1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნის, კერძოდ რუსეთის წაქეზებით, სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა მილიციისა და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. გენერალ-მაიორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილება და პროცესების დიპლომატიურ სფეროში გადაყვანა, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა.
for.ge ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.
14 აგვისტო უმძიმესი თარიღია საქართველოსთვის. 1992 წლის 14 აგვისტოს ეროვნული გვარდია თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით დაიძრა აფხაზეთისკენ, რასაც მოჰყვა საომარი მოქმედება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო 14 აგვისტოს თავიდან აცილება?
ვახტანგ კაპანაძე: რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. გარკვეულმა გარემოებებმა გამოიწვია ეს ვითარება და ეს იყო, როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური, პირველი თავისუფალი სახელმწიფოს ეიფორია. კლანური დაპირისპირება; შიგნით პატარა ბონაპარტები, რომლებიც მაშინ ჩდებოდნენ - ამ ყველაფერმა გამოიწვია აფხაზეთის ტრაგედიის დასაწყისი.
თუმცა, იმასაც არ ვიტყვი, რომ მარტო ჩვენი ბრალი იყო. აფხაზებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, რა თქმა უნდა, რუსების მხარდაჭერით. კარგად გახსოვთ როგორ მიდიოდა ესკალაცია, შესაბამისად, კასკადურმა შეცდომებმა გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია. რაც შეეხება თქვენს კითხვას - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა პროცესების დეპლომატიურ სფეროში გადაყვანა, მოლაპარაკების წარმოება.
თუმცა, პროცესების დიპლომატიურ სფეროში გადაყვანის არც მცდელობა იყო და არც სურვილი...
- ქვეყანა არ იყო ჩამოყალიბებული. ნაწილს ჰქონდა მოლაპარაკების მცდელობის სურვილი, ნაწილს არა. კიტოვანი ვის უნდა დალაპარაკებოდა?! „ბელადი“ იყო თავის გარშემო შექმნილი ჯარით და ძალა-უფლებით! გარდა ამისა, იყო ჯაბა იოსელიანის ფაქტორი, ასევე შევარდნაძის და გამსახურდიას ფაქტორი, არეული ქვეყანა იყო. ლაპარაკი, დაწყობილ საგარეო პოლიტიკაზე ცოტა ნაადრევი იყო. არეულად დაიწყო საქართველოს ჩამოყალიბება. პირველებმა დავიწყეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ჩვენგან დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის დასაწყისი და შემდეგ იყო ბალტიისპირეთი. მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა ფეხბურთით დავიწყეთ და სახელმწიფოთი დავამთავრეთ. ბალტიისპირეთში პირიქით - სახელმწიფოთი დაიწყეს და ფეხბურთით დაამთავრეს.
სიმართლე გითხრათ, აფხაზეთიდანაც იყო მუდმივი პროვოკაციები, ჩრდილო კავკასიური მოძრაობები, იქ იყო დუდაევის ფაქტორი, მათი სიახლოვე გამსახურდიასთან, ამავე დროს ჩრდილოკავკასიელების ჩასვლა და კაზაკთა მოძრაობების ორგანიზება, არ იყო მარტივი სიტუაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ომის დაწყება იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
რამოდენიმე ფაქტორი გამოყავით და მათ შორის შიდაკლანური დაპირისპირება, რაც რუსეთმა გამოიყენა სათავისოდ, მაგრამ ამაში ჩვენ რამდენად შევუწყვეთ ხელი, იგივე შიდა დაპირისპირების ორგანიზებით?
- რუსეთში იყო ინსტიტუტები, სადაც მიმდინარეობდა რეგიონალური კვლევა, ასევე კვლევითი ინსტიტუტი იყო როგორც ამერიკის, ასევე ევროპა-აზია-აფრიკის მიმართულებით, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა ეროვნულ მახასიათებლებს, პრობლემებს და ა.შ. ეს მეთოდი გამოყენებული იქნა ჩვენს შემთხვევაში. მაგალითად, რუსეთი ჩვენც გვაძლევდა შეიარაღებას და აფხაზებსაც. ჩვენ მოგვცეს ძველი ტანკები, აფხაზებს მისცეს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. პარალელურად დაიწყეს მოხალისეების გაწვევები, რომლებსაც უნდა ეომათ აფხაზეთში. ნამდვილად მახსოვს ერთი ოფისი იყო პეტერბურგში და მეორე როსტოვში, სადაც ხდებოდა მოხალისეების შეგროვება და გამოგზავნა.
