„ტოკაევი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უდავოდ უკმაყოფილებას გამოიწვევს რუსულ ელიტაში, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს დაცვის მხარეც - ჩინეთი“

„ტოკაევი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უდავოდ უკმაყოფილებას გამოიწვევს რუსულ ელიტაში, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს დაცვის მხარეც - ჩინეთი“

ყაზახეთი ნედლი ნავთობის ნაწილის გაყიდვას აზერბაიჯანული მილსადენით რუსეთის გვერდის ავლით დაიწყებს. „Reuters“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KMG) აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გაყიდვა შესაძლებელი გახდეს აზერბაიჯანული მილსადენით, რომელსაც ნავთობი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე გადააქვს.

„საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნედლი ნავთობის გატარება ერთი თვის შემდეგ დაიწყება. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი შეიძლება დაიწყოს 2023 წელს აზერბაიჯანული მილსადენით საქართველოს შავი ზღვის სუფსის პორტამდე“, - წერს „Reuters“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ-ტოკაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარში განაცხადა, ყაზახეთი მზად არის თავისი რესურსებით დაეხმაროს ევროკავშირს ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილი კრიზისის მოგვარებაში და ერთგვარად ბუფერული ბაზრის ფუნქცია შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სხვადასხვა ტრანსკონტინენტალური ენერგეტიკული პროექტების განვითარებასაც, მათ შორის ტრანსკასპიური ენერგეტიკული დერეფნის გაძლიერებასაც.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნაკადებთან ერთად, მოცულობა დღეში 100 000 ბარელს გადააჭარბებს, ანუ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნაკადების 8%-ს. 20 წლის განმავლობაში ყაზახური ნავთობი კასპიის მილსადენის კონსორციუმის საშუალებით რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში იგზავნებოდა, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ბაზარზე წვდომას.

ცნობისთვის, ივლისში რუსეთის სასამართლო კასპიის მილსადენის კონსორციუმის დახურვით დაიმუქრა, რამაც ყაზახეთის მთავრობა და უცხოელი მწარმოებლები აიძულა, სიფრთხილის მიზნით დადონ კონტრაქტები სხვა სატრანზიტო მარშრუტებთან. ოფიციალური მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლიან მაქსიმუმს მიაღწია და მაღალი ფასები შენარჩუნდა. ივლისის თვეში ერთი ბარელის ფასი, საშუალოდ, 100 დოლარზე მეტი იყო.

უკრაინა-რუსეთის ომიდან 7 თვის თავზე სახიფათო გლობალურ თამაშში შევდივართ. ამ მოვლენის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება ძალიან ძნელია, იმდენად დიდია მისი მნიშვნელობა, მით უმეტეს ამ პირობებში, როდესაც რუსეთის სანქციების შემოვლით მიდის პროცესები და მით უფრო, როდესაც ამ პროცესებში წამყვან როლს ასრულებს ყაზახეთი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ საქართველომ ასეთი რისკი ერთხელ უკვე გაიარა, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ხაზი ჩაირთო, მაშინ შევარდნაძე კრემლიდან გააფრთხილეს, რომ ამას კრემლი რეაგირების გარეშე არ დატოვებდა, რასაც რამოდენიმე დღეში მოჰყვა ტერაქტი შევარდნაძის წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ მხრივ არის სახიფათო ეს მოვლენა და, თუკი რუსეთმა გადაწყვიტა ამ მოვლენის გამო ანგარიში გაუსწოროს სხვებს, შეიძლება კონკრეტული პიროვნებების სიცოცხლე დადგეს დარტყმის ქვეშ.

