დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას ღრმა ისტორიული კავშირები აკავშირებთ, რომელიც აგებულია საერთო ღირებულებებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ საერთო ერთგულებასა და აგრესორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საერთო ისტორიაზე. ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი განიხილოს თავისი გავლენის სფეროდ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ერთობლივ მუშაობას უკრაინაში სტაბილურობის დასაცავად და მდგრადობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე დემოკრატიის გასაძლიერებლად. ამ მიზნით, ჩვენ დღეს შევთანხმდით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის კოორდინაციას, ჩვენი თანამშრომლობის გაზრდას კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის ფონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.