითქმის დამთავრებულია. სააკაშვილის გარეშე ეს პარტია არსებობას ვეღარ შეძლებს, ამიტომაც, ჯაფარიძე ყველას ასწრებს და ამ პარტიის რადიკალური ნაწილის ყურადღების მიპყრობას ცდილობს“,-ამბობს იგორ კვესელავა.

 

კ ა ხ ე ლ ი შარვალჩახდილთა რევოლუცია მოდის!
2 წლის უკან