ანუ ამბავი პროქტოლოგზე, ზღვაში მსხდომ ზვიგენებსა და ძუძუების მოჭმაზე(!)

ანუ ამბავი პროქტოლოგზე, ზღვაში მსხდომ ზვიგენებსა და ძუძუების მოჭმაზე(!)

ანუ ამბავი პროქტოლოგზე, ზღვაში მსხდომ ზვიგენებსა და ძუძუების მოჭმაზე(!)

ციხის ვიდეოფირის გავრცელებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ერთ-ერთ სუფრაზე, თქვენი მონა-მორჩილის "ნაციონალმა" მეგობარმა თანაგუნდელების გასამართლებლად "მოწმედ" პროქტოლოგი მოიყვანა. კერძოდ, ამტკიცებდა, იმ ცნობილ ვიდეოფირში პატიმარს ცოცხი "მხოლოდ" მიდებული ჰქონდა, რადგან პროქტოლოგმა მითხრა, სხვანაირად, ადამიანი სისხლდენისგან მოკვდებოდაო. მოკლედ, სუფრაზე ისეთი ამბავი ატყდა, ამ სტატიის ავტორს რომ არ ეყოჩაღა, ზემოხსენებულ "ნაციონალს" იქვე ჩაუტარებდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტს.
მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ პროქტოლოგს მოწმედ თვით ქვეყნის პირველი პირი, უმაღლესი მთავარსარდალი მოიყვანდა. როგორც იტყვიან ხოლმე, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მიხეილ სააკაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურმე რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ დაარწმუნა: ციხის ვიდეოფირი მონტაჟიაო, ხოლო მეგობრის პროქტოლოგ დედას კი პრეზიდენტისთვის დაუმტკიცებია, ცოცხის ვიდეოფირიც მონტაჟი იყო, რადგან ფიზიოლოგიურად ამის გაკეთება შეუძლებელიაო(!!!).

დაუჯერებელი ის არის, რომ ამ თემაზე პრეზიდენტი სრული სერიოზულობით საუბრობს.
პროქტოლოგი მოწმედ სააკაშვილმა მას შემდეგ მოიყვანა, რაც განაცხადა, ივანიშვილმა ვიდეოფირი ლადო ბედუკაძისგან 2 მილიონად იყიდაო. მანამდე კი, პრეზიდენტის მტკიცებით, ბედუკაძემ ფირი ნინო ბურჯანაძეს 400 ათასად შესთავაზა, მაგრამ მას ფული დაენანა.

ისე, სხვა ქვეყნის პირველ პირს მსგავსი რაღაც რომ ეთქვა, ატყდებოდა სკანდალი თავისი საგამოძიებო კომისიებითა თუ პარლამენტში დაბარებით. ჩვენთან კი ეს სერიოზულად იმ პირველკურსელებსაც არ აღუქვამთ, რომლებიც სააკაშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ. რას იზამ, მხოლოდ სტატუსი არ გიშველის, თუ "ბუნებამა არ გიშველა".
კინაღამ გამომრჩა - პრეზიდენტი სტუდენტებს რუსულ საფრთხეზეც ესაუბრა. "მე და სანდრა ეგვიპტეში ვიყავით. ზღვაში ვცურავთ და დავინახე, ქვემოთ ორი ზვიგენი ზის და გვიყურებს. გავგიჟდი, რა არის ეს-მეთქი? მითხრეს, ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო. რუსეთიც ასეა - როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს"", - უთქვამს პრეზიდენტს სტუდენტებისთვის.
სააკაშვილმა პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზეც ისაუბრა. მაგალითად, ბრძანა, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უფრო მე და ბატონი ლევანის ასაკის ხალხს გამოგვადგებაო. გავრცელებულ ვიდეოფირში არ ჩანს, ვის გულისხმობდა "ბატონ ლევანში" (სავარაუდოდ, ლევან ბერძენიშვილს) პრეზიდენტი. ისე, იმ შეხვედრაზე სააკაშვილმა პროფესორი ლევან ალექსიძე წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა(?!).
სახელმწიფო უნივერსიტეტში სააკაშვილისა და სტუდენტების შეხვედრის პარალელურად, გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მისმა მონაწილეებმა სააკაშვილის ესკორტი საპროტესტო შეძახილებით გააცილეს.
სააკაშვილი ამ პროტესტს თავის სტილში გამოეხმაურა: "ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგია. მე თვითონაც გამომიყენებია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ და როგორ შეიძლება შემაშინოს სასტვენის სტვენამ? ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? მითხარით. 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი? ვაზაგაშვილი მოკლეს? იმიტომ, რომ ვაზაგაშვილს ორი ავტომატი ჰქონდა და სხვების დასახოცად მიდიოდა. მაგრამ ეს იყო იშვიათზე უიშვიათესი შემთხვევა".

მოკლედ, მესმის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომელმაც უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის ვიდეომასალა არ გაავრცელა. მეორე დღეს სააკაშვილი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, ჯერ თითქოს სიმშვიდე იყო, მაგრამ შემდეგ მაინც "აფეთქდა". კერძოდ, მას ერთ-ერთმა ჭორვილელმა სტუდენტმა გოგონამ გაახსენა, "ვარდების რევოლუციის" დღეებში როგორ იდგა ჟვანიასა და ბურჯანაძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილის სახლის კართან. საპასუხოდ, სააკაშვილმა გოგონას სიტყვა გააწყვეტინა, სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა ჭორვილაში და საერთოდაც, "გული ერევა ჭორვილის იდეაზე".
საინტერესოა, ნუთუ სააკაშვილის გარემოცვაში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც ურჩევს, რომ თავი შეიკავოს საჯარო შეხვედრებისგან.
ნუთუ მოსწონთ სააკაშვილის თანაგუნდელებს, სტუდენტები პირში რომ ეუბნებიან პრეზიდენტს (როგორც ეს უნივერსიტეტში მოხდა) - "მიშა, დაწექი, ვერტმფრენი ვარო". ნუთუ "ნაციონალურ მოძრაობაში" ვინმეს მოსწონს, ასეთი დემარშით დაბნეული პრეზიდენტი სახის შენარჩუნებას რომ ცდილობს და პატარა ბავშვივით ეპასუხება სტუდენტებს?!

ჩემი აზრით, თსუ-შიც და ილიაუნშიც შეხვედრებმა სააკაშვილს (დემარშისა თუ თავისივე განცხადებების გამო) დამცირების მეტი არაფერი მოუტანა. მოსწონთ პრეზიდენტის გულშემატკივრებს, სააკაშვილის განცხადებები დღის ანეკდოტი რომ ხდება?! იქნებ ის უხარიათ, ასეთი შეხვედრებისას ქვეყნის პირველი პირის ესკორტს ჰალსტუხებსა და ხურდას რომ ესვრიან და "მიხო, მკვლელოს" შეძახილებით აცილებენ?!
ისე, შეიძლება ძალიანაც არ მოსწონთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. მძიმეა პრეზიდენტზე ასე საუბარი, მაგრამ ეტყობა, სააკაშვილი არც თავის გარემოცვას უჯერებს და საკუთარ თავსაც ვეღარ აკონტროლებს. როგორც ჩანს, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჰყავდეს აუდიტორია, რომლის წინაშეც ბოღმას გადმოანთხევს. ან იქნებ არ უნდა დაიჯეროს, რომ მორჩა, აღარ არის ძველი მიშა და საზოგადოების დიდ ნაწილზე თავისივე შეცდომების გამო უკვე, რბილად რომ ვთქვათ, გამაღიზიანებლად მოქმედებს?!