„ნაცმოძრაობის ჯანსაღი ნაწილი უნდა გაიყოს სადისტური ნაწილისაგან“

„ნაცმოძრაობის ჯანსაღი ნაწილი უნდა გაიყოს სადისტური ნაწილისაგან“

სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების გავრცელების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებმა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მის მთავრობაში „ვიღაცეები შეიპარნენ“ და დანაშაული ჩაიდინეს, ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც. პრეზიდენტის პოზიციას ეთანხმება პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიაც კი. როგორც ჩანს, ნაციონალთა ლიდერები თავადვე ცდილობენ პროცესს გაემიჯნონ და შემაძრწუნებელ დანაშაულზე პასუხისმგებლად კონკრეტული ადამიანები გამოკვეთონ.

იხსნის თუ არა ეს მანევრი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გააგრძელოს ცხოვრება, რა პროცესი შეიძლება დაიწყოს პარტიაში და რა პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა ყოფილი ხელისუფლება ამ მასალების აღმოჩენისა და გავრცელების შემდეგ, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, თქვენი შეფასებით, უკვე დაიწყო ყოფილ მმართველ პარტიაში დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი, ეს ნიშნავს, რომ კვლავაც თავის დახსნას ცდილობენ რთული სიტუაციიდან, როგორც არაერთხელ მომხდარა?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პერსპექტივა არც გააჩნდა და არც გააჩნია. თუ რომელიმე ახალბედა პოლიტიკოსს სურს, საკუთარი თავი იხილოს სერიოზული პოლიტიკური პროცესების მონაწილედ, რასაკვირველია, დროულად და ყოველგვარი პრანჭვის გარეშე, უნდა განერიდოს, ორგანიზაციას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, უკვე აღიქმება როგორც ნაციონალურ-სადისტური მოძრაობა.

ახალი თაობის ნაციონალები, რომლებიც არ არიან გარეული სადისტურ ქმედებებში, რაც უფრო ჩქარა გაემიჯნებიან არა მხოლოდ სათაურს ამ ორგანიზაციისა, არამედ მათ სახეებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული, თუნდაც, დღევანდელ პარლამენტში, შეიძლება, რაიმე ტიპის საინტერესო პოლიტიკურ ერთობადაც მოგვევლონონ.

თუ საუბარი იქნება მხოლოდ დაპატიმრებულ ნაციონალურ ლიდერებთან გამიჯვნაზე, ეს არანაირ პოზიტიურ შედეგს არ მოუტანს არც ამ გზააბნეულ პოლიტიკოსებს და არც მთლიანად სახელმწიფოს.

ამდენად, თუ პოლიტიკური ნება რეალურად გააჩნია უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალების სიაში მოხვედრილ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, მაშინ, მათ ეს უახლოეს დღეებში უნდა დააფიქსირონ, რადგან პრაქტიკულად, ანდაზა, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან მკაცრი - როდესაც ის ჯერ კიდევ ხუთშაბათს აცხადებდა, რომ არ იცნობდა დასახელებულ დამნაშავეებს, იმ საზიზღარი კადრების ავტორებს, პარასკევს კი, უკვე ქვეყნდება ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, დიახ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შესანიშნავ საკურორტო ზონაში აჩუქა ერთ-ერთ დასახელებულ არამზადას.

საუბარი იმაზე, რომ არ იცის, ვინ არის, ან როდის შეიპარა მის ნაციონალურ „ბაღნარში“, ეს „არამზადა“ მორიგი ტყუილია. ეს თემა, რასაკვირველია, ითარგმნება, გავრცელდება და ბევრ ისეთ პოლიტიკოსსაც შერცხვება, რომელსაც საქართველოს მიმართ არაერთი ზერელედ ნატყორცნი ფრაზა უკან დაუბრუნდება. ვგულისხმობ როგორც ევროპელ, ასევე ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსსაც.

ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქმევა და სჯობს, ამ საკუთარი სახელის დარქმევის პროცესში, თუ ვინმეს არ აქვს ფარული ვალდებულება ამ სადისტური მოძრაობის მიმართ, დროულად აღმოჩნდეს მშრალზე გასული, რომ არ ჩაიძიროს იმ ჭაობში, რომელშიც შეიძლება მისი ადგილი არც კი იყოს ობიექტურად.

სააკაშვილის განცხადებებიდან, რომ თურმე ვიღაცეები შეიპარნენ მის მთავრობაში და ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს და, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, პირდაპირ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნაციონალებს კი არა, თავად სააკაშვილს სურს ამ პროცესისგან გამიჯვნა. როგორ ფიქრობთ, გამოუვა?

