მართალია, “ვადაგასულ” მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია და არც პრეზიდენტობის კანდიდატთა სრული სიაა ცნობილი, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო მარათონში ორი დუშელი მიიღებს მონაწილეობას _ აქამდე დუშეთის “სიმბოლოდ” შალვა ნათელაშვილი ითვლებოდა, რომელსაც მშობლიურ რაიონში “საკუთარ პრეზიდენტს” ეძახიან. ამიერიდან კი, დიდ პოლიტიკაში დუშეთის სახე გიორგი მარგველაშვილი იქნება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
მეც დუშელი ვარ _ ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი თუ დუშელი იყო, აქამდე არ ვიცოდი. მეტიც, მომავალ პრეზიდენტს რამდენჯერმე შევხვედრივარ და უთქვამს, მთაწმინდაზე, ინგოროყვას ქუჩაზე ვცხოვრობო, მაგრამ დუშელობაზე მინიშნებაც არ გაუკეთებია.
ვიდრე გიორგი მარგველაშვილის დუშეთის სახლს მოვინახულებ, ქალაქის ცენტრში ვჩერდები და დუშელებს, რომლებიც რაც თავი მახსოვს, აქ დგანან, ვეკითხები:
_ გიორგი მარგველაშვილს იცნობთ?
_ ისეთი უბრალო ადამიანია, ერთხელ რომ ნახავ, არ შეიძლება, არ დაგამახსოვრდეს, _ მეუბნება მამაკაცი, რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე აქვს, მაგრამ აღარ მახსოვს, ვინ არის. სახელისა და გვარის კითხვა კი მერიდება.
_ “უბრალო ადამიანი” რას ნიშნავს?
_ როცა დუშეთში ამოვიდოდა, მანქანას ცენტრში აჩერებდა და ყველას მოგვიკითხავდა. მინისტრობის შემდეგაც, მძღოლის გარეშე დადის _ საჭესთან თვითონ ზის.
_ გაგიხარდათ, პრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატად რომ დაასახელა?
_ ძალიან. დუშელებს კარგი დეპუტატი და მაღალი თანამდებობის პირი არასდროს გვყოლია, პარლამენტში ზოგიერთის გამოსვლას რომ ვუყურებდი, მე, უბრალო კაცს, ძალიან მრცხვენოდა და თქვენ, ვისაც პოლიტიკოსებთან გიწევდათ შეხვედრა, რა მოგივიდოდათ?! რაც ეს მთავრობა მოვიდა, ცოტა ამოვისუნთქეთ, ჩვენი დეპუტატია და, სულ იმას გაიძახის, საქმე მაკეთებინეთო, ახლა კი, გიორგის ამბავი ყველას ძალიან გაგვიხარდა.
...ჩემს “უცნობ ნაცნობს” ვემშვიდობები და ქალაქის თავში, “კურკოს ტყისკენ” მივდივარ. გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე წლის წინ სწორედ აქ, ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას შეუძენია სახლი და მას შემდეგ თითქმის აქ ცხოვრობს. ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოასფალტებულია, უფრო ზევით, ტყისკენ კი, გზა ფუჭდება... დუშეთის ეკლესიას გავცდი და მარგევლაშვილის სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი...
“ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სახლი გზის ბოლოს დგას. სახლი ორსართულიანია, მაგრამ პატარა და მოკრძალებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვერავინ იტყვის, რომ ამ სახლში ისეთი დიდი და წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ცხოვრობს, როგორიც “ჯიპაა”.
უნებურად დუშელების კიდევ ერთი ნათქვამი გამახსენდა: ხშირად უნახავთ, თუ როგორ საქმიანობს გიორგი ეზოში.
_ ხეებს ტოტები “დრუჟბით” საკუთარი ხელით ჩამოაჭრაო,_ ამბობენ მეზობლები.
