"შირგაზის" სასაკლაო

"13 მაისს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძის და კაპრალ ვლადიმერ შანავას სიცოცხლე შეეწირა. არიან დაჭრილებიც. მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. მაგალითად, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ქართველი სამხედროების დაღუპვისა და დაჭრის ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოების ზომების დარღვევაა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "შირგაზის" სასაკლაო" / "სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ბაზის საკონტროლო პუნქტისკენ დაიძრა".

"ერთ-ერთმა ქართველმა სამხედრომ, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, "შირგაზის" ბრძოლის დეტალების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. თუმცა მან თავიდანვე აღნიშნა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება თავდგირიძისა თუ სხვა ექსპერტების შეფასებებს, თითქოს უსაფრთხოების ზომები დარღვეული იყო. "მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა ხდება ავღანეთში", - აღნიშნა ზემოხსენებულმა სამხედრომ. სანამ უშუალოდ "შირგაზის" ბრძოლის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი ავღანეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიბარა. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცები "აისაფის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. 42-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების გაფართოება და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობაა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გაგაცნობთ იმასაც, რა ინფორმაციას ავრცელებს მომხდართან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" საიტი "ჯიჰადის ხმა": "28 აპრილს თალიბების ხელმძღვანელობამ შეიმუშავა სპეციალური სტრატეგიული ოპერაცია კოდური სახელწოდებით - "ხალიტ იბნვალიდ" და დაიწყო საგაზაფხულო სამხედრო-სტრატეგიული ტიპის შეტევა, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის აღმოსავლეთის პროვინციებში თალიბების მიერ კონტროლის აღდგენას და პოზიციების გამაგრება-გამყარებას. მათ ანალოგიური ოპერაცია ჩაატარეს გასულ წელს, რომლის მიზანიც იყო, ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში მოეხდინათ პოზიციების გამაგრება. ამ ოპერაციის ფორმატში 11 მაისს გორის ცენტრალურ პროვინციაში ჩატარდა ოპერაცია და თალიბები 13 ბაზას დაესხნენ თავს. მათ ასევე შტურმით აიღეს 12 საპატრულო გამშვები პუნქტი ავღანეთისა და თურქმენეთის საზღვარზე. 13 მაისს თალიბებმა ჰელმანდის პროვინციაში, ნაუზადის რაიონში მოახდინეს თავდასხმა ქართულ სამხედრო ბაზაზე, რის შედეგადაც აფეთქდა ორი საბრძოლო მანქანა", - იუწყება საიტი", - განაგრძობს გამოცემა.

"მომხდართან დაკავშირებით აი, რას გვიყვება ზემოხსენებული ქართველი სამხედრო, რომელმაც ანონიმად დარჩენა ირჩია: "არანაირი უსაფრთხოების ზომები დარღვეული არ იყო. ბაზა "შირგაზი" კარგად არის გამაგრებული, ასევე საეჭვო დაჯგუფებების გადაადგილებების შესახებ ყველა ბაზა ინფორმაციას მეტ-ნაკლებად ოპერატიულად იღებს. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. 13 მაისს ბაზასთან ახლოს გამოჩნდა სატვირთო ავტომანქანა. ასეთი ფაქტი ყოველთვის საეჭვოა, თუმცა მაშინვე, რა თქმა უნდა, ცეცხლს ვერ გახსნი, რადგან შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლო. მოკლედ, სატვირთო ავტომანქანამ, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, მოულოდნელად განავითარა სიჩქარე და ბაზის საკონტროლო პუნქტისკენ დაიძრა. ქართველმა ჯარისკაცებმა სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი შეჩერება ვერ შეძლეს. მანქანამ მიაღწია საკონტროლო პუნქტამდე, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. ძალიან ძლიერი აფეთქება იყო და ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს დაიღუპნენ ქართველი სამხედროები", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"იმასაც გეტყ¬ვით, რომ ტერორისტებმა თავდასხმისთვის სპეციალურად შეარჩიეს ისეთი დრო, როდესაც ბაზიდან საკმაოდ დიდი კოლონა პატრულირებაზე იყო გასული. აფეთქების შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, ბაზის ტერიტორიაზე თალიბები შეიჭრნენ და სროლა ატეხეს. მათი ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე საბრძოლო მასალის საწყობი იყო. ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, თითქოს ბაზაზე ტერორისტების შეჭრას პანიკა მოჰყვა. ასე ნამდვილად არ ყოფილა. წუთების განმავლობაში ქართველმა ჯარისკაცებმა თალიბები ალყაში მოაქციეს. განსაკუთრებით იყოჩაღა ერთ-ერთმა ქართველმა მეტყვიამფრქვევემ, რომელმაც ფაქტობრივად, მარტო გაანადგურა ტერორისტები. ამერიკელები ქართველების გმირობით აღფრთოვანებულები არიან. რამდენიმე თვის წინ დაახლოებით ანალოგიური თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე, იქ კი დაიწყო ნამდვილი პანიკა და ჩვენს მოკავშირეებს დიდი მსხვერპლიც ჰქონდათ. შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები ქართულ ბაზაზეც იყოს, მაგრამ ეს ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება და არა დისციპლინას", - განაცხადა ჩვენთან საუბარში სამხედრომ.

"თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველი სამხედროები ბაზა "შირგაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას. დაჭრილები, რომელთა რაოდენობა არ სახელდება, ბაზა "ბასტიონის" სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ავღანეთში ქართველი სამხედროების უსაფრთხოებისთვის უფრო მაღალი სტანდარტები უნდა დაინერგოს: "უსაფრთხოების სრულყოფილი გარემოს შექმნა ზოგადად და განსაკუთრებით ავღანეთში, შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ და დავნერგოთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ავღანეთში ჩვენი სამხედროებისა და ბაზების დაცვისთვის", - დასძენს გამოცემა.