"ის, რაც მოხდა, წარსულში დაგროვილი შეცდომების გამოძახილია და როგორც ჩანს, ხვედელიძეც საბჭოთა სუკ-ის დროინდელი მეთოდების მსხვერპლი გახდა. ხვედელიძემ ამ პოსტზე ყოფნისას შეინარჩუნა კუდ-ის ძველი კადრები, რაც, ჩემი აზრით, გამოუსწორებელი შეცდომა იყო. სხვა სფეროში შეიძლება ძველი კადრების შენარჩუნება, მაგრამ უშიშროების სამსახურში მათი დატოვება სრულიად მიუღებელია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ კუდ-ის ძირითადი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა კი არა, პოლიტიკური პოლიციის როლის შესრულება და ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებზე კომპრომატების შექმნა იყო: ვიდეომასალის მოპოვება, მოსმენა, დასმენა და ა.შ… ყოველივე ამის სულისჩამდგმელი კუდ-ში იყო ვაჟა ლილუაშვილი - კუდ-ის უფროსის მოადგილე - ადამიანი, რომელიც არ იძირება, ლევან მამალაძის დროიდან მოყოლებული, სულ თანამდებობაზეა. ლილუაშვილმა საშინელი სისტემა შექმნა არა მარტო ქვემო ქართლში, არამედ მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი - აღმოსავლეთ საქართველოში. მან ადამიანები აქცია დამსმენებად და "ჩამშვებებად", შექმნა მოსასმენი სისტემები და დაიწყო კომპრომატების შეგროვება ყველაზე - როგორც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზეც", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კირვალიძის ჩაძირვაში შესაძლოა, გელა ხვედელიძის ხელი ერია" / "კუდ-ის უფროსის მოადგილე კომპრომატებით სავსე ჩემოდნით ხვედელიძეს მიადგა".
"როგორც ვიცი, ვაჟა ლილუაშვილი კომპრომატებით სავსე ჩემოდნით მიადგა გელა ხვედელიძეს, რის შემდეგაც ხვედელიძემ დროებით დააპატიმრა ლილუაშვილი, მაგრამ შემდეგ გამოუშვა. ლილუაშვილის კადრები კი ისევ კუდ-ში დარჩნენ. მეტიც - ისეთი ხალხი დააწინაურეს, ვინც თავის დროზე პოლიტპატიმრებს აწამებდა და სხვადასხვა ბრალდებას "ტენიდა". ბუნებრივია, საზოგადოებას აღიზიანებდა კუდ-ის შემადგენლობის უცვლელობა. თავიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, და ჩვენც ვიცოდით, რომ კომპრომატები არსებობდა და ამ კომპრომატებმა გელა ხვედელიძის უჯრაში გადაინაცვლა. ამჯერად გამოიყენეს ერთ-ერთი კომპრომატი და რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვიცით. მიმაჩნია, რომ ჩემი და საერთოდ "ქართული ოცნების" დამარცხება ქვემო ქართლში ვაჟა ლილუაშვილის ქმედებებით იყო გამოწვეული. ვერ გამოვრიცხავ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემს დამარცხებაში გელა ხვედელიძეც იყო ჩართული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"კირვალიძის მოსვლისთანავე გახმიანდა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა სოფლის მეურნეობას, ამიტომ სამინისტროში გაჩნდა ძალიან დიდი თანხები. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, იქ, სადაც დიდი ფული ტრიალებს, კორუფციაც უცებ იჩენს თავს. დარწმუნებული ვარ, კირვალიძე ამ საქმეში არ იყო ჩარეული, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთმა მისმა თანამშრომელმა ხელის მოთბობა გადაწყვიტა, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არასწორი ინფორმაციები მიჰქონდათ მასზე. სურდათ კირვალიძე "ჩაეჩოჩებინათ", რადგან ის ძალიან დიდ ფულს განკარგავდა, კირვალიძემ კი არ მოინდომა მათთან თანამშრომლობა. არ გამოვრიცხავ, რომ კირვალიძის ჩაძირვის საქმეშიც გელა ხვედელიძის ხელი ერია. სამწუხაროდ, არავითარი დოკუმენტი არა მაქვს ამის დასამტკიცებლად, მაგრამ ის, რომ კირვალიძეს ვიღაცამ უარყოფითი იმიჯი შეუქმნა სამთავრობო კორიდორებში, ისევე ცხადია, როგორც ორჯერ ორი-ოთხი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სპეციალიზებულ მაღაზიებში, რომლებიც რეგიონებში წლების განმავლობაში ერთი და იმავე ფასით ვაჭრობდნენ, სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების გამოსვლის შემდეგ ფასები უცებ გაიზარდა. კირვალიძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ როდესაც ეს ამბავი გაიგო, გაფრთხილება კი არ უნდა დაეწყო, პირდაპირ ქმედებაზე უნდა გადასულიყო და ძირშივე ამოეძირკვა ამ სისტემაში არსებული კორუფციული სქემები, განსაკუთრებით კი - რეგიონებში. უნდა გითხრათ, რომ კირვალიძის დანაშაული იმ საქმეში სერიოზული სულაც არ არის. ალბათ კირვალიძე მოახერხებს, თავისი სიმართლე დაამტკიცოს, თუმცა, ამ ფაქტის მიღმა სულ სხვა რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება - იმ უკომპრომისობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერები იჩენენ იმ კადრების მიმართ, რომლებმაც გადაცდომა დაუშვეს. თუ გახსოვთ საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში შემთხვევა, 6-7 თვის ნამუშევარი მინისტრი გაეშვათ თანამდებობიდან ან შს მინისტრის პირველი მოადგილე დაეპატიმრებინათ? ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ვინმეს მოსწონს ან არ მოსწონს ივანიშვილი, მაგრამ ასეთი რამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. მინდა ამას საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს", - განმარტავს მამუკა არეშიძე.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო ხანებში საზოგადოებაში ერთგვარი უკმაყოფილება გაჩნდა იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაჭიანურდა. გელა ხვედელიძის დაპატიმრება კი იმას ნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეჩერებულია, მაგრამ შეწყვეტილი არ არის. ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ძალიან სწორი გზავნილი გააკეთა: ის სამართლიანობის აღდგენას, პირველ რიგში, თავისი რიგებიდან იწყებს და თუ თავისი ერთ-ერთი თანამებრძოლი არ დაინდო, თანაც ამხელა თანამდებობის პირი, მაშინ არავის დაინდობს. მე ბიძინა ივანიშვილის ფანატიკოსი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც ტყუილს ვერ იტანს, ის არ უნდა მოატყუო, თორემ მისი სასჯელი ასმაგად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე სიმართლის თქმის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო. უბრალოდ, არ იცნობენ ამ პიროვნებას და არ იციან, რომ მასთან თამაში ყოველთვის რთული და წამგებიანია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეპრესია საკუთარი გუნდის წევრების მიმართ ბოლო სულაც არ არის. ისიც უნდა ვაღიაროთ - ივანიშვილი არც ისე ლმობიერია საკუთარი გუნდის წევრებისა და ნათესავების მიმართაც კი", - დასძენს რესპონდენტი.