"ჯონდი ბაღათურია "რესპუბლიკელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ფულის მოპარვაში ადანაშაულებს".

"ყველაზე ცუდი, უსინდისო და უგუნური არის ის, რომ ხალხმა თავისუფლებისა და სოციალური კეთილდღეობის იმედით უპირატესობა მიანიჭა იმ ადამიანებს, რომლებიც პირად კეთილდღეობასა და გამდიდრებაზე ფიქრობენ. საქმე შემდეგშია… აქამდე "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებდა ბიზნესის 80%-ს. მათ ქონება დააგროვეს ყაჩაღობისა და ქურდობის გზით. ნაწილი მიითვისა პრეზიდენტის დედამ, ნაწილი - ოჯახის სხვა წევრებმა და თანაგუნდელებმა. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნება" აღმოჩნდა დილემის წინაშე, ან დაებრუნებინა წართმეული ქონება სახელმწიფოსთვის და კონკრეტული პიროვნებებისთვის ან გარიგებაში შესულიყვნენ. სამწუხაროდ, მათ აირჩიეს გარიგების გზა. დღეს მიმდინარეობს წილების გადანაწილება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ამას ვციტირებ, "ასეა საჭირო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად გადარჩესო", - აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ჯონდი ბაღათურია "რესპუბლიკელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ფულის მოპარვაში ადანაშაულებს".

"მოდით, ასე დავსვათ საკითხი, დღეს ვის შეუძლია, დაეხმაროს რომელიმე ბანდიტს ქონების შენარჩუნებაში, რომელსაც ძალიან ბევრი ნაქურდალი ქონება აქვს? ბუნებრივია, ეს შეუძლია იმ ჯგუფს, რომელიც დღეს მართავს პროცესებს, ასეთი კი "რესპუბლიკური პარტიაა". დღეს სწორედ ისინი მართავენ პროცესებს და არა ბიძინა ივანიშვილი. სახელსა და გვარებზე გადასვლას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. რთულია დღეს დაასახელო კონკრეტული პიროვნების გვარი, თუმცა პროცესებს რომ "რესპუბლიკელები" მართავენ, ხომ ცხადია?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.

"პირველ კორუფციულ სკანდალში რომ "რესპუბლიკური პარტია" გაეხვია, ესეც ყველამ ვნახეთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაბარებული ჰქონდათ "რესპუბლიკელებს". მინისტრიც მათი კადრი იყო. პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელიც ცალსახად მათი კადრია და ამას არც არავინ უარყოფს. არ ვარ ინფორმირებული, არის თუ არა კირვალიძე დამნაშავე შექმნილ მდგომარეობაში, მაგრამ ვიცი, რომ "რესპუბლიკელებმა" ამ სამინისტროს შეხედეს არა როგორც მიბარებულ საქმეს, არამედ როგორც საკუთარ ტორტის ნაჭერს. არა მგონია, ვინმემ უარყოს, რომ "რესპუბლიკელებს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ფული აქვთ ნაქურდალი. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომხდარი ფაქტების შესახებ მიმდინარეობს გამოძიება და გაირკვევა ყველაფერი", - დასძენს რესპონდენტი.