მომატებული ტემპერატურა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციამდე ერთი დღით ადრე

მომატებული ტემპერატურა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციამდე ერთი დღით ადრე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის მერიას სთხოვს გააუქმოს 17 მაისს - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს - დაგეგმილი აქციის ნებართვა. მერია პატრიარქის განცხადებას უპასუხებს განცხადებითვე, რომ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აქციის დროს მისი ორგანიზატორები თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ორგანოს მხოლოდ წინასწარ აფრთხილებენ, რასაც მერია ცნობად იღებს და ამისათვის ოფიციალურ ნებართვას არ გასცემს. აქციამდე ერთი დღით ადრე რუსთაველის გამზირზე უკვე შეიკრიბნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები ამ ადგილას აქციას ვერ ჩაატარებენ.

თანახმად პატრიარქის განცხადებისა, რომელიც 16 მაისს საზოგადოებას მეუფე იაკობმა გააცნო, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - 17 მაისს - დაგეგმილი აქცია” მიზნად ისახავს ამ საკითხით სპეკულირებას და არა ლგბტ თემის წარმომადგენელთა რეალური პრობლემების მოგვარებას“. სწორედ ამიტომ საპატრიარქომ მერიისგან შეკრების ნებართვის გაუქმება მოითხოვა:

”ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ პირადი ცხოვრების წარმართვა. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში. მათ შორისაა ზნეობრივი კანონები. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინონ ეს და გააუქმონ ჰომოსექსუალებისათვის დემონსტრაციის გამართვის ნებართვა. მით უმეტეს, რომ დღეს ქვეყანაში მოყვასისათვის თავგანწირული ვაჟკაცების დაღუპვის გამო გლოვაა გამოცხადებული”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კონვენციები იძლევა იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით, შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაც შეიზღუდოს.

დაახლოებით ამავე შინაარსისაა 15 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ამჯერად საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ერთობლივი განცხადებაც, რომელსაც, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ხელს აწერს კიდევ რვა რელიგიური გაერთიანება.

პატრიარქის განცხადებაზე თბილისის მერიის ცალსახა პასუხია, რომ დაგეგმილი აქციის შესახებ მათ წინასწარ აცნობეს, მერიამ კი, თავის მხრივ, საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გააფრთხილა. ასეთ დროს, მერიის განცხადებით, ოფიციალური ნებართვა არ გაიცემა:

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის გაცემა არ ხდება. შესაბამისად, აღნიშნული გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი".

საპატრიარქოს არგუმენტებს იზიარებენ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების წევრები. მათ შორისაა, მაგალითად,
ე.წ. „მეუფის პარტიის“ წარმომადგენელი დავით ამაშუკელი, რომელიც 16 მაისს პარლამენტის ძველი შენობის წინ მისული ორგანიზაციების პროტესტს შეუერთდა.

ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ აქციის ამ ადგილას ჩატარების წინააღმდეგია 9 აპრილის აქციის დროს მოწამლული ბესარიონ მიქავაც, რომელიც რუსთაველის გამზირზე შიმშილობას აგრძელებს. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის“ პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი კი ამბობს, რომ 17 მაისს დაგეგმილი ფლეშ მობი პარლამენტის ყოფილი შენობის წინ იმ მარტივი მიზეზით ვეღარ გაიმართება, რომ ადგილზე უკვე მიმდინარეობს მათი აქცია და 17-ში დილიდან მათ მეტი ადამიანი შეუერთდება. კერვალიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეები ძალადობის წინააღმდეგები არიან, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილას ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მათ თანამოაზრეებს აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემენ:

”ამ ადგილას საქართველოს თავისუფლება გამოცხადდა, აქ დაიღუპნენ თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები და ასეთ ადგილას არ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა აქციები მოაწყონ. წავიდნენ ბოკერიას კაბინეტში და იქ ჩაატარონ ეგ აქცია, ან სააკაშვილთან, ან ივანიშვილის რეზიდენციასთან და იქ გამოხატონ, რაც სურთ, მაგრამ აქ, ამ წმინდა ადგილას, ეს ყოვლად დაუშვებელი რამ არის”.

ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი პირველი მოწინააღმდეგე, გიორგი გაბედავა, ვარაუდობს, რომ ”იდენტობა” და ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” გადაიფიქრებენ რუსთაველზე ფლეშ მობის ჩატარებას, რადგან ამავე ადგილას, მისი სიტყვებით, მათი მოწინააღმდეგე ბევრი ადამიანი მივა:

”მრევლი მოდის, მოძღვრები მოდიან, ასევე ცნობილი ადამიანები, თბილისის კოლორიტი ხალხი მოვა, ვისაც ზნეობა აქვს. ვინც ვერ მოვა, მათ კი მოვუწოდებთ, რომ მანქანის საყვირებით გააპროტესტონ პირველ საათზე ეს აქცია”.

17 მაისის მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჰომოფობიის თემაზე დაწერილი მოსაზრებები. გავრცელდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წერილი, რომელშიც მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი წერს:

”ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს ჰომოსექსუალებზე, გამომდინარე მისი კულტურიდან, აღზრდიდან, განათლებიდან თუ სხვა შეხედულებებიიდან, მაგრამ, თუ იგი რელიგიურია, მაშინ ის ვალდებულია უყვარდეს და არ სძულდეს ადამიანი. იუდეო-ქრისტიანულსა და ისლამურ ტრადიციაში ღმერთისა და ადამიანის სიყვარული სარწმუნოების საძირკველს წარმოადგენს.... თავად ჰომოფობია, ანუ ადამიანის მიმართ ირაციონალური შიში, ზიზღი, სიძულივილი და დევნა წარმოადგენს უმძიმეს ცოდვას.... როდესაც ადამიანის ღირსების შელახვა და შევიწროება ხდება სექსუალური ორიენტაციის გამო, იქნება ეს პირდაპირ თუ ირიბად, ყველა მოქალაქის თუ ყველა რელიგიური ადამიანის წმიდათაწმიდა ვალია გვერდში დაუდგეს დაჩაგრულსა და დამცირებულ უმცირესობას სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში”.

17 მაისს დაგეგმილ აქციასა და, ზოგადად, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე აზრი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც ჰკითხეს მის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ამ კითხვაზე ივანიშვილის პასუხი იყო:

”ეს ადამიანები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ჩვენ. გასაგებია, რომ კითხვები არსებობს. არის ხალხის ნაწილი, რომელიც ამას ვერ იღებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც”.

17 მაისის აქციას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მან აქციის ყველა მონაწილეს მოუწოდა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებში ჩაეტიოს, მათი უსაფრთხოების გარანტი კი, მისივე სიტყვებით, პოლიცია იქნება.

"მე ვარ ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი. ქვეყანაში არ უნდა ილახებოდეს ვინმეს უფლებები, ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათი უფლებები ილახება, მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ორგანიზაიცია ”იდენტობის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ კი სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

”როდესაც 17 მაისს მოკრძალებული შეკრება დავგეგმეთ, ვთქვით, რომ ეს იქნებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ვცდებოდით. 17 მაისი პარანოიასთან გამკლავების ეროვნული დღეა”.

ირაკლი ვაჭარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ 17 მაისს მათ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეები კანონსა და კონსტიტუციით დადგენილ უფლებებს არ გადაუხვევენ:

”ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციის 25-ე მუხლით, რომელიც მოქალაქეს აძლევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩემთვის უცნაურია, რადგან ის ფაქტობრივ გარემოებას არ ეფუძნება: ხელისუფლება არ გასცემს შეკრების ნებართვას, ევალება მხოლოდ უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, ხელისუფლება შეკრების უფლებას, უბრალოდ, ვერ გააუქმებს. ჩვენი აქცია კი, რომლითაც ჩვენ ძალადობას ვაპროტესტებთ, იქნება მცირეხნიანი, კონსტიტუციის ფარგლებში, და ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ კანონის მოთხოვნებით”.

ირაკლი ვაჭარაძე ასევე აღნიშნავს, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძალადობის წინააღმდეგ აქციის მშვიდად ჩატარებას და არა კონკრეტულ ადგილს. ამიტომ, თუ საჭირო გახდება, ისინი ფლეშ მობს სხვა ადგილას ჩაატარებენ.

დღის ბოლოს კომენტარი ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კონსულტანტმა სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამარბერგმაც გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ "იდენტობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე არავინ იძალადებს.