დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს.

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინის მახლობლად მდებარე სასაზღვრო რეგიონებიდან გადიან. რუსეთის სამხედრო გაძლიერებას შენელების ნიშნები თან არ ახლავს. რუსეთს შეუძლია ეს კრიზისი კიდევ უფრო გააჭიანუროს კვირებისა და თვეების განმავლობაში, რათა უკრაინას ძირი გამოუთხაროს და დასავლეთის ერთიანობას გამოწვევა შეუქმნას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯიმ ჰოკენჰალმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს.

16 თებერვალს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფანჯარა ღია რჩება.

15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ადგილზე დეესკალაცია ჯერ არ შეინიშნება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ჯერჯერობით არ შეინიშნება.