ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა და გლობალურმა მოვლენებმა საქართველოს საკითხი დასავლელი პარტნიორებისთვის თითქოს უკანა პლანზე გადასწია. ამის ფონზე, გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართულ ოპოზიციაში იმედგაცრუება იზრდება ევროკავშირის ქმედებების გამო და დასავლეთს მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდონ. თუმცა, მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დასავლეთს საქართველოსთვის „არ სცხელოდა“.
ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის პოსტზე. მარტა კოსმა X-ზე დაწერა, რომ საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
„დღევანდელ საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე. ჩვენ, ევროკავშირი, ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ“, - დაწერა მარტა კოსიმ, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ასე გამოეხმაურა: „სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის თქმით, დასავლელმა დიპლომატებმა დაინახეს, რომ „უფსკერო კასრში ასხამდნენ წყალს“ და სწორედ ამით აიხსნება ევროპის მხარდაჭერის კლება ოპოზიციის მიმართ.
„დასავლეთის ლიბერალურლმა წრეებმა დაინახეს, რომ უფსკერო კასრში ასხამდნენ წყალს ფინანსების სახით, იმ მხარდაჭერის სახით, რასაც ოპოზიციას უცხადებდნენ, ბოლოს მოწყინდათ და თავი დაანებეს. ამიტომ არის გაბრაზებული ოპოზიციის ე.წ. ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი - როგორც ეტყობა, შეუწყდათ ფინანსები. ამიტომაც, ეს ვირთაგვები შეყრილი არიან ერთად და, ალბათ, დასავლეთის ეს წრეები ცდილობენ, რომ ამ ვირთაგვებისგან გამოიყვანონ ვირთაგვაჭამია, რადგან ის საკუთარი ინტერესების გამოსაყენებლად სჭირდებათ აქ“, - გვითხრა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ თვლის, რომ დასავლეთმა შეამცირა მხარდაჭერა ქართული ოპოზიციის მიმართ. მისი შეფასებით, ადრე თუ გვიან, ევროპის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოსთან დაკავშირებით.
„დასავლეთი არ მუშაობს ისე, როგორც ავტორიტარული რეჟიმები, როდესაც ერთი რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას და მისი იმპლემენტაცია ხდება მომენტალურად. როდესაც საუბარია ევროკავშირზე, სადაც 27 ქევაყანა არის გაერთიანებული, ასეთი გადაწყვეტილებები ასე სწრაფად არ მიიღება. ვისურვებდი რომ გადაწყვეტილებები ჩქარა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნია ჩვენზე, მით უმეტეს, იმის ფონზე, რაც დღეს ხდება - საქართველო დასავლეთისთვის, ფაქტობრივად, უალტერნატივო ქვეყანაა და უალტერნატივო კორიდორია იმისთვის, რომ შუა აზიას დაუკავშირდეს - არა მხოლოდ დასავლეთისთვის, ასევე ჩინეთისთვისაც. ამ მიმართულებით, უფრო მოგვიანებით, მაგრამ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამერიკას ჯერ ჩვენთვის არ ეცალა და თუ ამერიკა დაიწყებს უფრო სწრაფ ქმედებებს ჩვენთან მიმართებაში, ევროპაც უფრო აქტიური გახდება - არ მგონია, რომ დასავლეთმა უარი თქვას ჩვენს დახმარებაზე“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE ) ვიცე-პრეზიდენტმა, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა იმოქმედონ.
„ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი გისოსებს მიღმა მოქცევა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება - ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, ეს დღეს რეალობაა რუსეთსა და ბელარუსში. ძალიან დიდ ხანს ვუყურებდით ერთი მეორეს მიყოლებით, როგორ მიიღებოდა რეპრესიული კანონები მანამდე, სანამ გვიანი არ იყო, მაგრამ ჩვენს შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. ასე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, თუ არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი მივიღოთ კავკასიაში! საქართველოში ყოველ დღე ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აპატიმრებენ. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, საქართველომ ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის დაცვის ვალდებულება აიღო. მინისტრთა კომიტეტს მოვუწოდებ, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, სანამ გვიანი არ არის!“, - განაცხადა აბრაჰამმა.