„ამ შემთხვევაში ეს უფრო ეხება ტოკაევს, რადგან მან ისედაც ბევრი რამის უფლება მისცა თავის თავს, ძალიან მძაფრად დაუპირისპირდა მის უდიდებულესობა პუტინს, რომელიც აშკარად არ შეარჩენდა ამ სიტყვიერ დაპირისპირებასაც კი. ტოკაევმა სიტყვიერი დაპირისპირება არ იკმარა და დგამს ისეთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უდავოდ უკმაყოფილებას გამოიწვევს რუსულ ელიტაში. მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ აქვს მეორე მხარე, თუ შეიძლება ითქვას, დაცვის მხარე, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ ამ ხაზს არაფერი დაემუქროს და მით უმეტეს ტოკაევს და სხვა მონაწილე პირებს - ეს არის ჩინეთი. სავარაუდოა, რომ ჩინეთი შეასრულებს იმ მეხამრიდის დამცავის როლს, რომელიც ამ პროექტს ავად თუ კარგად გადაარჩენს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტილოგის განცხადებით, ასეთი პროექტი გაზრდის ჩინეთის პოტენციალს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე, ზოგადად, სატრანზიტო ხაზების თვალსაზრისით.

„ჩინეთი დაინტერესებულია სატრანზიტო ხაზების გამართვით. ანალოგიურად, ეს ნაბიჯი ტოკაევის მხირდან შეიძლება ჩინეთისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც იყოს საინტერესო. ასეთი პროგნოზის გაკეთების დროს, გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი არის ის, ვინც რუსეთს ხელი შეუშალა ყაზახეთში დესტაბილიზაციისთვის, როდესაც ყაზახეთში შეიყვანეს ჯარები და მერე ძალიან ჩქარა გამოიყვანეს. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ყახახეთიდან რუსული ჯარების სწრაფი გაყვანა სწორედ ჩინეთის მოთხოვნით იყო გაკეთებული. რუსებმა მაშინ ჩინეთის ეს პრეტენზია შეასრულეს. ამიტომ, აშკარაა, რომ ასეთ სიტუაციაში ამ პროექტს თავისი მოწინააღმდეგებიც ეყოლება და მომხრეებიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ჩართულობას და საფრთხეს, ექსპერტი ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ ჩვენი გეპოლიტიკური მდებარეობის და მნიშვნელობის გამო უკვე ვართ გლობალურ თამაშში, რაც დიდი სიკეთეც არის და ამავე დროს დიდი ხიფათიც. რაც შეეხება ტოკაევის გადაწყვეტილებას, ყაზახეთს აქტიურად უნდა ევროპის ბაზარზე შესვლა თავისი წიაღისეულით და რასაც არ მიესალმება რუსეთი. ეს გამოიწვევს რუსეთის ხელმძღვანელობის გაღიზიანებას და განაწყობს აგრესიულად აზერბაიჯანის და იმ ქვეყნების მიმართ, სადაც უნდა გაიაროს ამ წიაღისეულმა.

„როგორც ჩანს, ამ წიაღესულის ნაწილი საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით გაივლის თურქეთში და ა.შ. ამიტომ, რუსეთის გაღიზიანება გარდაუვალია. ვნახეთ, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის პუტინისა და ტოკაევს შორის, რამაც დაძაბულობა შექმნა ამ ქვეყნებს შორის. ტოკაევმა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ეს დაძაბულობა ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.

მაგრამ თამაში იმდენად დიდია, რომ საქართველოს როლი და მონაწილეობა ყოველთვის სასწორზე დევს და იდება. რეალურად, ჩვენ უშეცდომო ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გაუჭირდება, რამდენადაც ამ ხელისუფლების სიმყარე გვარიანად არის შერყეული უკრაინის მოვლენების ფონზე და დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების კონტექსტის გათვალისწინებით.

ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და სათანადო დიპლომატიური აქტიურობა უნდა განვახორციელოთ, რათა ევროკავშირმა და დასავლეთმა ჩვენი ჩართულობა მიიღოს, უზრუნველყოს და მხარი დაგვიჭიროს. შანსი იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დალაგდება, არის 50-50-ზე. ვნახოთ, რა გამოვა საბოლოო ჯამში. ახლა მთავარია დაველოდოთ და არ გადავდგათ მცდარი ნაბიჯები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.