20 ივნისს ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-6 სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა, ევროკავშირის მხრიდან კი სხდომას ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დეპარტამენტის უფროსი ქ–ნ ვერონიკ არნოლტი უძღვებოდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველი, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმი, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, ასევე ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ევროპულს მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია დეტალური ინფორმაცია 2012 წლის ნოემბრიდან შსს–ში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმებისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ (შსს 2013 წლის სტრატეგია, ბროშურები რეფორმების შესახებ, პოლიციის ეთიკის კოდექსი, ინსტრუქციები გადაეცა ევროკომისიის წარმომადგენლებს).
ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები. მათ გამოთქვეს მზადყოფნა რეფორმების პროცესში დახმარების კუთხით, როგორც ექსპერტების ასევე პროექტების მომზადების კუთხით.
სხდომის დასასრულს ევროკავშირის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს შესაბამისი უწყებების მხრიდან ამომწურავი ინფორმაციის წარმოდგენისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
21 ივნისს ქ. ბრიუსელში ასევე გაიმართება შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის სამართლიანობის, თავისუფლებისა დ უშიშროების ქვეკომიტეტის რიგით 6–ე სხდომა. სხდომაზე მხარეები განიხილავენ საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანით ვაჭრობა ტრეფიკინგი, ტერორიზმი, ფულის გათეთრება, კორუფცია, ნარკოდანაშაული, პოლიციის სფეროში თანამშრომლობა და თანამშრომლობა იუსტიციის ორგანოებს შორის.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ფინანსური მონიტორინგის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.