ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოირგებს ოპოზიციონერის მანტიას და ეს როლი მისთვის გახდება გარკვეული საფარი, თუ ინდულგენცია, რათა შესაბამის პასუხისმგებლობას გაექცეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რა დატვირთვა აქვს ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე გიორგი გახარიას მიერ მკაფიო პასუხების გაცემას იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თან ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
„2019 წლის აგვისტოში საგუშაგოს გამო მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დავკარგეთ და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკავშირდება იმ საეჭვო გადაწყვეტილებას, რაც ბატონ გახარიას უკავშირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწის თითოეული გოჯი. ნებისმიერი სპეკულაცია და იმის მტკიცება, თითქოს ეს არის პოლიტიკური სარჩულით მიმდინარე პროცესი, უკიდურესად არასერიოზული და აბსურდულია. გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება. მისასალმებელია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები. ეს არის შესაძლო საბოტაჟის დანაშაული, ასევე უცხო ძალების დახმარება მტრულ საქმიანობაში. ყველამ უნდა გაიგოს, ვის რა წვლილი მიუძღვის მათ შორის ჩორჩანას ეპიზოდთან, ასევე სხვა ფაქტებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წყობილებას გარკვეულ საფრთხეს უქადდა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოირგებს ოპოზიციონერის მანტიას და ეს როლი მისთვის გახდება გარკვეული საფარი, თუ ინდულგენცია, რათა შესაბამის პასუხისმგებლობას გაექცეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი უკვე გამოიკითხნენ.
2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხებს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითი კომისიაც სწავლობს. საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საკითხი 11 ივნისს განიხილა.
სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“