"მიხეილ სააკაშვილის "ბოლივუდური" ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ცხრაწლიანმა რეჟიმმა ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, მათ ცოლებსა და საყვარლებზე ბინძური აუდიო და ვიდეოჩანაწერები დაუტოვა ახალ ხელისუფლებას. შს მინისტრის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე ხურუშმა გაიტაცა და ანგარიშსწორების მიზნით უფლებადამცველისა და ჟურნალისტის გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი სოციალურ ქსელში განათავსა. ამ დროს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცონგრესს მოუწოდებს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროებს ხელისუფლების ყურადღებისგან დაიცავს. ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები "ასოშეითედ პრესის" ჟურნალისტების 20 სატელეფონო ხაზის შემავალ ზარებს იწერდნენ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ობამა ჟურნალისტების ფარული მოსმენების აკრძალვას მოითხოვს, რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება?".
"გამოიკვეთა ერთი რამ, ბარაკ ობამა ცდილობს ისეთი კანონპროექტის გატანას, რომელიც უკანონო მოსმენებს აკრძალავს. ფაქტობრივად, გამოჩნდა, რომ იქ ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენენ, თუმცა კანონიერად დასაშვებიცაა და უსმენენ კიდეც. საქართველოში დიდი ხანია კანონით დარეგულირებულია, რომ არავის არ აქვს უფლება უკანონოდ ვინმეს მოუსმინონ, განსაკუთრებული აქცენტები კი პოლიტიკოსებზეა გაკეთებული, რადგან კანონში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკოსების მოსმენა არ შეიძლება, თუკი არ არის საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულის ჩადენისა. ჩვენ რომ დღეს მოვითხოვოთ ასეთი ტიპის კანონი, იტყვიან, ისედაც არავის არ ვუსმენთ უკანონოდო, რასაც, ფაქტობრივად, 9 წელი "ნაცმოძრაობა" გვიმტკიცებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, არა თუ გვისმენდნენ, არამედ პირად ცხოვრებაშიც ხელს აფათურებდნენ. ასე რომ, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს", - აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი.
"კანონში ჩანაწერი არ ნიშნავს პრევენციას, ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი სანქციები და ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, ვინმეს მოუსმინოს, ჟურნალისტი იქნება, მაღალი რანგისა და თანამდებობის პირი თუ სხვა ვინმე. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო უწყება, რომ ნებისმიერი პირი, მათ შორის მინისტრები, დაექვემდებარონ სისტემის მოთხოვნებს და არა პირიქით. ასევე, საჭირო იქნება შს მინისტრის შიდა ბრძანება, სპეცტექნიკის გამოყენების მკაცრი აღრიცხვის თაობაზე. ინფორმაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველა სპეცსამსახურისთვის, მაგრამ განსხვავება ჩვენსა და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ისაა, იქ რომ გაიგონ, ჟურნალისტს ან პოლიტიკოსს ვიღაცა უკანონოდ უსმენდა, ამას მოჰყვება ყველა უმაღლესი თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - აღნიშნავს კახა კახიშვილი.
"იმდენად დაკავებული ვარ, ობამას მოთხოვნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ ვიცი, მაგრამ ორშაბათს, 20 მაისს, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს გასვლითი სხდომა გვაქვს და სწორედ მაგ საკითხზე ვიმსჯელებთ. მოწვეული იქნებიან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებიც და სწორედ კონტროლის გამკაცრებაზე გვექნება მსჯელობა. ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს დაცული იმ საშინელი თვალთვალისგან, რაც წლების მანძილზე ხდებოდა", - ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.