კვარტეტის ანიამერიკული ისტერია თუ აშშ-ს ღია ჩართულობით, მორიგი „ვარდების რევოლუციისთვის“ მზადება - სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?

კვარტეტის ანიამერიკული ისტერია თუ აშშ-ს ღია ჩართულობით, მორიგი „ვარდების რევოლუციისთვის“ მზადება - სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?

საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანსა და „ქართული ოცნების“ რიგებიდან გამოყოფილ დეპუტატებს შორის ერთგვარი დაპირისპირება გრძელდება. „ოთხეულის“ მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს ელჩი პასუხობს: მისთვის გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მისი თქმით, აშშ საქართველოსთან სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით, ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

კელი დეგნანის შეფასებით, ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოში არსებული პოლარიზაციის შემცირებას ცდილობენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტმა უნდა იმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კი დეგნანის საპასუხოდ აცხადებს, რომ დღეს იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ეს გარედან ჩანს ან მათ განცხადებებში იკითხება. უმრავლესობიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ელჩის ყოველი გამოსვლის შემდეგ რწმუნდებიან, მათი გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ, სწორია. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დეგნანის განცხადება იმის აღიარებაა, რომ მმართველი გუნდიდან გასული დეპუტატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მართალია.

ამ ერთგვარი კინკლაობის ფონზე, ჩნდება კითხვა - საბოლოოდ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კვარტეტის „საქმიანობამ“ აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით?

აზრი ანალიტიკურ წრეებშიც იყოფა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩო თავის უფლებამოსილებას შესაძლოა აჭარბებდეს, რადგან ეს გამოჩნდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს და ანალოგიური კონტურები დღესაც შეინიშნება, რადგან რუსეთს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება სურს, რასაც თავის მხრივ, აშშ-ც ხელს უწყობს.

„ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა ხდება რეალურად. ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით ზედაპირზე მიმდინარე პროცესებს, რომ ეს ოთხი დეპუტატი საელჩოს აკრიტიკებს, საელჩო ამბობს, არაფერი მესმისო და ა.შ. თუ მათი კრიტიკა სამართლიანია, ეს ამერიკულმა მხარემ კარგად უნდა იცოდეს, მაშინ ეს კრიტიკა შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი იყოს იმისთვის, რომ არ გაღრმავდეს ასეთი ჩარევის პროცესი. ამ განცხადებებში ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ს საელჩო თავის უფლებამოსილებას აჭარბებს. თუ ელჩი თავის უფლებამოსილებას აჭარბებს, რადგან ამერიკიდან ასეთი დავალება აქვს მიღებული, მაშინ შესაძლოა ეს კრიტიკა სწორედაც რომ სასარგებლო იყოს, რადგან ანლოგიური დავალებები ამ შემთხვევაში შემცირდება.

თუმცა, თუკი ეს ბრალდებები არასწორია და შეცდომით კეთდება ამ ოთხეულის მხრიდან, მაშინ ამერიკული მხარე განაწყენებულიც იქნება და შეიძლება რაღაც შედეგებიც მოჰყვეს ასეთ განაწყენებას. ამ ჩარევას ეტყობა იგივე, რაც 2003 წელს - ამერიკას ურჩევნია ძველი ხელისუფლების, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების აღდგენა. ამერიკას შეიძლება არ აინტერესებდეს ჩვენი ნჯღრევა, მაგრამ ამას მას რუსეთი სთხოვდეს. დიდ სახელმწიფოებზე გვაქვს ლეგენდა, რომ ისინი ყოველთვის ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთს არ ებრძვიან, ისევ „ვარდების რევოლუცია“ არის ამის საბუთი, რომ დიდმა სახელმწიფოებმა პარტნიორობით გააკეთეს ეს.

ბოლო ხანებში, დასავლეთის პოლიტიკაში გამოიკვეთა გარკვეული სირბილე რუსეთთან ურთიერთობაში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის მიმართ სენტიმენტალური დამოკიდებულება პუტინის რუსეთს ჰქონდეს და ამას ანგარიშს უწევდეს დასავლეთი, მათ შორის აშშ. დღეს მოსახლეობამ უკვე იცის, ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი, ამიტომ უმრავლესობა მის აღდგენას მხარს არ დაუჭერს. თუმცა, თუ პროპაგანდა იმუშავებს, რომ „ოცნება“ რუსეთისკენ მიდის და სააკაშვილი ევროპაში წაგვიყვანს, ადამიანისთვის მეხსიერების წაშლა მარტივია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი, სავარაუდოდ, საქართველოში მომავალ არჩევნებამდე გაგრძელდება, ან ვიდრე, უკრაინაში ვითარება არ გაირკვევა, შემდეგ ეს ანტიდასავლური კამპანია შეწყდება. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე ეს არ იმოქმედებს, კვარტეტი უბრალოდ პრევენციასაც ახდენს, რომ შემოდგომაზე არასტაბილური გარემო არ შეიქმნას.

„ქართულ ოცნებას“ თავად არ უნდა, რომ ილაპარაკოს იმაზე, რაზედაც ეს ოთხი დეპუტატი საუბრობს. ამიტომაც მოხდა გამოყოფა ამ ოთხეულის. მარტივი თამაშია, „ოცნება“ ცდილობს, ამ ოთხი დეპუტატის მეშვეობით თავისი სათქმელი თქვას, უფრო რუსეთის გასაგონად. ეს პროცესი მინიმუმ არჩევნებამდე გასტანს, ან ვიდრე უკრაინაში ვითარება არ შეიცვლება. მათი აქტიურობა, ანტიდასავლურობა, ანტიამერიკულობა და ყველაფერი განპირობებულია იმით, რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში. თუკი დასავლეთი და უკრაინა წარმატებას მიაღწევენ, ეს ოთხი დეპუტატი ნელ-ნელა დაიწყებს ტონის შერბილებას. 

თუმცა, ვიდრე უკრაინაში ვითარება არ გარკვეულა, სანამ არჩევნები გვიახლოვდება, ეს რიტორიკა გაგრძელდება. ახლა არის პიკი ანტიდასავლური რიტორიკის და მერე კვლევებით ვნახავთ, რა შედეგი ექნება ამ ღია და გახსნილ ანტიდასავლურ კამპანიას. გამოკითხვა რომ ჩატარდეს, არ მგონია, რამე ფატალურად იყოს შეცვლილი. დროთა განმავლობაში ეს ტალღა გადაივლის. 

რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, აშშ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ითამაშებს იმ თამაშს, რომ ეს არის ოთხეული და არა „ქართული ოცნება.“ ეს ოთხეული იმის პრევენციასაც ახდენს, რომ შემოდგომაზე არასტაბილური გარემო არ შეიქმნას და თუ შეიქმნება, რუსეთს კი არა, ამერიკას დაბრალდეს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში. 

 

trampi ...........დახატული ნაკოლკა
2 წლის უკან