წამების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოძიების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, პრეზიდენტი კი, „დარღვევების ჩამდენ ორ მთავარ ფიგურად“ - ჩხატარაშვილსა და ლევან ქარდავას ასახელებს.
სააკაშვილის მტკიცებით, ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი ლევან ქარდავა ნაციონალ მთავრობას შევარდნაძის ხელისუფლებიდან გადმოჰყვა და მათ არ იცნობს.
„სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელების ჩამდენი სუბიექტები წინა მთავრობიდან გადმოვიყოლეთ. დღევანდელ მთავრობას მინდა ვუთხრა - ამ ხალხს მილიონებს არ უნდა აძლევდნენ. ჩემი ინფორმაციით, მათ ბინძური შეკვეთების შესრულებაში მილიონებს უხდიან, იმის სანაცვლოდ, რომ თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და ყველაფრიდან გამდიდრებულები გამოვიდნენ“, - აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის განცხადებასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ქვეყნის პირველი პირი თეატრალური წარმოდგენის დადგმაში დაადანაშაულეს.
სამაგრელოს სამარხებში აღმოჩენილ უმძიმეს ვიდეოფირებთან დაკავშიებით, რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის გარკვევას for.ge მიხეილ მაჭავარიანთან შეეცადა:
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა უმცირესობის წევრებს აიძულებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვონ. თქვენი გუნდის წევრია წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი - ლევან ქარდავა. რა კავშირია ერთსა და იმავე სახელისა და გვარის მქონე, ყოფილ ძალოვანსა და ამჟამინდელ დეპუტატს შორის?
- კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა მეგის ქარდავას ძმა არის. ხოლო, უმცირესობის წევრი ლევან ქარდავა წალენჯიხის მაჟორიტარია. კუდ-ის ყოფილი უფროსი დეპუტატ ლევან ქარდავას „ეჩალიჩებოდა“ უმცირესობა დაეტოვებინა. სხვათაშორის, არა მარტო მას, არამედ სხვებსაც.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ლევან ქარდავა კუდ-ის უფროსი იყო, რომელსაც ამჟამინელმა მთავრობამ განრიდება გაუკეთა, რის გამოც, საფუძლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, რომელშიც ეს ადამიანები მონაწილეობენ. ამასთან, გუშინ პრეზიდენტმა ჩხატარაშვილზე ისაუბრა, რომელიც პროკურორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი იყო იმის, რაც პოკურატურაში ხდებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მეგის ქარდავას გვარმა გაიჟღერა და ძალოვანმა უწყებამ თქვა, რომ მეგის ქარდავამდე მიდის კვალი, რასაც მეც არ გამოვრიცხავ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი სადისტები იყვნენ და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ გვაწევს, მაგრამ სადისტებს არ დავინდობთ და ყველამ უნდა აგოს პასუხი სამართლიანად და არა ისე, როგორც ადამიანების რიგი ნაწილი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს, რომლებიც იყვნენ არა შემსრულებლები, არამედ ისინი ვინც გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ამ ორ ადამიანს - ლევან ქარდავასა და ჩხატარაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას“. პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მძიმე საქმეებიდან „თავის დაძვრენას“ ცდილობს...
- სააკაშვილმა თქვა, - იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანებს არ იცნობდა, ყველაფერ იმაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც მისი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა. მან ის პირები დაასახელა, რომლებიც ამ სისასტიკეს სჩადიდონენ.
ქვეყნის პირველმა პირმა ამ პირთა სადისტური ქმედებების შესახებ ინფორმაცია, ამ ორ დღეში გაიგო?
- დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ეს რომ სცოდნოდა, არაფერი არ მოხდებოდა. გავრცელებულ კადრებში აშკარაა, რომ უდანაშაულო ადამიანებს აიძულებდნენ ჩვენება მიეცათ და მათ სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ სისასტიკის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტისთვის კი არა, ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა და ეს რომ მცოდნოდა, ეს ადამიანები ციხეში აღმოჩნდებოდნენ. პრეზიდენტმა სამწუხარო შეცდომაზეც ისაუბრა. სამწუხაროდ, ეს სტრუქტურები კონტროლიდან გამოსული იყო და მასზე ზედამხედველობას პარლამენტიც ვერ ახორციელებდა.
თუმცა, წლების განმავლობაში, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი უწყებით თავს იწონებდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს „ქვეყნის ხერხემალს“ უწოდებდნენ...
- პოლიციის მიმართ ნდობა ახლაც მაღალია და მოქალაქეები პოლიციას როგორც ადრე, ასევე ახლაც ენდობიან. სხეულზე ფურუნკული რომ არის, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მთელი სხეული დაავადებულია?! თუ 2001 წლის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას წაიკითხავთ, ნახავთ, რომ პირებისთვის ფჩხილების დაცლა და მათი გაუპატიურება ადრეც ხდებოდა, მაგრამ ხელისუფლებაში ჩვენ ხომ იმისთვის მოვედით, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო?!
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამარხების ადგილმდებარეობა პატიმრობაში მყოფმა, ბაჩო ახალაიამ გასცა, რაც თავად კატეგორიულად უარყო. ამის თაობაზე, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- გამოძიება მიმდინარეობს და უკვე ცხრა ეჭვმიტანილია დაკავებული. გვინდა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მივიღებთ და გავიგებთ - რა ხდებოდა. წინა ხელისუფლებაში ვიყავი და იმაზე არ მქონდა ინფორმაცია, რაც ხდებოდა. ნამდვილად ძალიან შეწუხებული ვარ, უფრო სწორად შოკირებული. ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკეს სჩადიოდნენ, ახლა იმას ცდილობენ, რომ სხვას ხელი შეაწმინდონ, რაც არ არის სწორი. ყველამ პასუხი უნდა აგოს. ყველასთვის სიანტერესოა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს ყველაფერი რა დონეზე ხდებოდა.