ამის გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ მაშინ იყო ასეთი მოძრაობა - ერთიანი კავკასიის გაერთიანება. რუსები მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა მათთვის და ამიტომ შექმნეს მთიელ ხალხთა კონფედერაცია, სადაც ზუსტად გამოიყენეს მთის ხალხები, რომლებიც შემდეგ ომობდნენ აფხაზეთში. სხვათა შორის გაცილებით მეტი იყვნენ ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და კაზაკები, ვიდრე ჩეჩნები. უბრალოდ, ყველას ჩეჩნებს ეძახდნენ, რაც პიარის ნაწილი იყო. რუსებმა შეთხზეს ეს მითი, რომ ქართველები, საბოლოო ჯამში, დაპირისპირებოდნენ ჩეჩნებს და არ ყოფილიყო ერთიანობა.
შეცდომებზე როდესაც ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია არ შევეხოთ 27 ივლისის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე მოხდა ქართული საჯარისო ნაწილების გაყვანა, მათ შორის მძიმე ტექნიკის. ამ ხელშეკრულების შედეგი იყო 27 სექტემბერი. ბატონო ვახტანგ, როგორც სამხედრო, რომელიც მაშინ ომობდა აფხაზეთში, დღეს თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ღალატი?
- მოდით, ორ ნაწილად დავყოთ. პირველი - ნამდვილად იყო შეცდომა დაშვებული. მე არ ვიცი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, რა პირობები წაუყენეს შევარდნაძეს რუსებმა. არის ასეთი ინფორმაციაც, თითქოს თბილისის დაბომბვით დაემუქრნენ. მაგრამ აშკარაა, რომ იყო უდიდესი შეცდომა, ისეთივე, როგორც მანამდე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზე მოგვაწერინეს ხელი. სოხუმთან მოვიგერიეთ შეტევა, დიდი დანაკარგი მივაყენეთ აფხაზებს, ჩვენი ჯარები მზად იყო გადასულიყვნენ შეტევაზე, მაგრამ გაგვაჩერეს. დაიდო ხელშეკრულება და ისევ უკან გამოიყვნეს ჩვენი დანაყოფები, აფხაზებმა პირიქით დაიწყეს გაძლიერება. იგივე იყო დესანტის გადმოსხმის შემდეგ, როდესაც „ზვიადისტები“ და სამთავრობო ჯარი ერთად ომობდა, სერიოზული დარტყმა მიიღეს აფხაზებმა, მაშინაც დაიდო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ტყვარჩელში შესვლაზე იყო საუბარი და დაიდო ხელშეკრულება. ეს ყველაფერი იყო შეცდომა.
შეცდომა თუ იძულება?
- თუ გაიძულებენ და ამას ჩუმად აკეთებ, ეს უკვე შეცდომა არაა, ეს დანაშაულია. ყველაფერი განისაზღვრება შედეგით და შედეგი არის ის, რაც მივიღეთ. ისტორიას რომ გადავხედოთ, რუსეთთან დადებული არც ერთი ხელშეკრულება არ შესრულებულა, მით უმეტეს აფხაზეთის ომში. წარმოიდგინეთ, რუსეთს ფულს ვუხდიდით იმაში, რომ ზღვიდან გაეყვანათ ჩვენი ტექნიკა. მახსოვს ქვემეხებს ეზოებში მალავდნენ, რომ არ გაეყვანათ, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ აფხაზები არ გაჩერდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი შეცდომა.
