რა მიზნით შეიქმნა ტელეკომპანია “პიკი” და რა პროვოკაციებს გეგმავდნენ “ნაციონალები” ჩერქეზთა გენოციდის ცნობით

რა მიზნით შეიქმნა ტელეკომპანია “პიკი” და რა პროვოკაციებს გეგმავდნენ “ნაციონალები” ჩერქეზთა გენოციდის ცნობით

2011 წლის 20 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს, ჩერქეზი ხალხის მასობრივი განადგურება და მისი ისტორიული სამშობლოდან განდევნა, ანუ გენოციდი აღიარა. ამ თხოვნით ქართულ საკანონმდებლო ორგანოს თავის დროზე რამდენიმე ჩერქეზულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა... უნდა ეღიარებინა თუ არა საქართველოს ჩერქეზთა გენოციდი? რა ავანტიურა იმალება ამ აღიარების უკან და, საერთოდ, როგორ იმოქმედებს ყველაფერი ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე? _ ამ თემებზე რამდენიმე დღის წინ, “ობიექტივის” ეთერში, სოსო ზაალიშვილმა და “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, ყოფილმა პარლამენტარმა, პეტრე მამრაძემ ვრცლად ისაუბრეს. “ქართული სიტყვა” გადაცემის სტენოგრაფიულ ჩანაწერს გთავაზობთ: 

_ ჩერქეზებისა და უბიხების გადასახლება კავკასიის ისტორიაში ტრაგიკული მოვლენაა, მაგრამ 21-ე საუკუნეში, რა შეიძლება მოუტანოს გენოციდის აღიარებამ საქართველოს, რომლის ახალი ხელისუფლებაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას აპირებს, მით უმეტეს, რომ გენოციდის ცნობა მხოლოდ მორალური მხარდაჭერა არაა და მას იურიდიული პროცედურები მოჰყვება... საქართველო, ერთის მხრივ, რუსეთს ესაზღვრება, მეორეს მხრივ კი, _ თურქეთს, სადაც ჩერქეზებს დიდი დიასპორა ჰყავთ... როცა გენოციდს აღიარებ და ამ ხალხს მსხვერპლად თვლი, მას უნდა დაეხმარო კიდეც. ბატონო პეტრე, ყველაფერი ეს რას მოუტანს საქართველოს და ამისთვის მზად ვართ?

_ ყველაფერი ეს ჩემს წიგნში _ “ავანტიურა 08.08.08” _ გავაანალიზე. ეს აღიარება, ამერიკელი პოლიტოლოგების ენით რომ ვთქვა, სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავტორიტარიზმის გამოვლინება იყო. ჩრდილოკავკასიაში ტრაგედია 100 წელს გრძელდებოდა, დიდი კავკასიური ომის ფორმულირება სწორედ ასეთია _ 1759-დან 1861 წლამდე და ასევე წერია ჩვენი პარლამენტის დადგენილებაში, რომელიც უცხოელების შეფასებით, “რეზინის შტამპი” იყო. საერთოდ, სააკაშვილი თავის ყველა ახირებულ გადაწყვეტილებას ტირაჟირებას სწორედ ამ “რეზინის შტამპით” უკეთებს...

თუ “გრანდიოზულ გეგმას” არ შევეხეთ, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი იქნება: 2008 წლის აგვისტოს ომით, სააკაშვილის პოლიტიკურ-სამხედრო ავანტიურა კატასტროფით დამთავრდა და ამიტომ, მან შურისძიება გადაწყვიტა. 2008 წლის შემოდგომაზე უცხოელებმა მითხრეს, თქვენი საქმე ცუდად იმიტომაა, რომ სააკაშვილი აცხადებს, რუსეთს ომს აწი ვაჩვენებო. სააკაშვილმა ჯერ ვიწრო წრეში, შემდეგ კი, საჯაროდაც განაცხადა, რუსეთი დაიშლება და ეს ჩრდილოკავკასიიდან დაიწყებაო. მოკლედ, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ჩრდილოკავკასიის კარტის გათამაშება დაიწყო, რომლის ერთი ელემენტიც ჩერქეზთა გენოციდის ცნობაა: თბილისში განუწყვეტლივ ტარდებოდა სემინარები, რომლებშიც მთელი მსოფლიოდან ჩრდილოკავკასიის დიასპორები მონაწილეობდნენ და ამაზე გრანდიოზული თანხები დაიხარჯა. გვახსოვს ერთ-ერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მიერ გაშვებული კადრები, რომლის თანახმადაც, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელი ტელეფონით ჩვენს ელჩებს უკავშირდება და ეუბნება, ყველანი შეაგროვეთ და გამოგზავნეთ, ამას მიშა ითხოვსო. ტელეკომპანია “პიკიც” ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. როგორც თავის დროზე “ამერიკის ხმამ” სსრკ დაშალა, “პიკით” რუსეთს მეც ასე დავშლიო, _ ამბობდა სააკაშვილი, მაგრამ როცა მიზანს სწრაფად ვერ აღწევს, მასზე უარს ამბობს. როგორც უცხოელები ამბობენ, სააკაშვილს იოტისოდენი სტრატეგიული მოთმინება არ აქვს.