იქედან გამომდინარე, რომ ეს სისასტიკე ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდშია ჩადენილი. ძალოვანი უწყების მაშინდელ ხელმძღვანელს ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა?
- საჭიროა გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს, მან კანონის წინაშე პასუხი სრული სიმკაცრით უნდა აგოს. კვალი ვისთანაც მივა, ის უნდა დაისაჯოს. ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, კომისიის შექმნას ვითხოვთ. შეიძლება ეს ყველაფერი მათი პიროვნული ინიციატივა იყო, რასაც შემდეგ მინისტრს უმალავდნენ. ისინი უდანაშაულო ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და სავარაუდოდ, კვალის დამალვასაც ეცდებოდნენ. მეორე სადიზმი იცით რა იყო? - ის, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ და ინახავდნენ.
საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ ამ ფაქტების შესახებ მაღალ ეშალონებშიც იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ნების გარეშე რიგითები მსგავს სისასტიკეს ვერ ჩაიდენდნენ...
- საზოგადოებას სამართლიანი ეჭვი აქვს და მეც მინდა, რომ ეს ეჭვი გაქარწყლდეს. საუბარია იმაზეც, რომ ვიდეო ჩანაწერებში მაშინდელი უმრავლესობის წევრებზეც არის ინფორმაციები და სჯობს, ამაში გავერკვიოთ. კომისია უნდა შეიქმნას და თუნდაც მასში მმართველი გუნდი უმრავლესობით იყოს წარდგენილი. ამაზე არანაირი პრეტენზია არ გვექნება, უბრალოდ, აუცილებელია საჯაროდ გაირკვას - ამ ყველაფერს ვინ აწყობდა და მასში ვინ მონაწილეობდა. ამ ყველაფრით შოკირებული ვარ!
შს სამინისტრომ ფარული ჩანაწერები დიპლომატებსა და მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გააცნო. ეს მასალები უნდა გამოქვეყნდეს თუ არა, ამაზე საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ნაწილი ითხოვს, რომ მასალები გამოქვეყნდეს და ხალხმა წინა რეჟიმის ქმედებები ნახოს. ხოლო, მეორე ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ეს მასალები უნდა გასაჯაროვდეს?
- თუ ამ ყველაფრის თაობაზე იერარქიული გადაწყვეტილება იყო მიღებული, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, ეს ყველაფერი ვის მიერ ხდებოდა. ამ პროცესში მონაწილე თითოეული პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და მათთან არანაირი საპროცესო შეთანხება არ უნდა დაიდოს. გუშინ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ჩვენება წავიკითხე და მას ეკითხებიან, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას ფლობდა თუ არა გუნავა, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. შესაბამისად, თუ ეს სისტემა იყო, რატომ არ იცოდა გუნავამ?! ბევრი კითხვაა, მაგრამ ვინც ამ თამაშსა და ამ სადისტთა ჯგუფში მონაწილეობდა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ უპრეცედენტოდ უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება მასალების გამოქვეყნების საკითხს, ვფიქრობ, რომ ფარული ჩანაწერი ჟურნალისტთან მიმართებაშიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომლის გვარსაც შეგნებულად არ გისახელებთ.
რაც შეეხება სამარხებში აღმოჩენილ იარაღს, წინასაარჩევნოდ, ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ სამეგრელოში ზონდერ ბრიგადები იქმნებოდა, რასაც მაშინდელი მმართველი გუნდი კატეგორიულად უარყოფდა და თავდაცვის ამჟამნიდელ მინისტრს უპასუხიმგებლო განცხადებების კეთებაში ადანაშაულებდა. არის თუ არა კავშირი ამ იარაღსა და თქვენს მიერ შექმნილ „რეზერვს“ შორის?
- ესეც გამოსაძიებელია. გარკვეული ინფორმაცია სახელმიწიფო საიდუმლოებაა და მასზე საუბარი არ მსურს. არის საკითხები, რომელიც სხვა რეჟიმში უნდა გაირკვას, რადგან ოკუპირებული ქვეყანა ვართ, არის სამხედრო დოქტრინა და ყველაფერზე საჯაროდ არ უნდა ვისუაბროთ.
ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საკუთარ ანგარიშებზე პატიმართა წამებაზე ხშირად საუბრობდა. ასევე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე აპელირებდა. თუმცა, თქვენ მას პოლიტიზირებულ ფიგურად მიიჩნევდით და არ უსმენდით. ამ გადმოსახედიდან, არ ფიქრობთ, რომ შეცდომას უშვებდით, როდესაც ომბუდსმენის დასკვნას იგნორირებას უკეთებდით?
- პოლიციის შენობებში ადამიანების წამებაზე არცერთ დასკვნაში არ ეწერა. სამწუხაროდ, გაუპატიურებაზეც არ იყო საუბარი. დასკვნაში საუბარი იყო, რომ ციხეში მძიმე მდგომარეობა იყო. ამაზე კი, რეაგირება მეტ-ნაკლებად ხდებოდა. არ მახსოვს, რომ გაუპატიურების ფაქტებზე სუბარს დაეწეროს, თქვენ გახსოვთ?
სუბარი პატიმართა წამებაზე ბევრს საუბრობდა, თუმცა, ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელი წევრი ეკა ხერხეულიძე კატეგორიულად უარყოფდა.
- სამწუხაროდ, ციხეში ადამიანი გარდაიცვალა და სამინისტრომ ჯერ თქვა, რომ პატიმარი კიბიდან დაგორდა, შემდეგ სხვა ინფორმაცია გაავრცელეს. ასეთი რამ, ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება. ამას მხოლოდ სინანულით ვამბობ.