ჯერ კიდევ XX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება სურსათზე 50%-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს გამოიწვევდა 2022-2025 წლებში.
FAO-ს მონაცემებით, ხორბლის მსოფლიო წარმოებამ 2021 წელს შეადგინა 778.6 მლნ ტონა, თუმცა მისი ზრდა ბოლო ხუთი წლის მანძილზე (+2.9%) 2-ჯერ ჩამორჩება იმავე პერიოდში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელს (+5.8%).
მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ დედემიწაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაზრდა არა თუ შეუძლებელია, პირიქით - ურბანიზაციის მზარდი პროცესების გამო, მცირდება კიდეც. ამას ემატება არასასურველი კლიმატური პირობები (გლობალური დათბობა, გაუდაბნოება, გახშირებული ეროზიული და მეწყერული პროცასები და ა. შ.), აგრეთვე ომი რუსეთ-უკრაინას შორის, რომლებზეც მოდიოდა მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის 25%-ზე მეტი.
ეს ნეგატიურად აისახება მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობაზე, მის რეზერვებსა და ფასებზე. მარცვლეულის მსოფლიო მარაგების თანაფარდობა გლობალურ მოხმარებასთან 2022 წლისთვის 2017 წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პუნქტით (31.9%-დან 29.6%-მდე).
თანამედროვე პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სასურსათო პოტენციალის მაქსიმალურ ამოქმედებას, რათა მოსახლეობა დაცული იქნას მოსალოდნელი სასურსათო კრიზისისგან.
საქართველოს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი ჯერ კიდევ შემოაქვს. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ერთ სულზე სახნავი ფართობის სიმცირაეა (0.14 ჰა), მისი ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები და პოტენციალი (10 მლნ. ადამიანის გამოკვება) იძლევა საშუალებას ვაწარმოოთ მრავალფეროვანი და უხვი პროდუქცია.
სურსათის ადგილობრივი რესურსების წარმოების გაზრდა, ობიექტურად მოითხოვს სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის (პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ზეთი) ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტების წარმოებას. ამით უნდა მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის მაქსიმალურ შემცირებას.
გამოსავალი სასოფლო - სამეურნეო სავარგულების მაღალეფექტიან გამოყენებასა და საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდაშია, რათა ვუზრუნველვყოთ პროდუქციის წარმოების მთავარი საშუალების - მიწის ეფექტიანად გამოყენება.
ამ ამოცანის მისაღწევად აუცილებელია მიწების გამოყენების მკვეთრი გაუმჯობესება (ლათ. მელიორაცია).
ბუნებრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიის დასამუშავებელი სავარგულების ხელსაყრელ თერმულ რეჟიმსა და ნიადაგურ პირობებს თან ახლავს ტენის ნაკლებობა ან სიჭარბე, რის გამოც სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მიწების მეტი ნაწილი შეიძლება ორად გაიყოს: აღმოსავლეთის ნაკლებტენიან და დასავლეთის ჭარბტენიან რაიონებად, რაც ორივე შემთხვევაში ხელს უშლის მაღალი და მყარი (გარანტირებული) მოსავლის მიღებას ნიადაგში ტენის რეგულირების გარეშე (ლათ. ჰიდრომელიორაცია).
აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის წარმოება და მისი ინტენსიფიკაცია უშუალოდ დაკავშირებულია მორწყვასთან - ვეგეტაციის პერიოდში აქ ნიადაგის ტენის დეფიციტი 700 - 1000 მმ-ს შეადგენს (ასევე გარკვეულ უბნებზე განლაგებულია ბიცობი და დამლაშებული მასივებიც, რომელთა ფართობი თითქმის 220 ათასი ჰექტარია და საჭიროებს დამატებით მელიორაციულ ღონისძიებებს - ჭარბი წყლებით ჩარეცხვას და ა. შ.).
დასავლეთ საქრთველოში ტენიან სუბტროპიკულ კლიმატის ზონაში, ნიადაგების დაჭაობების და ჭარბი ტენიანობის გამო საჭიროა დაშრობითი ღონისძიებების გატარება, მაგრამ ამავე დროს, ნალექების დროში არათანაბარი განაწილებისა და შესაბამისად, ნიადაგის ტენის დეფიციტის შემთხვევაში, ზოგჯერ საჭიროა რწყვის ჩატარება (ე. წ. პროფილაქტიკური მორწყვა). შესაბამისად, ნებისმიერი ჰიდრომელიორაციული ღონისძიების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გამართული სარწყავი ან დამშრობი ქსელის და სათანადო ჰიდროტექნიკური ნაგებობების არსებობის შემთხვევაში (ჰიდროტექნიკური მელიორაცია).
საბჭოთა პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში გაყვანილი იყო ზემო და ქვემო ალაზნის, ტირიფონის, მაშველის, სალთვისის, კეხვის, თეზი-ოკამის, სამგორის, მუხრანის, ტაშისკრის, ალგეთის, ასევე დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციების მოსარწყავად (დაწვიმებით) და სხავდასხვა კულტურების პროფილაქტიკური რწყვისთვის სტაციონარული და ნახევრადსტაციონარული სარწყავი სისტემები (საქუსლია, გვიშტიბი, მაღლაკი, გეგუთი, და სხვ.) სულ 60 000 ჰექტარი.
აღმოსავლეთ საქართველოში ირწყვებოდა 375 ათასი ჰექტარი; კოლხეთის დაბლობზე დაშრობითი მელიორაციის ღონისძიებები განხორციელებული იყო 90 ათას ჰექტარზე. მთლიანად ქვეყანაში დაგეგმილი იყო 570 ათასი ჰექტრის მორწყვა და 140 ათასი ჰექტრის დაშრობა.
რიგი ღონისძიებები ტარდებოდა დაზიანებული სისტემების აღდგენის და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისთვის.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია ქვეყანაში არსებული სარწყავი სისტემების ძირეული რეკონსტრუქციის და წყალუზრუნველყოფის სამუშაოების ჩატარება, ვინაიდან პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის არსებული მელიორაციული სისტემები, ნაწილი გაიძარცვა (დედოფლისწყაროს რაიონში დახურული სარწყავი სისტემა, ტირიფონის სარწყავი სისტემა და ა. შ.), ნაწილი კი მიუხედაობის გამო განადგურდა.
ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა რეაბილიტაციასთან ერთად აუცილებელია ახალ მშენებლობათა წარმოება. ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოში რეაბილიტირებულია 100 ათას ჰექტრამდე მოსარწყავი ფართობი, რაც საშუალოვადიან პერსტექტივაში 460 ათას ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში, სულ მცირე _ 80 ათას ჰექტრამდე. კოლხეთის დაბლობის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის და მშენებლობა - ათვისების სამუშაოები 150 ათას ჰექტრამდე უნდა განხორციელდეს (გალისა და ოჩამჩირის რაიონების ჩათვლით).
რაციონალური, ტექნოლოგიური და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობა ეფექტიან ჰიდრომელიორაციას ემყარება.