- ამას სააკაშვილი აცხადებდა ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენის გასაგონად და არა საქართველოს მოსახლეობის მოსატყუებლად, რომელსაც ამ სიცრუის აღარ სჯერა.

ის ფაქტი, რომ ორივე დასახელებული სადისტი მის მიერ ღირსების ორდენით არის დაჯილდოვებული და დასაჩუქრებული სერიოზული ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთით, ბევრ რამეზე მეტყველებს და ამ თემის ირგვლივ მსჯელობას, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება მოახერხებს.

იმედი მაქვს, დღევანდელი ხელისუფლება ამ ვიდეომასალის იდენტურობის დამტკიცებასაც არა საკუთარი, არამედ საერთაშორისო საექსპერტო პოტენციალის გამოყენებით აუცილებლად შეძლებს და შემდეგ, ზოგიერთ ამერიკელ კონგრესმენს შესთავაზებს, შეინახოს ეს ფილმები საკუთარ ფეისბუქში და დილაობით უყუროს-ხოლმე, რათა მოინანიოს საკუთარი გამონათქვამები დღევანდელი საქართველოს მიმართ.

ერთადერთი სიძლიერე, რასაც სააკაშვილი დღემდე ეყრდნობა, ეს დასავლეთია, როგორ ფიქრობთ, ამ კადრების გამოაშკარავება ჩამოხსნის თუ არა ნიღაბს მის იმიჯს ქვეყნის გარეთაც?

- რასაკვირველია, ერთხელ და სამუდამოდ ეს ასე იქნება. გარდა ამისა, საკმარისია აკრეფილ იქნას გარკვეული დოკუმენტური კადრების კრიალოსანი, სადაც სანახაობის შემყურე დიპლომატიური კორპუსის გაოგნებული სახეების დანახვა შეიძლება - გაოგნებული, მზერაგაყინული, დამუნჯებული ადამიანები როგორ ტოვებენ შს სამინისტროს - ამ განწყობის შეცვლა თუნდაც რაიმე დავალებით მათი ხელმძღვანელობისგან, (რაც თავისთავად, გამორიცხულია), ნამდვილად შეუძლებელია.

როდესაცნაციონალურ მოძრაობაზევსაუბრობდით, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, იგულისხმებოდა ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი - ის იყო ამ პარტიის ძირითადი სახე, მთავარი მამოძრავებელი და გადაწყვეტილების მიმღები. თუ ამ კადრების ჩვენების შემდეგ ის ახალგაზრდა თაობა, ვისაც დანაშაულებრივ საქმიანობაში ბრალი არ მიუძღვის, გაემიჯნება პროცესს, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის თუ კონკრეტული პოლიტიკოსების გადარჩენაზე?

- პარტიის გადარჩენაზე, ვფიქრობ, ოცნება უპერსპექტივოა, ამ სახელის შენარჩუნება უკვე სამუდამო დამღაა ამ პოლიტიკოსებისთვის. ჯგუფი საკმაოდ ნიჭიერი, პერსპექტიული ადამიანებისა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, პოლიტიკისთვის  საინტერესო აღმოჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, ყველას ასეთი საშუალება არ ექნება, რადგან ზოგმა იმდენად გადააჭარბა საკუთარ ვალდებულებებს, რომ შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი იმიჯი, რომელიც არანაკლებ მიუღებელია საზოგადოებისათვის - გამომდინარე იქიდან, ვის რა თანამდებობა ეკავა ამ პარტიაში გააქტიურებამდე.

ვგულისხმობ, თუნდაც პროკურორ საყვარელიძეს, რომელმაც რეალურად, ვაჟკაცური შემართებით გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი პროკურორი და მოინდომა „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობა, მაგრამ მის მიერ გარჩეული საკითხები თანამდებობაზე ყოფნის დროს, მძიმე ტვირთად დააწვება და მარტივად არ მისცემს საშუალებას იყელყელაოს ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

როგორც ცნობილია, იგივე საყვარელიძის, ბოკერიას, უგულავას დანაციონალური მოძრაობისწამყვანი სახეების მიმართ შესაძლოა, დაიწყოს გამოძიების ახალი ეტაპი, მოხდეს მათი დაკავება. ამ კადრების ნახვის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, დასავლეთი ისევ ეჭვის თვალით დააკვირდება პროცესებს და დასვამს კითხვას ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკურ დევნას? იქნება თუ არა შესაძლებლობა, რეალურად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის ის პროცესი, რასაც საზოგადოება ელოდებოდა?

- შევეცადოთ, არსაითისკენ მიმართული ტერმინი, „სამართლიანობის აღდგენა“, შევცვალოთ რეალური დატვირთვის მქონე ტერმინით - „სამართლიანობის დამკვიდრებით“, რადგან აღსადგენი სტანდარტი ჩვენი სამართლისა, უახლოეს საუკუნეებში არ მოიძებნება. სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ თაობამ, განურჩევლად ასაკისა, ამას საძირკველი მაინც უნდა ჩაუყაროს.

რაც შეეხება ნაციონალურითანავარსკვლავედისპასუხისმგერბლობის საკითხის დადგომას, იქნება თუ არა ეს საზოგადოებისთვის ის აუცილებელი პირობა, რომ სამართლიანობის დადგომა იგრძნოს?

- ეს აუცილებელი პირობაა სამართლიანობის დამკვიდრებისთვის, რადგან ამ პროცესების პარალელურად არის საფრთხე, ზოგიერთმა სახელმწიფო ინსტიტუტმა ვერ გააცნობიეროს, რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ დამკვიდრდეს სამართლიანობა და მარტივად მოირგოს ის სტანდარტები, რომელიც წინა ხელისუფლებას გააჩნდა. ამიტომ, აუცილებელია, დამნაშავეების პასუხისმგებლობა დადგეს, მაგრამ არასაკმარისია ამით დაკმაყოფილება. მთავარია, არ დავუშვათ რაიმე ანალოგიური ქმედებები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

ანუ, არსებობს საფრთხე, რომ დაკავებების პროცესი საქმის გასამარტივებლად წინა ხელისუფლების სცენარით წარიმართოს?

- არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი მავნე მაგალითი წინა ხელისუფლებისა, მიმზიდველი აღმოჩნდეს ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ასეთი საფრთხე ზოგადი ხასიათის, არსებობს და ცხადია, არც საქართველოშია გამორიცხული. ამისი პრევენცია უნდა მოხდეს და პირველივე გამოვლინებები ასეთი სიმახინჯის, მკაცრად უნდა იყოს აღკვეთილი. არანაკლები სიმკაცრით, როგორც უნდა აღიკვეთოს იმ დამნაშავეთა პარპაში, რომლებიც დღესაც თავისი პოლიტიკური კარიერის ეფემერულ პერსპექტივებზე ფიქრობენ.

ასეთ ფონზე რა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობაროგორც პარტია წარსულს ჩაბარდება?

- დროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ჰიმნად აირჩიოს არია „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“ და ტექსტი დასრულდეს ტერმინით, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ამის შემდეგ ადამიანებს, რომლებიც აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, ემიჯნებიან სადიზმს, ექნებათ შესაძლებლობა, დაიწყონ ახალი პოლიტიკური ცხოვრება. მათგან რაიმე ქმედებების გაგრძელება იქნება შედეგი და კიდევ უფრო მტკივნეული ამ ადამიანებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენს ისეთ ერთგვაროვან სისტემას, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ინტელექტუალური ან ორგანიზაციული პოტენციალი. უნდა გაიყოს მისი ჯანსაღი ნაწილი სადისტური ნაწილისაგან და ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე პერსპექტივაზე, მაგრამ ცხადია, არა „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრის სტატუსით.

სხვადასხვა გამოკითხვებიდანაც ჩანს, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკმაოდ აღიზიანებს საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს?

- ვფიქრობ, არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრება, არამედ არსებული ვითარება სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ მმართველობაში, იძულებულს ხდის დღევანდელ პარლამენტს, რომ მოხდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ბოლოს და ბოლოს, რომელიმე ერთი ოპოზიციონერი მაინც აღმოჩნდეს პარლამენტში. დღეს ვართ იმ მახინჯი ფორმის მოწმენი, როდესაც პარლამენტში არის ორი ხელისუფლება და არც ერთი ოპოზიციონერი.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმდენ ბერკეტს ფლობს, სახელისუფლებო არსენალიდან, რომლის მსგავსიც არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ოპოზიციას არ გააჩნია. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა შედეგმა, რაც დადგა იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე. არანაირი სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ საზოგადოების განწყობა ადეკვატურად არ იქნება ასახული პარლამენტის შემადგენლობაში.

ამიტომ, დროა, ვიფიქროთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე. აზრთა სხვადასხვაობისთვის პარლამენტის ტრიბუნა უნდა იყოს მზად, მაგრამ ვგულისხმობ არა ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი, არამედ კონკურენტუნარიანი იდეების შეჯერების ადგილს. ეს მოლოდინი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ვეცადოთ დემოკრატიული პრინციპების დამყარებას ქართულ პოლიტიკაში და შემდეგ მის გავრცელებას მთლიანად საზოგადოების არსებობის წესში.