"როდესაც ახალი ხელისუფლება მოდიოდა, ქალბატონი თეა წულუკიანის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ევროსასამართლოდან საქმეებს გამოითხოვდნენ და სამართალი აქვე, საქართველოში აღსრულდებოდა. მას იუსტიციის მინისტრის რანგში პირველივე ვიზიტი ევროპულ სასამართლოში ჰქონდა, შეხვდა ევროსასამართლოს პრეზიდენტს, პალატების თავმჯდომარეებს, რა დროსაც ისაუბრეს საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების განტვირთვის თაობაზე. მას შემდეგ კი საქმე ადგილიდან არ დაძრულა", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადვოკატი მამუკა ნოზაძე:
- რამდენჯერ მივმართე იუსტიციის მინისტრს და მოვითხოვე, რომ თუკი მისაღები შემოთავაზება იქნებოდა, მზად ვიყავით, ევროსასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, მეგობრული მორიგებით დაგვემთავრებინა ყველა ის დავა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გვქონდა წამოწყებული. ამის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან მესხორაძისგან მივიღე ზოგადი ხასიათის პასუხი - მზად ვართ, განვიხილოთ წინადადება და, შესაბამისად, ევროსასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი იქნება აღნიშნული დავების მორიგებით დასრულებაო. სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილია უამრავი საჩივარი, რომელთა შორის არის ისეთი საქმეები, სადაც აშკარაა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. პირადად ჩემთან ასეთია პაატა როსტომაშვილისა და მალხაზ ბადუაშვილის საქმეები, რომელთაც 14 და 17 წლის პატიმრობა შეეფარდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა. ევროპულმა სასამართლომ დაამთავრა მათი საქმეების განხილვა და საქართველოს მთავრობას მიმართა კითხვით - რატომ არ გადაამოწმეს ამ ადამიანების ალიბები? ამ საქმეების განხილვა სწორედ იმ დროისათვის დასრულდა, როდესაც თეა წულუკიანი მუშაობდა ევროსასამართლოში. ის უშუალოდ მონაწილეობდა განხილვაში და კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები უკანონოდ იხდიან სასჯელს.
- ევროსასამართლოში უამრავი საქმეა წასული...
- ევროსასამართლოში ბევრი საქმეა წასული, მაგრამ დასრულებულია საჩივრები, ძირითადად ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა). მე-6 მუხლით - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ძალზე ცოტა საქმეებია განხილული, დაახლოებით - 100-მდე. საქმეებზე მეგობრული მორიგების მიზნით, მესხორაძის დეპარტამენტმა შემოგვთავაზა არაადეკვატური წინადადება, კერძოდ კომპენსაციის სახით - 5500 ევროს გადახდა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პირობები: უკანონო პატიმრების გათავისუფლება და მათთვის თუნდაც მინიმალური ოდენობის კომპენსაციის გამოყოფა. ისე კი, მილიონის კომპენსაციაც ვერ აანაზღაურებს იმ მორალურ ზარალს, რასაც უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანი განიცდის. იმედია, ახალი ხელისუფლება შეასრულებს პირობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
- თქვენი აზრით, რა ან ვინ აფერხებს ამ პროცესს?
- სამინისტროს გუნდი, კერძოდ, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე არის ადეიშვილის კადრი. სწორედ ის გამოდიოდა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოში და ამტკიცებდა საქართველოს ხელისუფლების კანონიერ მოქმედებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. დღეს ეს კაცი ისევ ამ თანამდებობაზეა და ისევ ძველებურად განაგრძობს საქმიანობას. ჩვენი ხელისუფლება არის მიწვეული ევროსასამართლოში იმ მიზნით, რომ წარადგინოს თავისი წინადადებები მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ კი მიიწვია ხელისუფლება, მაგრამ თვითონ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. შეთავაზებები არის არაადეკვატური - მხოლოდ მინიმალური თანხები. ამ საქმის მოგვარებას ისევ ადეიშვილის კადრები უშლიან ხელს, საბოტაჟს ახორციელებენ, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ადამიანების მიმართ ჩადენილ უკანონობაში.
- ახალი ხელისუფლების პირობებშიც თუ იგზავნება საჩივრები ევროსასამართლოში, ანუ სიმართლის ძიება ქვეყნის ფარგლებს გარეთ კვლავ აქტუალურია?
- რა თქმა უნდა. ევროსასამართლოში კვლავ იგზავნება საჩივრები. სასამართლო ხელისუფლებაში ხომ არაფერი შეცვლილა? ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე მოსამართლეები არიან, ისევ ხდება მტკიცებულებების გარეშე უკანონო განაჩენების გამოტანა და კვლავ არსებობენ სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობით უკმაყოფილო ადამიანები.