მამუკა ბაკურია: ესენი რომ ისევ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ჩვენ სანდრო გირგვლიანის ბედს გავიზიარებდით

მამუკა ბაკურია: ესენი რომ ისევ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ჩვენ სანდრო გირგვლიანის ბედს გავიზიარებდით

12 მაისს რესტორან "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" ქეიფი ჩხუბით დასრულდა, რის შემდეგაც სამი მათგანი - ზაზა გოროზია, გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე სხეულის დაზიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაცემია ბექა მაზიაშვილიც, რომელიც ჟურნალისტ მამუკა ბაკურიასა და მის მეგობარ მანანა გიორგობიანთან ერთად გვერდით სუფრაზე იმყოფებოდა. ინციდენტი სწორედ მათ შორის მოხდა. თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თუმცა, მათ რესტორანი დაპირისპირების დაწყებამდე დატოვეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ისინი ჩვენთან აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალისტი მამუკა ბაკურია მომხდარის დეტალებს იხსენებს.

- მამუკა, რა მოხდა რესტორან "ლა ტრუფეში"?
- მოხდა ის, რაც ნაციონალური რეჟიმის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ახლა უკვე კარგად მესმის, რატომ იყო ტერორი 9 წლის განმავლობაში. ესენი არიან უტიფარი ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. ესენი რომ ისევ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ჩვენ სანდრო გირგვლიანის ბედს გავიზიარებდით - სასაფლაოზე წაგვიყვანდნენ და წამებით მოგვკლავდნენ.

რესტორანში რომ მივედით, თავიდან მეორე სართულზე ავედით, მაგრამ ყველა მაგიდა დაკავებული იყო, თან ქვემოთ მუსიკა უკრავდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, ქვემოთ დავმსხდარიყავით. ჩვენს გარდა, ყველა მაგიდასთან ნაციონალები ისხდნენ, ჩვენ მიგვიღეს უცხოებად და, როგორც ჩანს, ამან გამოიწვია მათში აგრესია.

- როგორ დაიწყო ჩხუბი?
- როცა დავსხედით და ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე, დავინახე, რომ სულ ნაციონალები ისხდნენ, ვანო მერაბიშვილი თავისი მეუღლით, ზაზა გოროზია, გიორგი ვაშაძე, გიორგი ქადაგიძე, ნიკა მელია... სულ ცნობილი სახეები იყვნენ.

- სააკაშვილი იყო?
- სააკაშვილიც იყო, მაგრამ ინციდენტის დაწყებამდე წავიდა. მერაბიშვილი ინციდენტის დროს წავიდა.

ეს ხალხი რომ დავინახე, მაშინვე არ მესიამოვნა, მინდოდა, ავმდგარიყავით და წამოვსულიყავით, მაგრამ რატომღაც მომერიდა, შეკვეთა უკვე მიცემული გვქონდა. ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია ჩემი მეგობრის ბექა მაზიაშვილის ძველი ნაცნობი აღმოჩნდა, პირველ სკოლაში ერთად სწავლობდნენ. ბექა მიესალმა, ხელი გაუწოდა, მან კი აგდებულად, დამამცირებლად მხარზე წამოარტყა ხელი. ამან ჩემი მეგობრის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა, ძალიან დელიკატურად უთხრა, არ მეკადრება ეს შენგან, მითუმეტეს, მანდილოსნებთან ერთად ვართ და შეურაცხყოფას ნუ მომაყენებო. მელიამ ასევე აგდებულად უპასუხა: - რა იყო, ბიჭო, მოგეფერეო. ბექა მაგიდასთან დაბრუნებას აპირებდა, თუმცა, იქიდან კიდევ ვიღაცამ შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა. ამის შემდეგ მე ავდექი, ხელით ვანიშნე, რომ გაჩერებულიყვნენ. ვუთხარი, ჩვენ ჩვენთვის ვართ და თქვენ თქვენთვის იყავით-მეთქი. ამან ნაციონალების არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია, უცებ ყველანი მაგიდებიდან წამოიშალნენ, მელიას უკნიდან ვიღაცამ მუშტი მოიქნია, ბექას სახეში ჩაარტყა და ასე დაიწყო ჩხუბი.