...საქართველოს პარლამენტმა, ჩრდილოკავკასიის ქვეყნების პარლამენტებს, მოსკოვის გვერდის ავლით, წერილები დაუგზავნა, რომლის ქვეტექსტიც ასეთი იყო, ერთად შევებრძოლოთ საერთო მტერს, რუსეთსო. ამ წერილებს ჩრდილოკავკასიელთა ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ჩერქეზთა გენოციდის ცნობის მომზადებამ დასავლეთის _ ამერიკელებისა და ევროპელების ნეგატიური რეაქციაც გამოიწვია და ვოლტერ რასელ მიდმა, რომელიც აშშ-ში საგარეო ურთიერთობათა წამყვან ექსპერტადაა აღიარებული, დაწერა: “იმ დროს, როცა ქვეყანას ვსტუმრობდი, საქართველომ ჩრდილოეთკავკასიის მცხოვრებთათვის, მათ შორის, ჩეჩნეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა და მერე, განახორციელა კიდეც. ამ ნაბიჯმა განარისხა რუსეთი, რომელსაც ჩრდილოკავკასიაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნება სურს და საქართველოს ადანაშაულებს, რომ ამ პრობლემურ რეგიონში შეიარაღებისა და ხალხის უკანონო გადაადგილების საშუალებას იძლევა. ამ ფაქტმა სერიოზულად შეაშფოთა შეერთებული შტატებიც, რომელსაც არ სურს, საქართველომ რუსი დათვი გააღიზიანოს. შეერთებულ შტატებშიAამ იდეას დაჟინებით აპროტესტებენ, რადგან ისლამისტი მებრძოლები თავისუფლად გადაკვეთენ საქართველოს საზღვარს და იხეტიალებენ ქვეყანაში... აი, ის მძიმე და სასტიკი დასკვნა, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს: ნატო-ს ევროპელი წევრები არასოდეს მიიღებენ წინდაუხედავ და თავნება საქართველოს ალიანსში. ქვეყნისთვის ამაზე დიდი ზიანის მიყენება საქართველოს ყველაზე საშინელ მტერსაც არ შეეძლო”.

თომას დე ვაალი კი, რომელიც კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მცოდნე ექსპერტთა სამეულშია და რომელიც აქ ხშირად ჩამოდის, წერს: “საქართველო, რომელსაც, აგრეთვე, სჭირდება სტაბილურობა თავის ჩრდილოეთ საზღვრებთან, ირაციონალურ კარტს ათამაშებს. საქართველოს მთავრობამ ჩრდილოეთკავკასიასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების ახალი პოლიტიკა წამოიწყო, რაც რუსეთის გადასახედიდან, ამ რეგიონის დანარჩენი სხვისაგან ჩამოშორების სტრატეგიად გამოიყურება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად დააწესა უვიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისათვის, გაერო-ში გამოსვლისას ისაუბრა გაერთიანებული კავკასიის საკუთარ ხედვაზე. პოეტის, ან ბიზნესმენის მხრიდან ასეთი აზრების გახმიანება შეიძლება, სანაქებო ყოფილიყო, მაგრამ როცა ამას საქართველოს პრეზიდენტი წარმოსთქვამს, ეს მხოლოდ ცეცხლს შეუკეთებს რუსეთის პარანოიასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბულობას”.

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლაპერმა აშშ-ის სენატს წარუდგინა დასკვნა, სადაც წერია, რომ საქართველო უკმაყოფილოა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტატუს კვოთი, ეს ფაქტორი დაძაბულობას უწყობს ხელს და ამ დაძაბულობას აძლიერებს საქართველოს ღია მცდელობები, დაამყაროს კავშირი რუსეთის ჩრდილოკავკასიის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან.