მესმის, რომ უამრავი შეცდომა დავუშვით, შეგვეძლო სხვანაირად გადაგვეწყვიტა საკითხი, მაგრამ აფხაზებმა არ დაუშვეს შეცდომა 1989 წელს, როდესაც სოხუმში ვოვა ვეკუა მოკლეს? ესეც ქართველების შეცდომა იყო? ამიტომ, წარსულს არ უნდა გამოვებათ, წარსული უნდა განვიხილოთ, რომ მომავალში შეცდომა არ დავუშვათ. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და იგივეს ვურჩევდი აფხაზებსაც, რომ წინ იყურონ და ნუ ეპოტიანებიან წარსულს, იმიტომ რომ თვითონ არიან ძალიან მძიმე დღეში. მათი შეცდომა არის ის, რაც დღეს ხდება აფხაზეთში, როდესაც ფაქტობრივად ერი წყდება.
ცხადია, რომ აფხაზეთში არის პრობლემების მთელი წყება, ღიად უპირისპირდებიან რუსებს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან არის შესაძლებელი, რომ წარსულის გათვალისწინებით აღვადგინოთ ურთიერთობა?
- სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ჯანსაღია მაშინ, როცა ორმხრივია. გავიხსენოთ ისტორია, გერმანიას და საფრანგეთს სულ ომი ჰქონდათ, მაგრამ დღეს ჰარმონიულად ცხოვრობენ. იგივე ბრიტანეთი - შოტლანდელები და ინგლისელები მთელი ისტორია ერთმანეთს ხოცავდნენ, მაგრამ ახლა ერთიანი ქვეყანა აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მოკავშირე არის თურქეთი, მაგრამ დახატული ისტორია არასოდეს არ გვქონია. ასე რომ, აუცილებელია მოხდეს სწორი გადაფასება და სწორი გათვლა. რა ურჩევნიათ და სად? - ურჩევნიათ საქართველოსთან ერთად იყვნენ, ეს იქნება კონფედერაციის ფორმატი, თუ ფედერაციის ფორმატი და ერთიანად იყვნენ წარმოდგენილი მსოფლიოში, თუ ურჩევნიათ რუსებს მიწებებული იყვნენ?!
აფახაზეთის, ისევე როგორც 2008 წლის ომს არ აქვს სამართლებრივი შეფასება. გავიხსენოთ სად არის თენგიზ კიტოვანი, რომლის გამოუსწორებელმა შეცდომების მთელმა წყებამ ქვეყენა უმძიმესი შედეგების წინაშე დააყენა. როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის ომს არ უნდა ჰყავდეს გამოკვეთილი ბრალდებული, რომ თაობამ იცოდეს ვინ, რა დანაშაული ჩაიდინა?
- გეთანხმებით, რომ ყველა ისტორიულ მოვლენას უნდა ჰქონდეს სწორი შეფასება - მიუხედავად ყველანაირი პატივისცემისა, სიმართლე უნდა ითქვას. დღეს უკანა რიცხვით ნურავის დავსჯით, მაგრამ ამ ფაქტს მივცეთ სწორი შეფასება. მე დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ამას სჭირდება პოლიტოლოგების და ისტორიკოსების კვლევა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ როგორც ზვიადის, ასევე შევარდნაძის შეცდომაც. ბოლოს და ბოლოს, კიტოვანის დანაშაულიც უნდა ვთქვათ, რაც და როგორც იყო! არქიტექტორი, თუ მხატვარი რომ ხარ, უცებ ხდები გენერალი და ხმლით ხელში შედიხარ საომრად, თან ჩამოუყალიბებელი ჯარით - ეს იყო შეცდომა და ამას უნდა მიეცეს შეფასება!
ყველა ომს აქვს ადამიანური ისტორიები, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ასეთი ისტორია, რომელიც დღეს შეიძლება ხელჩასაჭიდი აღმოჩნდეს კონფლიქტის დარეგულირების კუთხით?
