ამირან გიგუაშვილი: მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის ეფექტურობა ძალიან დაბალი იქნება
ახალმა მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით თავის დროზე კარგად ვერ შეაფასა. ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტების მენეჯერი გია გვილავა აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შესახებ კანონ-პროექტი წარმოადგინა. აქამდე გაკეთებული განცხადებებით, ეს ერთ-ერთი გზა უნდა ყოფილიყო, რომლის მეშვეობითაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ქონება-წართმეულ ბიზნესმენები მის დაბრუნებას შეძლებდნენ. აღნიშნული კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო ნორმები, რომ კომისიას განეხილა საჩივრები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც. თუმცა, იმის გამო, რომ ეს შესაძლოა, ბიუჯეტისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი ყოფილიყო, მიიღეს გადაწყვეტილება, კომისიამ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილი საჩივრები განიხილოს.
როგორც გვილავა აცხადებს, როდესაც ეს დაპირებები გაიცა, წინასაარჩევნო პერიოდი იყო და შესაბამისად ეს თემა პოპულარობით სარგებლობდა. მისივე თქმით, პროკურატურაში ათიათასობით საჩივარია შესული.
„ძალიან სამწუხაროა, რომ არ მოხერხდა ისეთი მექანიზმის მოფიქრება, რომლებიც საკუთრების უფლების აღდგენას შეუწყობდა ხელს. როცა ნახეს, რა მასშტაბებზე იყო საუბარი, შემდეგ უკვე ბიუჯეტის კუთხით უკან დაიხიეს და კანონში ამ ტიპის საქმეების ჩადება გადაიფიქრეს,“ – აცხადებს გვილავა.
გვილავას განცხადებით, ძალიან ბევრი საქმე არის იძულების შედეგად განხორციელებულ ჩუქებაზე. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომელთა ქონება სახელმწმიფოს ბალანსზეა და ამ ქონების დაბრუნებაც ვერ ხდება. ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ამ კანონპროექტის პირველადი ვერსია ითვალისწინებდა ასეთი ტიპის საქმეების გადახედვას, ანუ უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც. გვილავა მიუღებლად მიიჩნევს იმ არგუმენტს, რომ მსგავსი ტიპის ქონებების დაბრუნება სახელმწიფოს ტვირთად დააწვება.
„შესაძლებელი იყო იმ ქონების დაბრუნება, რომელიც ახლა სახელმწიფოს ხელშია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ანუ გადაყიდულ ქონებას, ეს სახელმწიფოსთვის მართლა ძალიან დიდი ტვირთი იქნება. თუმცა შეიძლებოდა სხვა სახის გამოსავალის პოვნა. შეიძლებოდა გადავადებები და სხვა სახის მექანიზმების გამოყენებაც. დადგინდებოდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მართლები და შემდეგ უკვე სახელმწიფო კონპენსაციის მექანიზმზეც იფიქრებდა,“ – აცხადებს გვილავა.
მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანას ამ მიმართულებით ბევრი რისკი აქვს. ერთ–ერთი მათგანი არის სტრასბურგის სასამართლო, სადაც ბევრი საქმეა წასული და თუ ეს საქმეები გამარჯვებით დასრულდა, ეს საქართველოს მაინც მძიმე ტვირთად დააწვება. სახელმწიფო კი კომპენსაციის გადახდას ვერ აცდება.
აღნიშნულ კანონპროექტს სკეპტიკურად აფასებენ ადვოკატები. ამირან გიგუაშვილის განცხადებით, თუ ამ კომისიას სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესწავლის ფუნქცია არ ექნება, ეფექტურობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იქნება.
მისი თქმით, ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს და იმედგაცრუებას გამოიწვევს. „არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რასაც დღეს ქართული საზოგადოება მთავრობისგან სამართლიანობის აღდგენის ფორმატში ელოდება,“ – აცხადებს გიგუაშვილი.
მისი თქმით, სამოქალაქო სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა საერთოდ ამოღებულ იქნა.
გიგუაშვილის განცხადებით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის. „ჩვენ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვექნება. ადამიანებს მორალური კმაყოფილების მიღება კი არ უნდათ, მათ უნდათ რომ კონკრეტულ საქმეებზე, სადაც ბრალდებულად იყვნენ ცნობილები და უკანონო პატიმრობა მოიხადეს, სასამართლომ დაადგინოს რომ ეს იყო უკანონო და მოხდეს რეაბილიტაციის მიღება და წართმეული ქონების და მიყენებული ზიანის ანაზღაურება,“–აცხადებს გიგუაშვილი.
ადვოკატ ზვიად კორძაძის შეფასებით, თუ სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება სამართლიანობა აღდგეს ერთ სფეროში და ვერ აღდგეს მეორეში. მისი თქმით, აქ რაღაც მექანიზმი უნდა იქნეს შემუშავებული.
როგორც კორძაძე აცხადებს, თუ ხდება იმის გაცხადება და აღიარება, რომ მართლმსაჯულებაში ხარვეზები იყო, არ შეიძლება ამ ხარვეზების დაყოფა. თუმცა, მისი თქმით, მეორე მხრივ პრობლემაა ისიც, რომ რაოდენობა, რომელსაც სისხლის სამართლის და სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები მოიცავს, იმდენია, რომ მისი ხელახლა განხილვის პროცედურის შემუშავებამ და გადამუშავებამ, შეიძლება ამ კომისიის მუშაობა მთლიანად ჩააგდოს. აქედან გამოსავალს კი კორძაძე საქმეების პრიორიტეტულად დაყოფაში ხედავს.“შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში პრიორიტები ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების მთლიანად გამოთიშვა სწორად არ მიმაჩნია“–აცხადებს კორძაძე.