ეს დასკვნა 2011 წელს გამოქვეყნდა და საქართველოს იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქე იყო. მაშინ, ოპოზიციაში, ოპოზიციური პარტიის რომელიმე წევრი და არა _ ლიდერი, რუსეთის მოქალაქე რომ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ, სააკაშვილს როგორი რეაქცია ექნებოდა _ მოღალატედ და შპიონად გამოაცხადებდა. ვაშაძე ომის დროსაც რუსეთის მოქალაქე გახლდათ და ომიდან ორ თვეში, აბდეევს წერილი გაუგზავნა, “ერისიონი” ჩამოვა მოსკოვშიო. ეს წერილი აისბერგის მხოლოდ წვერია იმასთან შედარებით, რაც მზადდებოდა _ პუტინის წინაშე მუცელზე ხოხავდნენ, როგორმე ხელისუფლებაში დაგვტოვეთ და რაც გინდათ, წაიღეთო. მოკლედ, ვაშაძემ თქვა, სულ არ მაინტერესებს, რას ამბობს აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელიო.

მსოფლიოში ერთ ქვეყანასაც არ უცვნია ჩერქეზთა გენოციდი. მართალია, ჩერქეზებისა და ჩრდილოკავკასიელთა ჯგუფებმა ეს კარგად მიიღეს, მაგრამ საერთო ჯამში, ჩერქეზების რეაქცია ძალიან უარყოფითია იმიტომ, რომ გენოციდის აღიარება მათთვის პროვოკაციასავითაა. აღშფოთებული ამერიკელი დიპლომატები მეუბნებოდნენ, თურქების მხრიდან სომხების გენოციდი მსოფლიოში ბევრმა, მათ შორის, წამყვანმა ქვეყანამ სცნო და რას ეტყვით სომხებს, როგორ აუხსნით, რომ მათ გენოციდს _ არა, ჩერქეზებისას კი, სცნობთ? ამას რატომ აკეთებთ? _ აღიზიანებთ რუსეთს, სომხებს, ჩერქეზებსა და ჩრდილოეთკავკასიასო... სხვათა შორის, ეს შეკითხვა თავის დროზე ჯონდი ბაღათურიამაც დასვა და გვახსოვს, ამას რაც მოჰყვა _ პარლამენტში “ვაზელინების” სროლა დაიწყეს.

მოგვწონს თუ არა, საქართველო მცირე სახელმწიფოა და ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება და მდებარეობა აქვს, რომ ყველა სერიოზული ექსპერტი აცხადებს, ეს არის ადგილი, რომელსაც ხშირად ევრაზიის “შავ ხვრელს” უწოდებენ და აქ მცირე ერების დამოუკიდებლად დარჩენა 21-ე საუკუნეშიც არაა გარანტირებულიო. ვიცით, თუ რა გეგმები აქვს ჩვენს უდიდეს მეგობარს, მეზობელ და მოსაზღვრე, ნატო-ს წევრ თურქეთს, მაგრამ თურქეთი ეროვნული სახელმწიფოა და თავისი ეროვნული ინტერესები და გეგმები აქვს...

ჩერქეზთა გენოციდის ცნობას მსოფლიოში, კიდევ კარგი, სერიოზული რეაქცია არ მოჰყვა... სააკაშვილი მარგინალია, რომელსაც ერი ვერ აკონტროლებს, მაგრამ ეს სიგიჟე, რა თქმა უნდა, ერზეც გადადიოდა და, სამწუხაროდ, დასავლეთში მძლავრდებოდა აზრი, რომ მთლიანად ერია მარგინალური, თუმცა გობლი ამ აზრს ეწინააღმდეგება და ამბობს, “ასეთი რამ სხვაგანაც მომხდარა. ამიტომ, დასავლეთმა ხელი არ უნდა დაიბანოს და არც პასუხისმგებლობა მოიხსნას, ვინაიდან რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართველები სწორ გზას მონახავენ და ამასაც მოერევიან”.

სხვათა შორის, რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა და ამჟამად კატონის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-მუშაკმა, დაგ ბენდოუმ სააკაშვილი იდიოტ ბავშვს შეადარა: “მაპის მიცემა, რომელიც თავისთავად არაფერია და ამით ნატო-ს ვალდებულება არ აქვს, სააკაშვილისთვის, მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, იგივე იქნებოდა, რაც იდიოტი ბავშვისთვის ტყვიამფრქვევის მიცემაა”. სააკაშვილმა თავისი ინგლისურით, ფრანგულით, გარკვეული ერუდიციით, იმიტაციისა და მიმიკის დიდი უნარით თავდაპირველად უცხოელების მოხიბვლა იცის, მაგრამ მერე, ყველა ამბობს, ნუთუ, მართლა გიჟიაო.