- ომი რთული ფენომენია. მე ვიყავი სამხედრო და სამიზნეში ვუყურებდი აფხაზებს, მაგრამ აფხაზეთი უფრო მეტად მახსოვს ომამდე. გეოგრაფიის ინსტიტუტიდან ვიკვლევდი მიწისქვეშეთს. დავდიოდი გუდაუთაში, ბზიფის ქედზე და იქიდან მახსოვს აფხაზებთან ურთიერთობა. მახსოვს რამდენად ადამიანურები და კაცურები იყვნენ მთაში მცხოვრები აფხაზები. სულ მთაში ვიყავით და ერთი გადატრიალებული სიტყვა არ მახსოვს აფხაზებისგან. კაცობის, ვაჟკაცობის და გვერდზე დგომის მაგალითი იყვნენ.
იქ, სადაც პოლიტიკა ნაკლები იყო, იქ ადამიანობა იყო მეტი. აბსოლუტურად უპრობლემო, ძალიან ახლო და ადამიანური ურთიერთობა მქონდა ნამდვილ აფხაზებთან. ვთვლი, რომ ასეთი ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია. გავიხსენოთ ის ემოციური და ამავე დროს უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც აფხაზი კაცი, ისევ აფხაზის მიერ მოკლული ქართველი მეომრის საფლავს ასუფთავებს, რაც ასევე ორგანიზებული იყო ქართველის მიერ. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი და შესაბამისად, გამოყენებადია. ყველაფერი ინდივიდუალურია. ეს არის ადამიანობის გამოვლინება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას მასიური ხასიათი არ აქვს.
ახალმა თაობამ უნდა თქვას თავისი სიტყვა. სამწუხაროდ, ისე იზრდება ახალი თაობა, რომ მათთვის სოხუმი და აფხაზეთი დავიწყებული სიტყვაა. ვერ წარმოუდგენიათ რა და როგორ არის. უნდა გააქტიურდეს საზოგადოება, ამხელა სამინისტროები გვაქვს, მათ შორის შერიგების, მაგრამ რას აკეთებენ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი! ხელშესახები რაღაცა უნდა იყოს. ყველა კრიზისი არის შესაძლებლობის ფაქტორი. რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა გვაჩვენა, რომ შეიძლება საქართველო გახდეს უფრო მიმზიდველი აფხაზებისთვის, რამდენად დაუშვებს ამას რუსეთი ეს სხვა თემაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ამის რეალური შესაძლებლობა. რამდენად აქტიურები ვართ და რამდენად აქტიურები უნდა ვიყოთ - აი, ეს არის მთავარი საკითხი.
სამწუხაროდ, გვაქვს უწყებები, რომლებსაც ამ თემაზე ნაფიქრი არ აქვთ და ეს ჩანს ზედაპირზე. პოლიტიკა ჩამოვაშოროთ ამ თემას და ასპარეზი დავუთმოთ ადამიანურ ურთიერთობებს, ანუ სახალხო დიპლომატიას?
- გეთანხმებით, როცა ადამიანი ადამიანს პირდაპირ ელაპარაკება, იქ გაცილებით მეტი შესაძლებლობაა ერთობლივი ხედვის მიღწევის, ვიდრე რაღაცა მიტინგებიდან და ტელევიზორიდან მოსმენილის. ჩვენ მცდელობა არ უნდა შევაჩეროთ, ძალით თავს ვერავის ვერ შეაყვარებ, მაგრამ მომავალი და რეალობა უნდა დაანახო. ჩვენ ვიწყებთ ნეგატივით და ამ დროს პირიქით, პოზიტივით უნდა დავიწყოთ.
რამდენი დაიხოცა? რატომ დაიხოცა? ვინ და რატომ დაიწყო ომი? - ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ მომავლისთვის რა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა, ეს უნდა იყოს სტრატეგია. ერთი მხრივ, ადამიანის მეხსიერებაზე დრო არ მუშაობს დადებითად, მაგრამ მეორე მხრივ დრო მუშაობს იარების მორჩენაზე. სამწუხაროდ, ეს დრო გასულია, მაგრამ ნუ დავიწყებთ იმით, რაც ერთმანეთს გვაშორებს, მოდით, დავიწყოთ იმ საკითხით, რაც გვაახლოვებს. ჩემო ქართველებო და აფხაზებო! წარსული არ არის არც იმედი და არც მომავალი, წარსული გამოსაყენებელია იმისთვის, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ! წინ უნდა ვიყუროთ!