- თუ იცით, ვინ იყო?
- ზუსტად არ ვიცი, მგონი, დავით საყვარელიძე იყო. შეიძლება, ვაშაძე იყო. რაღაცა სადისტური აგრესიით იყვნენ ჩვენს მიმართ. ვფიქრობ, იმან გააღიზიანათ, რომ მათ გვერდით გავბედეთ დაჯდომა. ჯოჯოხეთი გავიარეთ. ესენი არიან სადისტები. ყველას დაცვა ჰყავდა და ამიტომ იყვნენ დიდგულზე.

- კი მაგრამ, 2 კაცი 20 კაცს როგორ მოერიეთ?
- უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ორი არასპორტული ადამიანი (მე 40 წლის ვარ და ბექა 38 წლის არის) 20 კაცს მოერია? იმ რესტორანში კამერები ხომ დგას, ჩანაწერები ხომ არის? ამოიღონ და ნახონ. ჩხუბიც არ იციან ამ გარეწრებმა. გოროზია რომ ამბობს, ხელი მომტეხესო, ჩვენ კი არ მოვტეხეთ, ხელი მოიქნია, კედელს მოხვდა და მაშინ მოიტეხა. მთელი 20 კაცი
ერთად დაგვესია, იმდენად გავეშებულები იყვნენ, ერთმანეთსაც ვერ ცნობდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ. იცით, როგორი გავეშებული სახეები ჰქონდათ? განსაკუთრებული აგრესია ბექას მიმართ იყო და მე ვცდილობდი მხოლოდ იმას, რომ ბექა არ მოეკლათ.

ეს ის 20 კაცია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მთელ საქართველოს სცემდა და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასეთი გავეშებული სახეები ჰქონდათ მაშინაც, როცა მათი სპეცრაზმები და ზონდერბრიგადები ხალხს უსწორდებოდნენ.

ბექა სასტიკად არის ნაცემი, ყვრიმალზე 7 ნაკერი ადევს, ტვინის შერყევა აქვს.

- თქვენს მეგობარ გოგონას ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა?
- ჩხუბის შემდეგ, სიტუაცია რომ განეიტრალდა, ზემოთ ავედი. ბექას ნახეთქი ჭრილობები ჰქონდა და დასისხლიანებული იყო. ჩემი მეგობარი გოგონა დაბლა დარჩა ჩემს ნივთებთან. ცოტა ხანში მეც დავბრუნდი დაბლა და დავინახე მანანა გიორგობიანი, რომელსაც კისერზე, ყელზე და ნიკაპზე ჩალურჯებები ჰქონდა. აღშფოთებულმა ვიკითხე, ეს რომელმა გარეწარმა გააკეთა-მეთქი? ამას ისევ მოჰყვა აგრესია, დედის გინება და იერიში. ისევ თავიდან დაიწყო ჩხუბი, ისინი მზად იყვნენ, ბექა მოეკლათ, მაგრამ უკვე პატრულმა გაგვაშველა. მანანას ვინ დაარტყა, სახელი არ ვიცით, მაგრამ მანანა ამბობს, რომ სახეზე ამოიცნობს.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო...
- ენას ძვალი არა აქვს. რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უნდა გვეფიქრა, როცა ჩვენ ვიყავით სამნი, მათ შორის ერთი მანდილოსანი და ისინი იყვნენ დაახლოებით 30 თავისი დაცვით. არანაირი სურვილი არ გვქონდა, რომ საკუთარი თავისთვის დისკომფორტი შეგვექმნა. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი გააღიზიანა ჩვენმა იქ ყოფნამ. როგორ გავბედეთ და მათთან ერთად როგორ დავსხედით. ეგენი რომ შედიან, რესტორნებს ხურავენ, მაგრამ ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. ეტყობა, ჩვენ თვითონ უნდა მივმხვდარიყავით ამას. მე კიდევ ვიმეორებ, ესენი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ჩვენ სანდრო გირგვლიანის ბედს გავიზიარებდით. საშინელი სიძულვილით და ცინიზმით გაგვისწორდნენ, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის განმავლობაში უსწორდებოდნენ ქართველ ხალხს.