რატომ გაუარესდა უმუშევრობის მაჩვენებელი და შეიცვლება თუ არა ფუნდამენტური პროგნოზი?

რატომ გაუარესდა უმუშევრობის მაჩვენებელი და შეიცვლება თუ არა ფუნდამენტური პროგნოზი?

უმუშევრობის მაჩვენებელი ცოტათი გაუარესდა. მოლოდინი და პროგნოზი სხვადასხვაგვარია. მთავრობა დადებითი ტენდენციის გაგრძელებას მოელის, ხოლო ეკონომისტების ერთი ნაწილი უკვე სკეპტიკურად უყურებს დასახული მიზნისკენ სვლას.

სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 5.3 ათასი კაცით (0.6%) გაიზარდა და 958.3 ათასს მიაღწია. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. შედეგად, უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასით (4.7%) გაიზარდა და 239.4 ათასს შეადგინა.

2025 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტით განისაზღვრა. დასაქმების დონემ კი 0.5 პროცენტული პუნქტით იკლო და 46.8 პროცენტი შეადგინა.

რეგიონულ ჭრილში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დასაქმების დონე ქალაქებში 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.8 პროცენტს და 45.3 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში - 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, არსებული ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ბიზნესის ნაწილმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო და ახალი კადრების აყვანის ტემპიც შეანელა. გიორგი ხიშტოვანის აზრით, დასაქმების მაჩვენებლები მომდევნო კვარტალში კიდევ უფრო გაუარესდება.

„ბოლო 3-4 წელში პირველად, დაქირავებით დასაქმებულების ნაწილშიც კი მხოლოდ 0.5%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა ბაზარიც ერთ დონეზეა. 2024 წელს, როდესაც ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით იყო გაზრდილი, წელს კი ზრდა საერთოდ არ გვაქვს. მიზეზები გასაგებია - ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, რისი სიგნალიც შრომის ბაზარია.

ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები მაღალი ალბათობით არ იქმნება და პირიქით, არსებული სამუშაო ადგილები ან ქრება, ან დროებით ქრება. როდესაც გამოკითხვების შედეგად ბიზნესი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია, რა თქმა უნდა, უნდა ველოდეთ, რომ ის დაიწყებს დასაქმებულების გათავისუფლებას. ეს, სავარაუდოდ, ნაწილობრივ უკვე ასეა, რაც პირველი კვარტალის სტატისტიკაში ჩანს. ჩემი აზრით, ტრენდი კლებადია, ველოდები, რომ მეორე კვარტალში შედეგი უფრო უარესი იქნება და უკვე სავარაუდოდ, დაქირავებით დასაქმებულთა ადამიანების რაოდენობაც შემცირებული იქნება“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

სხავგვარად აფასებენ არსებულ ტენდენციებს კვლევითი ორგანიზაციები. გალტ ენდ თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე არათუ გაიზრდება, არამედ 13.5%-მდე შემცირდება.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, რომ 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით 14.7%-მდე გაიზარდა, რაც თვითდასაქმებულთა შემცირებითა და სამუშაო ძალის ზრდით იხსნება. აღნიშნულ პერიოდში სამუშაო ძალა წლიურად 0.2%-ით გაიზარდა და 1,634 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 1,394 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 239.4 ათასი უმუშევარი.

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოპტიმისტურია მთავრობის მეთაურის განწყობა. პრემიერი ირაკლი კობახიძე წლიდან წლამდე უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების პირობას დებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. სამომავლოდ კი 200 ათასი სამუშაო ადგილი შექმნაა გათვალისწინებული

„მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს მომავალ წლებთან დაკავშირებით. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ამ კუთხით ასახული იყო ამბიციური მიზანი. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური.

ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Gami ხიშტოვანს ხიშტი უნდა ერთ ადგილას.
1 დღის უკან