კოალიციური” დაპირისპირება გორის გამგეობაში

კოალიციური” დაპირისპირება გორის გამგეობაში

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობელი პაპუნა კობერიძე მოადგილის ზაზა ადუაშვილის მიმართ ,,გაბრაზებულია”. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განუცხადა. პარტია ,,ქართული ოცნების” წევრმა ზაზა ადუაშვილმა ,,ფორუმელ” გამგებლისგან მკაცრი ,,გაფრთხილება” ორჯერ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ,,გაფრთხილების” დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. იურისტი რევაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა უწყებამ ადუაშვილის მიმართ მკაცრი დისციპლინარური ზომა – გათავისუფლებაც გამოიყენოს.


,,სამშაბათობით სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები იკრიბებიან და თავიანთი მუშაობის ანგარიშებს წარმოადგენენ. შეხვედრაზე ზაზა ადუაშვილი არ იმყოფებოდა. პაპუნა კობერიძე გაბრაზდა. ადმინისტრაციის უფროსს დაავალა, რომ ადუაშვილის საქმე შეესწავლა და გაერკვია, რამდენად ხშირად აცდენს სამსახურს. როგორც გაირკვა, ის სისტემატიურად არ დადის სამსახურში და ამის გამო შესაბამისი გაფრთხილების დოკუმენტები მოამზადეს, რასაც ხელი მოვაწერე” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ,,რესპუბლიკელმა” დავით რაზმაძემ.

გორის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ციცო ორჯონიკიძე ადასტურებს, რომ ზაზა ადუაშვილის საქმიანობის შესწავლა ადმინისტრაციას მართლაც დაევალა.

,,დებულების მიხედვით არა მარტო გამგებლის მოადგილის, ასევე ნებისმიერი თანამშრომლობის საქმიანობის შესწავლის მიზნით სისტემატიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ. ამ შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ ზაზა ადუაშვილი არღვევს დადგენილ ნორმებს. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას უკვე მიღებული აქვს ორი საყვედური. პროცედურულად, ასეთ საკითხებზე იურიდიული განყოფილების სპეციალისტები მუშაობენ. ჩემი ინფორმაციით, ადგილი აქვს გაცდენებს, დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ისე არ იფიქროთ, რომ მკაცრი ზომები, მხოლოდ, ზაზა ადუაშვილის მიმართ ტარდება. ასეთი საყვედური სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს.” – ამბობს ციცო ორჯონიკიძე.

იურიდიული განყოფილების უფროსი რევაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ადუაშვილის მიმართ, გაფრთხილების სახით, მართლაც, დაწყებულია. ,,საბოლოოდ, ეს პროცესი მივა თუ არა გათავისუფლებამდე, ჯერ-ჯერობით, ვერ გეტყვით. თუმცა 2 ან 3 გაფრთხილება საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს პირის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან” – განმარტავს გოგიაშვილი.

ზაზა ადუაშვილი გვეუბნება, რომ ის სამსახურს ავადმყოფობის გამო აცდენს. გამგეობაში მის გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ადუაშვილს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რომლის შემდეგ სამსახურში აღარ დადის. ,,საყვედურები თუ გამომიცხადეს, ეს თქვენგან მესმის, ჯერ-ჯერობით, ვერ შევძლებ თქვენთან საუბარს, თბილისში ვარ ავადმყოფობის გამო” – გვითხრა ზაზა ადუაშვილმა.

,,მე შეიძლება მსმენია და გამიგია კიდეც რაღაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის შესახებ, მაგრამ პირადად არ შევსწრებივარ. ჩემს თვალწინ რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, მე, პირადად, აქამდე არ მივიყვანდი ამ ამბავს” – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

გორის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ციცო ორჯონიკიძე ამბობს, რომ გამგეობაში გამგებლის მოადგილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ოფიციალური განაცხადი 2 მაისამდე არ შესულა: ,,ის დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბიულეტენზეა გასული. სავარაუდოდ, ეს ცნობა 2 მაისს შემოვა გამგეობაში. საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული” – ამბობს ციცო ორჯონიკიძე.

ჩვენი ინფორმაციით, გარდა გამგებლისა, ზაზ ადუაშვილს სერიოზული კონფლიქტი მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ვახტანგაშვილთან მოუვიდა, რომელიც ,,ფორუმის” წევრია. ვახტანგაშვილის ბიუროს წევრი ზურა ყაულაშვილი ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. გამგეობა კი ადუაშვილის დატოვება-არდატოვების საკითხს სამედიცინო ცნობის მიღების შემდეგ განიხილავს. რამდენიმე მოხელე დაგვპირდა, რომ დაძაბული ურთიერთობის შესახებ უფრო ბევრ დეტალს მოგვიანებით გავიგებთ.