მარგველაშვილის დუშეთის სახლი ცარიელია... საჭორაოდ მომავალი პრეზიდენტის მეზობლებს ვსტუმრობ. მაყვალა ხეხელაშვილი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა _ ჩემი დანახვა გაუკვირდა, მაგრამ როცა სტუმრობის მიზეზი ავუხსენი, მითხრა, ჩემს გიორგიზე ცუდი არაფერი დაწეროო.
_ ცუდს როგორ დავწერ? დუშეთში ვერავინ ვნახე, მასზე ცუდი რომ ეთქვა, _ ღიმილით მივუგე.
_ ვერც გეტყოდნენ, ისეთი ადამიანია... ისე გამიხარდა მაგის წარმატებები, ვითომ ჩემი შვილი ყოფილიყოსო...
_ მაყვალა, ადრე სხვაგან ცხოვრობდით... დიდი ხანია, გიორგის მეზობლები ხართ?
_ ეს სახლი ჩემმა შვილმა იყიდა და დიდ დროს აქ ვატარებ... გიორგი ისეთი კარგი ბიჭია, არ შეიძლება არ შეგიყვარდეს,
_ აქ ხშირად მოდის?
_ ძალიან ხშირად, თითქმის სულ აქაა, სახლსაც ნელ-ნელა, თავისი ხელით “აკეთებს”.
_ მას მერეც ხშირად მოდის, რაც მინისტრი გახდა?
_ ძალიან და, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი რომ გახდება, მაშინაც აქ იცხოვრებს _ აქაურობა ძალიან უყვარს.
_ დარწმუნებული რატომ ხართ, რომ პრეზიდენტი გახდება?
_ რას ამბობთ, ორი ხმა რომ მქონდეს, მაგას მივცემდი!
_ გიორგის გარდა, ამ სახლში სხვა ვინ მოდის?
_ შვილი ჩამოდის ხოლმე ზაფხულობით _ საზღვარგარეთ ცხოვრობს. გიორგის დუშელი ნათესავებიც მოდიან.
ქალბატონ მაყვალას ვემშვიდობები... ქალაქის ცენტრისკენ მიმავალს დუშეთის ახლადარჩეული გამგებელი, გიზო ჩოხელი მხვდება _ ერთი თაობის დუშელები ვართ, მაგრამ დიდი ხანია, გიზო არ მინახავს. მისალმების შემდეგ ვეუბნები:
_ ამისთანა კაცი გვყოლია დუშელებს და გზა მაინც გაუკეთეთ!
_ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ახლა ახალ პროექტებს ვიწყებთ, ფული უკვე “წამოსულია” და დუშეთის გარეუბნები სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება.
_ გიზო, სხვა დუშელების მსგავსად, გიორგი მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, შენც მოგწონს?
_ კი, ძალიან გამიხარდა, პრეზიდენტი აქაური რომ იქნება _ ეს ჩვენი რაიონისთვის ისტორიული მოვლენაა!
“ქართული სიტყვა” “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, 44 წლის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ დოსიესაც გთავაზობთ:
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, კერძოდ, პრაღაში.
გიორგი მარგველაშვილმა პირველი სამუშაო გამოცდილება მიიღო კომპანია „კავკასუს თრეველში“ _ 1992-1994 წლებში კომპანიაში სამთო გიდად (ჯგუფის ლიდერი) მუშაობდა.
გიორგი მარგველაშვილის შრომით ბიოგრაფიაში, როგორც “ნეტგაზეთი” წერს, კიდევ ერთი კომერციული დაწესებულება _ „ბიზნეს დღიურები“ ფიგურირებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი 1994-1995 წლებში მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
გიორგი მარგველაშვილი, ასევე, მუშაობდა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში.
ყველაზე ხანგრძლივად მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მუშაობდა _ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა 2000 წელს დაიწყო და 2006 წლამდე რექტორის პოზიცია ეკავა. 2006 წლიდან მუშაობა კვლევითი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელა. 2010-დან 2012 წლამდე კი, კვლავ “ჯიპას” რექტორია.
უფრო ადრე, 1995-2000 წლებში მარგველაშვილი მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში...
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი სრულყოფილად ფლობს ორ უცხო _ ინგლისურსა და რუსულ ენას...