ამ კონტექსტში გავიხსენოთ სააკაშვილის გამოსვლა სომხებთან დაკავშირებით, როცა განაცხადა, სომხეთის ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმში გადავიდა და ეს იმიტომ მოხდა, რომ სომხეთის მთავრობას არ შესწევს უნარი, სწორად მართოს ეკონომიკა და რეფორმები გაატაროსო. სააკაშვილმა ტყუილი თქვა, რადგან სომხეთის ეკონომიკა ჩვენსაზე ყოველთვის უკეთესი იყო... ამ განცხადებიდან მეორე დღეს სომხეთის საგარეო სამინისტრომ არაჩვეულებრივად დელიკატური და თავშეკავებული განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, სომხეთის ეკონომიკას სირთულეები გარკვეულწილად, მართლაც, რომ ჰქონდეს, რამდენად სწორი და მისაღებია, რომ ამაზე მეგობარი სახელმწიფოსა და ერის პრეზიდენტმა საჯაროდ ისაუბროსო. ამ ამბებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სააკაშვილთან გასაუბრება ერთმა უცხოელმა ექსპერტმა მოახერხა, შეხვედრას სხვებიც ესწრებოდნენ და ფრთხილად უთხრა, ეს ფრაზა პრობლემას ქმნისო. აშკარად გაღიზიანებულმა სააკაშვილმა მას მიუგო, სიმართლე ვთქვი და სიმართლე არ უნდა მეთქვაო?..

მერე, სააკაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა და მინი მეჯლისში განაცხადა, ჩვენი საერთო მტერი რუსეთიაო. მინი მეჯლისის რამდენიმე წევრმა ამ გამოსვლას ბინძური პროვოკაცია უწოდა... ყველაფერი ეს იმ გეგმის ფრაგმენტია, რომელიც სააკაშვილმა “მიაგდო” და აქვე, ბუნებრივად, ლაფანყურის თემაც შემოდის...

_ ბატონო პეტრე, ამბობთ, სააკაშვილმა ეს გეგმა “მიაგდოო” და, ალბათ, იმიტომ, რომ დაინახა, ამ საკითხმა მსოფლიოში პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა...

_ გეთანხმებით... სააკაშვილი 24 წლის იყო, როცა კავსაძის კომიტეტში მუშაობა დაიწყო. მეც იქ ვმუშაობდი და მისი მხრიდან პატივისცემის გარდა, არც მაშინ და არც _ ახლა, არაფერი მიგრძვნია, მაგრამ ის თავისი ფსიქიკის მძევალია... მოკლედ, მისთვის მთავარი იყო, რომ პუტინი გაღიზიანებულიყო. სხვათა შორის, განათლების რეფორმა რომ დაიწყო, უნივერსიტეტში მას ურეკავდა, ვისაც რეფორმები უნდა ჩაეტარებინა და ეკითხებოდა, კივიან, წივიანო? ამ ადამიანმა მერე მითხრა, მინდოდა, პრობლემებზე მეთქვა, მაგრამ არ აინტერესებსო, ანუ სააკაშვილს მხოლოდ ის აინტერესებდა, ძველ თაობას ატკინა თუ არა. პუტინთან მიმართებაშიც ასე მოიქცა, მაგრამ რაკი რუსეთს ამაზე ჯეროვანი რეაქცია არ ჰქონდა და ისიც დაინახა, რომ “პიკის”  გადაცემებითა და კავკასიის კარტის გათამაშებით რუსეთი არ დაიშალა, სააკაშვილმა ეს გეგმა “მიაგდო”...

_ 2012 წლის 18 დეკემბერს ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ექვსი ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი დაიჭირეს. ითქვა ისიც, რომ მათ ქართული პასპორტები ჰქონდათ. ეს ტერორისტები, რომელთაც თურქეთში ტერორისტული აქტები უნდა განხორციელებინათ, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. საიდან აღმოაჩნდათ მათ ქართული პასპორტები? დადგენილია და ვიდეომასალებიც არსებობს, რომ ბევრი მოჯაჰედი, რომელიც დღეს სირიაში ომობს, პირდაპირ კავშირშია ალქაიდასთან. გამოჩნდა კიდევ ერთი ჯგუფი მოჯახედების _ აზერბაიჯანელი მოჯახედები _ რომელიც სირიაში ომობს. ამ დროს ჩვენ ჩერქეზთა გენოციდს ვცნობთ, რასაც, როგორც აღვნიშნე, მოჰყვება იურიდიული პროცედურები _ ამ ხალხს შენ ქვეყანაში ცხოვრების უფლება, ლტოლვილის სტატუსი, შეღავათები უნდა მისცე, დაასაქმო. ამასთან, თურქეთი დაინტერესებული მხარეა _ ჩერქეზები თურქეთში არიან გადასახლებულნი და თურქეთი დაინტერესებულია, რომ ჩრდილოკავკასიაზე კონტროლი მოიპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სუნიტური ქვეყანაა, ისლამური ფუნდამენტალიზმი _ ვაჰაბიზმი სწორედ მისი მხარდაჭერით გავრცელდა ჩრდილოკავკასიაში. სხვა შემთხვევაში, ჩრდილოკავკასია ვერ გაერთიანდებოდა... ამ კონტექსტში ხომ არაა მეჩეთების მშენებლობა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს? ჩერქეზების გენოციდის ცნობაც მხოლოდ პუტინის გასაღიზიანებელი თემა კი არა, არამედ, იქნებ, შეკვეთა იყო?

_ აზიზიეს მეჩეთის გამო ხმაური რომ ატყდა, შევხვდი ადამიანებს, ვინც ამ თემაზე მუშაობდნენ და მათ მითხრეს, თუ რამდენი მეჩეთი და მედრესე აშენდა ბოლო დროს საქართველოში. ასევე, იმ უმდიდრესი თურქი კაცის ვინაობაც დამისახელეს, ვინც ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის დედის, ქალბატონ გიული ალასანიას პარტნიორია. ამ ადამიანზე თურქეთში ძებნა ყოფილა გამოცხადებული, რადგან რადიკალი ისლამისტი და რაღაც ჯგუფის _ “ძმები ისლამის” _ წევრია. დასაფიქრებელია, რომ ასეთი ადამიანი სააკაშვილის დედის პარტნიორია. აქ ვებერთელა ფულია დალექილი... ამ ფონზე განუწყვეტლივ რომ ვიძახოთ, ჩერქეზების გენოციდი ვცანითო, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან...

_ აქ მხოლოდ ჩერქეზების გენოციდზე არაა საუბარი, ამას მოჰყვებიან ვაინახები, ავარელები და გენოციდების ცნობით ამ ხალხზე რაღაცნაირად ზემოქმედება ხდება, რომ ისლამურ კავშირში კვლავ გაერთიანდეს.

_ 2011 წლის 20 მაისის, ანუ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ, სააკაშვილმა ეს თემა მალევე “მიაგდო”. ახალ პარლამენტს არ შეუძლია, ეს გენოციდის აღიარება გააუქმოს, ამას, შეიძლება, ცუდი რეაქცია ჰქონდეს. საჭიროა დროისა და მომენტის შერჩევა, რომ ეს სამარცხვინო და ავანტიურისტული მოქმედება განეიტრალდეს.

სხვათა შორის, როცა შეშფოთებულ ამერიკელ დიპლომატებთან ჩერქეზთა გენოციდის ცობაზე მქონდა საუბარი, ვუთხარი, ხომ იცით, ეს თქვენთვის გაფრთხილებაა-მეთქი. გაუკვირდათ, რატომო? ავუხსენი: ზუსტად იმ დროს, რა პერიოდიც პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, ანუ 1760-1860 წლები, აშშ-ში, თეთრკანიანმა მოსახლეობამ მთლიანად გაანადგურა აბორიგენი ინდიელები, ისინი კი, ვინც გადარჩნენ, რეზერვაციებში “შეაგდეს”. ჰოდა, ამერიკელებს ვეხუმრე, თუ ცუდად მოიქცევით, სააკაშვილი აშშ-ის მხრიდან ინდიელების გენოციდსაც სცნობს-მეთქი.

_ რამდენიმე დღის წინ, თბილისში “ფე-ბე-ერ”-ის ხელმძღვანელი ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სწორედ იმ კავშირებზე ისაუბრა, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას ისლამურ ძალებთან ჰქონდა. ვიცით, ბოსტონში რა ტრაგედიაც დაატრიალა აშშ-ის ორმა ჩრდილოკავკასიელმა მოქალაქემ. მართალია, ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, რომ ტერორისტის უკან მხოლოდ ორი ტერორისტი იდგა, მაგრამ ახლა დგინდება, რომ არსებობდა კავშირები ჩრდილოკავკასიაში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, “იმარატ კავკაზთანაც”, რომლის ხელმძღვანელი დოკუ უმაროვია და რომლის მებრძოლებიც 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურში შემოვიდნენ. ძმები ცერნაევები ლაფანყურის ოპერაციამდე დაღესტანსა და ჩეჩნეთში იმყოფებოდნენ. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ კავშირების დადგენაზეა საუბარი. სხვათა შორის, სააკაშვილი ამბობს, ცერნაევებს “იმარატ კავკაზსა” და ლაფანყურთან კავშირი არ ჰქონიათო. თავს რატომ იმართლებს? _ ეს შეკითხვებს აჩენს...