ვინ ითხოვს სამცხე-ჯავახეთში მედრესეების გახსნას

ვინ ითხოვს სამცხე-ჯავახეთში მედრესეების გახსნას

"თურქი-მესხების" საქართველოში დაბრუნების პრობლემა ბოლოხანს კვლავ აქტუალური გახდა: ამას ეხებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისთვის დასმული კითხვა. ეს საკითხი წამოიჭრა თურქეთშიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტისას. კანონი "XX საუკუნის 40-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს; მასში ნათქვამია, რომ რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად განაცხადის წარდგენის უფლება იძულებით გადასახლებულ პირსა და მის პირდაპირ შთამომავლებს აქვთ, მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნულია, რომ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას და ა.შ. ამ მეტად აქტუალურ საკითხზე დევნილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია და ისტორიკოსი, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე გვესაუბრებიან.

- ვინ და როგორ, რა პროცედურების გავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტი "თურქი-მესხისთვის" რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ სტატუსის მაძიებელი?

ირაკლი კოკაია: - რეპატრიაციის მსურველი მუსლიმანი მესხებისთვის საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ". აღნიშნულ კანონში დეტალურადაა გაწერილი რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან უარის თქმის საფუძვლები და ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი.

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებს უფლება აქვთ გამარტივებული წესით მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, რის შემდეგაც ისინი ისარგებლებენ იმავე უფლებებით, რითაც საქართველოს მოქალაქეები.

- ძირითადად, რომელ ქვეყნებში მცხოვრები "თურქი-მესხები" ითხოვენ საქართველოში ჩამოსვლას? არიან თუ არა მათ შორის ისეთები, ვინც კომპაქტურად, სამცხე-ჯავახეთში ითხოვს ჩასახლებას?
- რეპატრიაციის მსურველების უმრავლესობა ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ცხოვრობს. რეპატრიანტის სტატუსის მიღების შემდგომ მუსლიმან მესხებს უფლება აქვთ თავისუფლად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი.

- როგორია სტატისტიკა, რამდენ "თურქ-მესხს" მიენიჭა უკვე რეპატრიანტის სტატუსი და ამჟამად, რამდენი ასეთი განცხადებაა შემოსული სამინისტროში?
- სამინისტროში შემოვიდა 5841 აპლიკაცია. 1053 "თურქ მესხს" უკვე მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი.

მარიკა ლორთქიფანიძე: - უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოარული ტერმინი "თურქი-მესხი" მიუღებელია, ადამიანი ან მესხი შეიძლება იყოს, ან - თურქი. სამცხე-ჯავახეთიდან, საზღვრისპირა რეგიონიდან გასახლებულთა უმრავლესობა მაჰმადიანი მესხები იყვნენ, თუმცა, მათ შორის იყვნენ თარაქამები, ქურთები, თურქები... გასახლებისას მათ ბარბაროსულად მოექცნენ, შუაღამისას მიაყენეს სატვირთო მანქანები და ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში, ძირითადად, ფერღანაში გაასახლეს; საზოგადოებას ახსოვს ფერღანაში "ერთი ვედრო მარწყვის" გამო დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება, შუააზიელ მოსახლეობასთან კონფლიქტის გამო ე.წ. თურქი-მესხები თანდათან მთელ ყოფილ საბჭოეთის ტერიტორიას მოედვნენ, მათ შორის, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

როცა ისინი საქართველოში, კერძოდ, სამტრედიისა და ხონის რაიონებში ჩამოასახლეს, იქ ჩემს კოლეგა გივი ჯამბურიასთან ერთად ჩავედი, სადაც მათ იმჟამინდელმა (შევარდნაძის) ხელისუფლებამ ორსართულიანი სახლები დაახვედრა. ამის შემდეგ იქაურ ქართველ მოსახლეობასაც შევხვდი. ერთმა გლეხმა მშენებარე სახლზე გულდაწყვეტით მითხრა: ამის მშენებლობა მამაჩემმა დაიწყო და ჯერ ვერ დამიმთავრებია, ახლახან ჩამოსულებს კი ორსართულიანი სახლები დაახვედრესო... ასეთი განწყობაც იყო და ნაწილობრივ, დღესაც არის. მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, დღევანდელი მთავრობა ორსართულიან სახლს ვერავის დაახვედრებს, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან ამდენი უსახლკარო დევნილია. ევროსაბჭომ ეს ფაქტორი დღესაც უნდა გაითვალისწინოს - ქვეყანას ამდენი ლტოლვილი ჰყავს და მათ დიდ ნაწილს თავშესაფარი არა აქვს; სამხრეთ საქართველოდან გასახლებული მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება თანდათან, ეტაპობრივად უნდა მოხდეს, იმ ტემპითა და იმ ადგილებში, რისი საშუალებაც სახელმწიფოს აქვს და არა მათი ერთი ნაწილის, კერძოდ, ორგანიზაცია "ვატანი" სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად ჩასახლებას და სამლოცველოებისა და მედრესეების გახსნას ითხოვს. თუმცა, არსებობს მაჰმადიანი მესხების სხვა კატეგორიაც, რომლებსაც ამგვარი მოთხოვნები არასოდეს ჰქონიათ, ჩამოსვლისთანავე შვილები ქართულ სკოლებში მიაბარეს, მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მშობლიური ენაც შეინარჩუნა და თანდათან ეგუებიან ისტორიულ სამშობლოში ახალ გარემოსა და პირობებში ცხოვრებას.