რომან გოცირიძე სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე: ეს არის სიცრუე და ინტერპრეტაცია

რომან გოცირიძე სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე: ეს არის სიცრუე და ინტერპრეტაცია

ეს არის სიცრუე, ეს არის ინტერპრეტაცია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

რომან გოცირიძის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „საჩივარი ამოიღო“, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა ამ ფაქტს „უზარმაზარი ინფორმაცია მოაყოლა“, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„ეს არის სიცრუე, ეს არის ინტერპრეტაცია, იმიტომ, რომ ამოიღეს განსახილველ საკითხთა სიიდან და ხომ შეიძლება გადაიდო? ან ხომ შეიძლება რაღაც დამატებითი მოითხოვა?... ეს არის არასწორი, ეს არის ტყუილი, მალე გააკეთებენ ადვოკატები განცხადებას, ეს არის სულ ახალი ინფორმაცია. მეც არა ვარ ღრმად ჩახედული, მაგრამ გავიკითხე და პასუხი იქნება, რომ ეს არის სიცრუე. ერთადერთი ინფორმაციაა, რომ ამოიღო და ამის შემდეგ ვიღაც ბექა [ძამაშვილი] უზარმაზარ ინფორმაციას აყოლებს, მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. პირველი ტყუილია, მეორე თუ მეათე?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით „ქართული ოცნება“ ხშირად იტყუება და ტყუილია ისიც, რომ უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა.

„ესენი რასაც ამბობენ ეს ხომ სამარცხვინოა. ელჩის გაწვევის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, ზელენსკის „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, ამერიკის კონგრესსაც რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს ბევრჯერ უთქვამთ, ევროსაბჭოს ხომ ჩვენ ვაკონტროლებთ, ყოველი ევროპარლამენტარი თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლ ქვეშ არის, ეს ხომ აბსურდია. ელჩი რატომ გაიწვიეს ამის შესახებ თავად ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, თქვა სახალხოდ, ამაზე მწარე რა უნდა ეთქვათ საქართველოს ხელისუფლებისადმი? შეარცხვინა და თავს ლაფი დაასხა, ხალხი კარგია, ხელისუფლება ცუდიაო. საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართო, ამ ბრძოლაში საქართველო განზე გადგაო, ამიტომ ელჩი აქ არაფერ შუაში არ არის.

ლიტვის ჯანდაცვის მინისტრი ჩავიდა კიევში მთელი დელეგაციით, დგას ქუჩაში, რომელიც იბომბება. საქართველოდან თუ მინისტრი არ ჩავა, მინისტრის მოადგილე მაინც წავიდეს, ერთი კინკილა ვიღაცა ჩავიდეს კიევში, ნუთუ ერთი ადამიანი ვერ მოიძებნა საქართველო პარლამენტიდან ან მთავრობაში. მიდი კიევში და უთხარი, რომ მხარს გიჭერ ან თანაგიგრძნობ, რატომ არავინ არ ჩადის? ტელეფონითაც არ ურეკავენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.