ავღანეთში, ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში დღეს დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„დღეს ალექსანდრე კვიწინიძე მივაბარეთ მშობლიურ მიწას. მთელი სოფელი, მთელი საქართველო მის ოჯახთან ერთად გლოვობს ამ დიდ დანაკლისს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი გმირობა და თავგანწირვა, ის სულისკვეთება, რომელიც მან გვაჩვენა, კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას. როდესაც გადავყურებთ რუსულ საოკუპაციო ძალებს, დარწმუნებული ვარ, ის ვითარება, რაც დღეს ამ სოფელშია, სწორედ ასეთი ბიჭების საბრძოლო სულისკვეთებით შეიცვლება.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მაღალი რანგის ოფიცრები. გორის რაიონში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
კაპრალი კვიწინძე დღეს გორის რაონში სამხერო პატივით დაკრძალეს. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო მეოთხე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და საპატიო ყარაულმა.
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხება. მას მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. გარდაცვალების შემდეგ წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავღნეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს.