რაზე ოცნებობდნენ ავღანეთში დაღუპული მებრძოლები

რაზე ოცნებობდნენ ავღანეთში დაღუპული მებრძოლები

ერთი თვის წინ ავღანეთში მისიის შესასრულებლად, ქართველი ჯარისკაცების ახალი ნაკადი წავიდა. თვალცრემლიანმა ახლობლებმა ბიჭები ცხელ წერტილში იმ იმედით გააცილეს, რომ მოვალეობის შესრულების შემდეგ შინ მშვიდობით, უვნებლები დაბრუნდებოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...

13 მაისს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას შემზარავი ამბავი ამცნო: დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე. მოულოდნელად, ჰილმენდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე", სადაც ჩვენი 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, 16 საათსა და 17 წუთზე იერიში მიიტანა თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა. ძლიერი აფეთქების შემდეგ ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაში შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს, თუმცა სამწუხაროდ, ამ თავდასხმას სამი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა. ასევე დაიჭრა რამდენიმე ჯარისკაცი, რომლებიც ამ დროისთვის ბაზა "ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მკურნალობენ. სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარმა შეძრა საზოგადოება. თავდაცვის მინისტრმა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა:

"მინდა, მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს - დიდი ტრაგედია. ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნავს ქართველი სამხედროების თავდადებას და გმირობას. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ განაპირობა გაცილებით დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება".

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. მათ სამხედრო სამსახურში ყოფნის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. 34 წლის უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. იგი გამორჩეული ჯარისკაცი იყო და ამიტომაც დააჯილდოეს III ხარისხის მედლით - "უმწიკვლო სამსახურისთვის".

"ზვიად, ჩვენო დიდო ტკივილო, ეს რა დღეში ჩაგვაგდე, აღარ გვინდა სიცოცხლე", - ასე ეხმაურება მის სიკვდილს ახლობელი გოგონა სოციალურ ქსელში და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

27 წლის კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე კი 6 წელია, ქართულ არმიაში მსახურობდა და მიღებული ჰქონდა მედალი - "ქაქუცა ჩოლოყაშვილი".

24 წლის ვლადიმერ შანავაც კაპრალი იყო და 2007 წლიდან იყო ჯარში. ავღანეთში მისიით უკვე მეორედ წავიდა. ცხელ წერტილში ყოფნის გამოცდილებაც ჰქონდა და საკმაოდ მომზადებულიც იყო. მას მიღებული ჰქონდა მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

შევეცადეთ, დაღუპული ბიჭების შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა. ბუნებრივია, მომხდარმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო მათი ოჯახები, რომლებსაც ამ ვაჟკაცების შესახებ წარსულ დროში საუბარი ძალიან უჭირთ.

ვლადიმერ შანავა წალენჯიხის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. თანასოფლელები 24 წლის ბიჭის დაღუპვას ძალიან განიცდიან. "ჩვენი უბნის უპატიოსნესი და ყველაზე თბილი ახალგაზრდა იყო. ყველას უხაროდა მისი ნახვა, სულ გაღიმებული დადიოდა. საშინელი ამბავი მოხდა და აღარ ვიცით, რითი ვანუგეშოთ რევაზ შანავას ოჯახი. ჩვენ ვამაყობთ მისით, ის გმირია", - ამბობს დაღუპული ბიჭის მეზობელი. სოციალურ ქსელში პატარა ვიდეო რგოლი დადეს ვლადიმერის მეგობრებმა. "ბაკა, ჩვენს გულებში იქნები მუდამ. შენთვის ვილოცებთ. ოჯახს ენატრები. გვტკივა, ბაკა, გვტკივა, შენს ძმებს ენატრები. იცოდე, ბევრი სანთელი დაინთება შენი ხსოვნისთვის. ალბათ ღმერთის ნება იყო ეს, მას ხომ კარგები თავისთან მიჰყავს. მუდამ მოგიგონებთ,
არასოდეს დაიკარგება შენი სახელი".

მის უფროს ძმას, ბაჩანა შანავას ძალიან გაუჭირდა ძმაზე წარსულ დროში საუბარი.
ბაჩანა შანავა:
- სანამ ტელევიზიით გამოაცხადებდნენ, ნახევარი საათით ადრე დაგვირეკეს თავდაცვის სამინისტროდან და გვაცნობეს ეს თავზარდამცემი ამბავი. ბაზაზე მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა მომხდარა, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა... მეომარი სულის ბიჭი იყო. ვლადიმერი ერქვა, მაგრამ ყველა ბაკას ვეძახდით. სამი ძმა ვართ. ის შუათანა იყო. 18 წლის რომ გახდა, 2007 წელს ჯარში წავიდა. მას შემდეგ ორჯერ იყო ავღანეთში. წელს, 1-ელ აპრილს, თავის დაბადების დღეს გაფრინდა ავღანეთში და მითხრა, ჩემი დაბადების დღე თვითმფრინავში აღვნიშნეო. მე გავაცილე. ძალიან მხიარული, ხალისიანი იყო. პირველი წასვლის დროს იცინოდა, მაგრამ ახლა რომ წავიდა, იტირა. სახლში 85 წლის ბაბუა გვყავს და თქვა, ალბათ ცოცხალს ვერ ჩამოვუსწრებო და ამიტომ იტირა. დამიბარა, სახლი გაარემონტე და რომ ჩამოვალ, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ამ განწყობით წავიდა აქედან ჩემი ძმა. მის შეყვარებულს არ ვიცნობდი, ამ თემაზე ჩემთან არ საუბრობდა, მაგრამ ვიცი, რომ უყვარდა. ჯარში წასვლა მატერიალური სიდუხჭირის გამო არ გადაუწყვეტია. ძალიან მდიდრები არ ვართ, მაგრამ თავის გატანის საშუალება გვაქვს. ბავშვობიდან ამბობდა, - ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო. 2008 წელს აგვისტოს ომშიც იბრძოდა. ამის შესახებ ჩემ გარდა სახლში არავინ იცოდა. მე გავაცილე და ამაყად მიდიოდა. ომში არ დაშავებულა, მაგრამ მახსოვს, ენერგიაგამოცლილი დაბრუნდა, მომხდარს განიცდიდა, ომის წაგების გამო თავს ცუდად გრძნობდა, მთელი გულით წუხდა. ისე, ჯარის თემაზე სახლში საუბარი არ უყვარდა.

- ავღანეთში ადრეც იყო, არა?
- პირველად რომ წავიდა, მთელი ოჯახი ძალიან განვიცდიდით. ოჯახის რომელ წევრს უხარია, როცა შვილი ავღანეთში მიდის?! ვღელავდით, მაგრამ მაშინ ჯანმრთელი დაგვიბრუნდა. მეორედ წასვლას რომ აპირებდა, ეს არც კი გაგვიგია - ფაქტის წინაშე დაგვაყენა. გერმანიაში წავიდა მოსამზადებლად და მერე გვითხრა, რომ მიდიოდა. ბუნებრივია, ახლაც ვღელავდით, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდით, ეს მისი არჩევანი იყო. მისი გარდაცვალების დღეს დედას საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა. მთელი დღე გაიძახოდა, - მიდი, ნახე, კომპიუტერთან ხომ არ არისო? არადა, ბოლოს შაბათს, 11 მაისს, ძალიან დიდხანს ველაპარაკეთ. ოჯახის ყველა წევრს გვესაუბრა, კარგ განწყობაზე იყო. უცნაური ის იყო, რომ იმ დღეს სოფელში ყველა ნაცნობი მოიკითხა. ისეთი ადამიანებიც გაიხსენა, რომლებიც გარდაცვლილები არიან. გვითხრა, - აქ სიმშვიდეა და ნუ ნერვიულობთო. ადრეც ასე ამბობდა, მაგრამ პირველი წასვლის შემდეგ რომ ჩამოვიდა, მის ვიდეოში ისეთი კადრები ვნახე, მივხვდი, იქ რაც ხდებოდა. მაშინ რომ დაბრუნდა, სულ იხსენებდა იქ დაღუპულ მებრძოლებს, თავის მეგობრებს, და მათ ფოტოებს ათვალიერებდა. ისე, მოყოლით ამბებს არ მიყვებოდა, ალბათ არ უნდოდა, გვენერვიულა. ყოველ მესამე დღეს ვეკონტაქტებოდით და მშვიდად ვიყავით. შაბათს რომ დავემშვიდობეთ, მითხრა, - კომპიუტერს ნუ გათიშავ, როგორც კი საშუალება მექნება, მაშინვე შემოვალო. ამას რას წარმოვიდგენდით?! ბებიასა და ბაბუასაც ესაუბრა. თურმე მამიდაჩემსაც საშინელი სიზმარი უნახავს და მას შემდეგ აფორიაქებული იყო. როგორც ვიცი, აფეთქების დროს პირველი ბაკა დაიღუპა. დეტალებს ალბათ ბიჭებისგან გავიგებთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ...
რაც შეეხება კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძეს, იგი გორში ცხოვრობდა.

