თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ გაცემული პრემიების დიდი ნაწილი სამხედრო პირებსა და რიგით საჯარო მოსამსახურეებზე მოდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბროლაძემ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა, უწყების ხელმძღვანელობას პრემიები არ აუღია.
"იმ 5 მილიონ 600 ათასი ლარიდან, რაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშშია დაფიქსირებული, ძირითადი ნაწილი _ 4 741 ათასი ლარი გაიცა დეკემბრის ბოლოს, როგორც საახალწლო პრემია და ის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, დაწყებული რიგითიდან დამთავრებული ოფიცრებით თანაბრად გაუნაწილდა. ამ თანხიდან გაიცა პრემიები საჯარო მოსამსახურეებზეც – სისტემაში სულ 30 ათასი კაცი მუშაობს, თუმცა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთინებული შტაბის ხელმძღვანელობას პრემიები არც დეკემბერში და არც შემდგომ თვეებში არ აუღია", - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, იანვრიდან უწყება ახალ სისტემაზე გადავიდა, რომელიც თანამშრომლებისთვის დამსახურების მიხედვით პრემიების გაცემას ითვალისწინებს და უშუალოდ მის ფარგლებში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით 352 ათალი ლარის ოდენობის პრემია დარიგდა.
"გადავედით ახალ სისტემაზე, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლებზე დამსახურების მიხედვით პრემიების გაცემას. გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ შემცირდა პრემიების რაოდენობა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო. იანვრიდან ივნისის ჩათვლით სულ გაიცა 352 ათასი ლარის ოდენობის პრემია. ეს საკმაოდ მცირე ციფრია სისტემისთვის. შედარებისთვის რომ ავიღოთ _ შარშან მხოლოდ ერთ - ოქტომბრის თვეში, როცა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა, გაიცა 732 ათასი ლარი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულ თვეებში უწყების მიერ გაცემული პრემიების ოდენობა ასეთია: 2012 წლის ოქტომბერი _ 732,741.00 ლარი,
დეკემბერი 4,741,590.00 ლარი, იანვარი 12,704.00 ლარი, თებერვალი 19,286.78 ლარი,
მარტი 38,828.44 ლარი, აპრილი 45,858.30 ლარი, მაისი 140,599.75 ლარი, ივნისი 94,804.75. საერთო ჯამში, ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით გაცემილი პრემიების ჯამი 5,826,413.02 ლარს შეადგენს.
ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში კი - 3 041 492 ლარი.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს ცალკეული სამინისტროების მიერ გაცემული პრემიების შესახებ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი, მარტი) - 85 603 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი თებერვალი) - 131 660 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 150 470 ლარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი-თებერვალი) - 197 179 ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 249 389 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 251 965 ლარი, გარემოს დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 284 850 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) _476 270 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 493 716 ლარი, ჯანდაცვის უწყება (ოქტომბერი-მარტი) - 513 900 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 572 013 ლარი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 594 890 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 733 270 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 800 647 ლარი, იუსტიციის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) - 34 552 ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) - 987 006 ლარი, მთავრობის კანცელარია (ოქტომბერი-თებერვალი) - 994 832 ლარი, შსს (ოქტომბერი-თებერვალი) - 1 017 710 ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია (ოქტომბერი-მარტი) - 1 121 478 ლარი.