გიორგი მანაგაძე:
- კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე ჩემი ნათესავი ანუ ჩემი სიძე იყო. ის 32 წლის გახლდათ, გორის რაიონში, სოფელ ნიქოზში ცხოვრობდა. ძალიან კარგი, თბილი და თავმდაბალი ბიჭი იყო. ისეთი კეთილი და უწყინარი გახლდათ, იფიქრებდი, რომ ჭიანჭველასაც კი ვერ დაადგამდა ფეხს. ფიზიკურად ძლიერი იყო. იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა, სუფრასთან მასთან ერთად მოხვედრა ყოველთვის მიხაროდა. განსაკუთრებული, კოლორიტული პიროვნება იყო. ჩემი ნათესავი, ჯუნა ედივაშვილი ცოლად ორი წლის წინ შეირთო. ერთი ბიჭი, წლინახევრის გიორგი დარჩა... გიორგი რომ დაიბადა, ძალიან ბედნიერი იყო. არ უნდოდა ცოლ-შვილთან დაშორება და გამუდმებით მათ გვერდით ყოფნაზე ისე ოცნებობდა, რომ ერთხანს სამხედრო სამსახურს თავიც კი დაანება. სამწუხაროდ, სხვა სამსახური ვეღარ ნახა და ისევ არმიაში დაბრუნდა. ავღანეთში 6 თვის წინ წავიდა, ოჯახში მის გასაცილებლად დიდი სუფრა გაშალეს. გიორგი ცოტა სევდიანი, მაგრამ ლაღი იყო. მონატრებული შვილის ნახვას მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ახერხებდა. ახლა მის ოჯახში საშინელი მდგომარეობაა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩასული ვიყავი სოფელში და მისი მეუღლე, ჯუნა ვნახე. მეუბნებოდა, - ალექსანდრე ისე მენატრება, შეიძლება გავგიჟდე, თითებზე ვითვლი დღეებს, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვაო.

- ოჯახისთვის თუ არის ცნობილი, რა მოხდა იქ?
- ჯერ ეს არც კი აინტერესებთ, საშინელ დღეში არიან. არც კი ვიცი, ჯუნა მის დაკარგვას როგორ გადაიტანს. მძიმე მდგომარეობაა.

ბუნებრივია, ანალოგიური მდგომარეობაა ზვიად დავითაძის ოჯახშიც.

ზვიად დავითაძე ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ცხოვრობდა. იგი ობლობაში გაიზარდა. პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ორი ვაჟკაცი გაზარდა. ორივემ სამხედრო გზა აირჩია. ზვიადი ჯარში წლების მანძილზე მსახურობდა. მას მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი დარჩა. ცოლი და შვილები სამტრედიაში, ცოლის სახლში იყვნენ და იქ შეიტყვეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ... ზვიადს სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს. მისი დაღუპვა ახლობლებისთვის უდიდესი ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ეს დავითაძეების ოჯახისთვის პირველი უბედურება არ ყოფილა: ზვიადის ძმა, ზაზაც თურმე ერაყში მსახურობდა, იქიდან მშვიდობით დაბრუნებულა, მაგრამ 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილა... თავის დროზე ძმებმა ჯარში სამსახური უმუშევრობის გამო გადაწყვიტეს, მაგრამ ზვიადს ისე მოეწონა ჯარისკაცობა, რომ შემდგომ, ოფიცრის კურსებიც გაიარა. ავღანეთში გამგზავრებამდე გერმანიაში საოფიცრო კურსებზე სწავლობდა. "დედამ პატიოსნად, ობლობაში გაზარდა ორივე შვილი. მათ სამშობლო უყვარდათ... ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო", - ამბობს მისი ნათესავი.

P.S. ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან ერთად თავდასხმის მოგერიებაში განსაკუთრებული მხედრული მამაცობა და პროფესიონალიზმი პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა გამოიჩინა, მეამბოხეთა განადგურების ოპერაციაში მთავარი როლი იკისრა, მისმა გმირულმა მოქმედებამ ბევრი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე გადაარჩინა და ქვეყანას უფრო დიდი მსხვერპლი ააცილა. საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წარდგენილია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი "მხედრული მამაცობისთვის", III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის", ასევე, მედლები: "გენერალი კვინიკაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", "სამშობლოსთვის თავდადებული"; ორჯერ აქვს მიღებული ღირსების ორდენი. კობა ახვლედიანი ამ წუთებშიც რჩება ავღანეთში და პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.